სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

14 ივლისს, 12:30 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში (მის: ზ.გამსახურდიას სანაპირო #4) ფილმის „სხვისი სახლი" შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ფილმი რამდენიმე დღის წინ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში East Of The West საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და ფესტივალის პრიზით „ბროლის გლობუსით" დააჯილდოვეს.
კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად.
გამარჯვებული ფილმის შესახებ არაერთი დადებითი რეცენზია დაიწერა, მათ შორის ცნობილ ამერიკულ გამოცემაში The Variety. "ფიპრესის" კინოკრიტიკოსთა შეფასებით კი „სხვისი სახლი" 3.40 ქულით კინოფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების რეიტინგის ლიდერი გახდა.
პრესკონფერენციას დაესწრება ფილმის რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი, ფილმის მთავარი მხატვარი გოგი მიქელაძე, ასევე მსახიობები ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, მალხაზ ჯორბენაძე, კატო ჯაფარიძე, სანდრო ხუნდაძე...
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები ფილმის შემოქმედებით ჯგუფს, ასევე მიიღონ ინფორმაცია „სხვისი სახლის" საფესტივალო კარიერის შესახებ.
„სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება."სხვისი სახლი" - ერთგვარი გამოწვევაა მსოფლიოსათვის, სადაც ომი მთავრდება, მაგრამ მას დასასრული არ აქვს და სადაც შესაძლებელია, ცხოვრობდე სახლში, რომელიც ჯერ კიდევ სხვისი სახლია და რომელიც ყოველთვის სხვის სახლად დარჩება." (Jessica Kiang,VARIETY, JULY 5, 2016)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100