კარადაში დამალული საყვარლისა და უსაფრთხოების ღვედის რეკლამები ევროპაში დღემდე საუკეთესოა

ბოლო დროს კრეატიული სარეკლამო რგოლები საკმაოდ მომრავლდა. თუმცა, აგერ უკვე მეორე წელია, ევროპაში საუკეთესოდ ითვლება ფრანგული ტელეარხის Canal+ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ყმაწვილი გათხოვილი ქალის საძინებელში მდგარ ტანსაცმლის კარადაში. ეს ვიდეორგოლი არც ღალატის, არც ტანსაცმლის კარადისა და, მით უმეტეს, არც ტყუილის რეკლამა გახლავთ - ვიდეორგოლია, რომლის შინაარსიც მახვილგონივრულადაა მოფიქრებული და გადაღებული.

2009 წელს Eurobest-2009 კონკურსზე ამ სარეკლამო ვიდეორგოლმა გრან-პრი აიღო, ფესტივალის ყველაზე პრესტიჟულ - TV/Cinema ნომინაციაში. მომდევნო წელს იგივე კატეგორიაში გამარჯვებულ რგოლს არც სპეციალისტები და არც მაყურებლები მიიჩნევენ 2009 წლის გამარჯვებულ ვიდეორგოლზე უკეთეს ნამუშევრად. ბევრი სპეციალისტი ასკვნის, რომ გამარჯვებული ისევ ეს (კარადაში დამალული საყვარლის) ვიდეორგოლი უნდა გამხდარიყო და ასე უნდა გაგრძელებულიყო მანამ, სანამ უკეთესს არ გადაიღებდნენ.

მოგეხსენებათ, მსგავსი კონკურსები სოციალურ ქსელებშიც ტარდება. ჯერ არ გამოკვეთილა (ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჯერ არ გაცხადებულა), რომელია „ფეისბუქის“ ლიდერი სარეკლამო რგოლი, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, ამ სოციალურ ქსელში სპორტული ფეხსაცმლის Foot Locker-ის სარეკლამო რგოლია პოპულარული, რომელზეც „დრონი.ჯი“-მ ერთხელ უკვე დაწერა.

სარეკლამო ვიდეორგოლების უმრავლესობა, პირველ რიგში, YouTube-ზე იტვირთება და სწორედ ეს ვიდეოპორტალი გახლავთ პირველი ბარომეტრიც. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებმა ისიც გამოთვალეს, რომ 2010-2011 წლებში დამზადებულ სარეკლამო ვიდეორგოლებში უსაფრთხოების ქამრის სააგიტაციო-სარეკლამო რგოლი ლიდერობს - სწორედ მას აქვს ყველაზე მეტი ნახვა. სარეკლამო რგოლში ასახული პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია.

„დრონი ჯი“ გთავაზობთ ბმულებს:

Eurobest-2009 გამარჯვებული ვიდეორგოლი კარადაში დამალული საყვარლის შესახებ

YouTube-ს ვერსიით, 2010 წლიდან დღემდე საუკეთესო რგოლი უსაფრთხოების ქამრის შესახებ

კომენტარი