სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ–მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან

''მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ბიზნესზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს. ჩვენი მთავრობის ამოცანაა, ბიზნესი მაქსიმალურად გავათავისუფლოთ და არ შევუქმნათ მას დამატებითი ბარიერები'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა ახალი ხელისუფლების მიერ განხორცელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ხელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კერძო სექტორისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის - პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო რეგულაციები კონკურენციის შესახებ და ახალ სტრუქტურად ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტო; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო; ბანკებს მოეხსნათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების შეზღუდვა; უფრო მასშტაბური ხდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა; 2014 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014-ის რეიტინგში საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. მათ შორის, მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, აგრეთვე, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით”, - განაცხადა პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ შესახებაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა ქვეყანას ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანს.

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომელთა გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.

„განვლილი თვეების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების ზოგიერთი საკითხი; ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენის პრობლემა; დახვეწა სჭირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმებს. ჩვენს წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რომელთა დაძლევა მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობით გაცილებით ეფექტიანად შეიძლება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მერწმუნეთ, ხელისუფლება ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100