სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფონდი „ნატახტარი“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

243.000 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების უკეთესი მომავლისთვის

27 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია „ნატახტარმა“ და ასოციაციამ „ჩვენი სახლი - საქართველო“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ პირებს საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ჩააბარეს. ამასთან, მოწვეულ სტუმრებს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადების ხელშეწყობისთვის განხორციელებული პრექტებიც გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნატახტარმა“ ფონდი „ნატახტარი“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა და მზრუნველობამოკლებული მოზარდების მხარდაჭერისკენ მიმართული საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებაც სწორედ ამ დღიდან დაიწყო. ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1,3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0,5ლ; 1ლ და 2ლ). პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

პრესკონფერენციის დროს ასევე ცნობილი გახდა მეორე ეტაპის, 2012 წლის ნოემბრიდან, 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, შეგროვებული თანხის მოცულობა. პრესკონფერენციის სპიკერებმა ასევე ისაუბრეს „ფონდი ნატახტარის“ მიმდინარე წლის გეგმებსა და თანხის შეგროვების სხვა მექანიზმებზეც.

თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი:

„ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოების წინაშე ფინანსური ანგარიშით წარვსდგეთ. ორი წლის განმავლობაში შეგროვებულმა თანხამ 243.000 ლარი შეადგინა. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორია აუდიტორული კომპანია „პრაის ვოტერ ჰაუს კუპერი“, რომელიც ფონდის აუდიტითაა დაკავებული.

ფონდი 16-18 ასაკის მოზარდების დახმარებაზეა ორიენტირებული, რადგან ეს არის ყველაზე კრიტიკული ასაკი. როდესაც მოზარდი 18 წლის სრულდება, იგი უკვე მზად უნდა იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად . ვცდილობთ ეს არეალი თანდათან გავაფართოვოთ და წელს მუშაობას 15-18 წლის მოზარდებზეც დავიწყოთ. პროექტის სიძლიერე ისაა, რომ თითოეული მოზარდი თითოეული ქეისია. ეს ქეისი არ იხურება სანამ მოზარდი დამოუკიდებლობას არ მიაღწევს. ამ შემთხვევაში ყურადღებას იმ მოზარდებზე გავამახვილებთ, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ინსტიტუტებსა თუ უნივერსიტეტებში ისწავლიან.

გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ კომპანიებში უკვე მოხდა რამდენიმე მათგანის დასაქმება და მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი თავის რჩენა.“

მანანა ომარაშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“:

„ფსიქოლოგიური სამსახური ზრუნავს მოზარდების უნარის შეფასებაზე, ფიქრობს, თუ რომელი პროფესია შეესაბამება ამა თუ იმ მოზარდს, მაგრამ მთავარი მიზანი მათი დამოუკიდებელი ცხოვრების რელსებზე გადაყვანაა. მოზარდისთვის მთავარი მარტო პროფესიის შერჩევა არ არის - ის პიროვნულადაც უნდა იყოს მზად დამოუკიდებელი ცხცოვრებისთვის.

სულ ჩვენს დაქვემდებარებაში 10 საოჯახო სახლია. 2012 წელს ვმუშავეთ 72 მოზარდთან. აქედან 10 ქეისი დახურლია - 6 ბენეფიციარი მუშაობს, ხოლო 4 გოგონა გათხოვდა და უკვე დაადგა დამოუკიდებელ ცხოვრებას. დანარჩენი 62 მოზარდიდან 4 დასაქმებულია, 10 უკვე მზად არის საქმიანობას 2-3 თვეში შეუდგეს, 2 მათგანს სამსახური სექტემბერში ელოდება, ხოლო 6 ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება“

ლელა მერაბიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“:

„ გადაწყვეტილებას თავად მოზარდები იღებენ და ჩვენ არ ვერევით მათ არჩევანში. თუმცა, ფსიქოლოგიური გუნდი დაკვირვებით მუშაობს, რომ მათივე არჩევანს სრულყოფილება მისცენ. ამის გარდა, ისინი ჩვენგან იღებენ სრულ სერვისს: ხელობის შესწავლა, საგნებში მომზადება, მართვის მოწმობის აღება, სტაჟირება, ინვენტარისა და სახელმძღვანელოების შეძენა, გზის ხარჯი.

მოზარდებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა ინტერნეტ-ტექნოლოგის სპეციალობაზეა. დატვირთვები მოდის ისეთ სპეციალობებზე, რომელიც აქტიურად გამოიყენება დღევანდელ საყოფაცხოვრებრო პირობებში: ავტოშემკეთებელი, მზარეული, მასაჟისტი, სტილისტი, კოსმეტოლოგი, დურგალი, ტყავის დამუშავების დიზაინი.

ასევე მრავალფეროვანია მათ მიერ მოთხოვნილი საგნების შესწავლაც: ინგლისური, მათემატიკა, ქართული, რუსული, ქიმია-ბიოლოგია, ისტორია, უნარები. არის შემთხვევბი, როდესაც მოზარდი ჩამორჩენია თავის ასაკის შესაფერის განათლებას და ამ შემთხვევაში მათი მომზადება გაძლიერებული სწავლებით ხდება და იყო შემთხვევები, როდესაც ექსტერნად ჩაუბარებიათ გამოცდები.

ასევე გვინდა გამოვყოთ ის ორგანიზაციები, თუ კერძო ფირმები, რომლებიც თავის მხრივ იღებენ ქველმოქმედებას. ისინი შეღავათს უწევენ მოზარდების სწავლებას და ამით ერთგვარ ბონუსებს ჩუქნიან მათ.“

პრესკონფერენციის დასასრულს თორნიკე ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ „ფონდ ნატახტარს“ კიდევ აქვს რამდენიმე მექანიზმი მზრუნველობამოკლებული მოზარდების ხელშეწყობისთვის ფინანსების მოსაძიებლად და ამ პროექტებს უახლოეს მომავალში შეიტყობს საზოგადოება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100