რადიკალური ოპოზიციის გედის სიმღერა...

“დრონი. ჯი”-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გამიჯნული პოლიტ-პერსონების გაბუტვის ერთ-ერთი მიზეზი ნინო ბურჯანაძის მენტორული ტონი და ის პოლიტიკა გახდა, რომლის მიხედვითაც: “ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს”. წყარო გვისახელებს რადიკალების დაშლის მეორე მიზეზსაც – ოპოზიციის პირველი პირები საერთო ლიდერზე ვერ შეთანხმდნენ.
ვითარება ასეთი იყო: საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა აერჩია ერთი ლიდერი, რომელიც საერთო ოპოზიციურ მოძრაობას ჩაუდგებოდა სათავეში. ეს უცხოელებს იმისათვის სურდათ, რომ მათ, გამოკვეთილი ლიდერის სახით ნათლად ჰქონოდათ წარმოდგენილი თუ რა ძალა უპირისპირდება ხელისუფლებას – პროდასავლური თუ პრორუსული.
ლიდერობა ბევრს სურდა ოპოზიციაში. როგორც წყარო გვიყვება, ბურჯანაძის აზრით, ვინაიდან მთავარი დამფინანსებელია, ლიდერიც ის უნდა ყოფილიყო, “გრეჩიხების” რწმენით, ხალხი მათ ირგვლივ ბრუნავს და შესაბამისად, ბატონი ლევანი უნდა გამხდარიყო “ოპოს” ბოსი. სანიკიძის ხალხი მიიჩნევდა, რომ 9 აპრილს მან ძალიან ბევრი ხალხი მიიყვანა მიტინგზე, რომ მას თბილისში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და ლიდერობაც მას ეკუთვნოდა, თუმცა, ყველა ზემოთჩამოთვლილს ლიდერობაში ალასანიაც ეცილებოდა, რომელსაც ალბათ სერიოზულად სჯერა, რომ მისი “დავარცხნილი” კომენტარები ის საფირმო ნიშანია, რომელიც უცხოეთში კარგად იყიდება.
სწორედ ამ საკითხების ირგვლივ რადიკალების “დაშლა-არმოშლას” წინ დაძაბული კონსულტაციები უძღოდა. კონსულტაციებს სანიკიძე არ ესწრებოდა. როგორც ჩანს, მან “განაჩენი” წინასწარ იცოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე “გრეჩიხები” კატეგორიულად ამტკიცებდნენ ოპოზიცია ერთიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთო, დღეს უკვე ნათელი გახდა - მათი ე.წ მიზანი უტოპიური ოცნებაა, ხოლო მათი ერთიანობა - ზღაპარი, რომელიც შესაძლოა, არც თუ კეთილად და ტკბილად დასრულდეს ოპოზიციისთვის.
რადიკალთა ერთი ნაწილის აზრით, მართალია, აქამდე მხოლოდ ლეიბორისტებს “აყვირებდნენ”, მაგრამ გავლენის მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდა - ახლა ალასანიას ალიანსი და ფორუმი შეაბეს უღელშიო.
ბურჯანაძისტების მტკიცებით, ალასანია და სანიკიძე ხელისუფლებამ “დაკერა”, “დაკერილ-დაკემსილი” ალასანია-სანიკიძის მხარდამჭერები კი აცხადებენ - ჩვენ ჩვენი გზა და კვალი გვაქვს და “ახალ ველოსიპედს” გამოვიგონებთო.
რისი “გამომგონებლებიც” არიან, უკვე ვნახეთ, თუმცა, მათ, როგორც ჩანს, მაინც სჯერათ რომ ისინი უფრო დიდები, ძლიერები და ეროვნულები არიან, ვიდრე “გრეჩიხები~ და ბურჯანაზე.
ასეა თუ ისე, ფაქტი აშკარაა – ოპოზიცია დაიშალა. დაიშალ-დაიქსაქსა მათი მიმდევრებიც. ერთიანი ოპოზიციის ტორტის ნაჭრებად დაჭრას კი წინ უძღოდა მეტად რთული კითხვა – ვინ არის ჭეშმარიტი ოპოზიციური ლიდერი?
თუ ვინ არის “პირველი სკრიპკა” ოპოზიციაში, ეს თავად ოპოზიციის ლიდერებმაც არ იციან, რადგან ყველა მათგანს რეალობის შეგრძნება თითქმის დაკარგული აქვთ. ყველანი - გამიჯნულებიც და გასამიჯნებიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ არაფერი სურთ, გარდა იმისა, რომ საზოგადოება ერთ დიდ მასად გადაიქცეს და ეს მასა მათი პოლიტიკური ფიანდაზი გახდეს.
თუმცა, ე.წ. გაერთიანებულმა და რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი გედის სიმღერა 26 მაისს უკვე დაასრულა.

კომენტარი