სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე ბოდიშს იხდის - რა მდგომარეობაა ელექტროსისტემაში ამ დროისთვის?

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროსისტემის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, საქართველოს ენერგოსისტემაში გუშინ მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას მიმართოს.
აღნიშნული მოწოდებით კალაძემ საქართველოს ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორ, სულხან ზუმბურიძეს დღეს, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვერდაზე მიმართა და სთხოვა, რომ ავარიის მიზეზების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლომდე მიაწოდოს.
"გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა იყო მაღალი გადამცემი ხაზის გათიშვის ძირითადი მიზეზები. თუ საჭიროა და თუ გაქვთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დივერსია, ჩართეთ საგამოძიებო უწყებები და მოგვახსენეთ დღის განმავლობაში", - მიმართა კალაძემ სულხან ზუმბურიძეს.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, წუხელ დაზიანებული 3 გადამცემი ხაზიდან 1 აღდგენილია, დანარჩენი 2-ის აღდგენის მიზნით კი სამუშაოები მიმდინარეობს.
"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ღამით ელექტროსისტემაში შეგვექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომლის გამოც თითქმის მთელი საქართველო დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ასეთი მასშტაბური ავარია ბოლოს ჩვენ გვქონდა 2010 წელს სამჯერ - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. ჩვენ რამდენიმე საათში მოვახდინეთ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ამ ეტაპზე მოსახლეობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს დენი შეუფერხებლად მიეწოდება. დაზიანებულია 500 კილოვოლტიანი ხაზი "იმერეთი" - მარტვილის რაიონში 106-ე ანძასთან გაწყვეტილია ხაზები, ასევე დაზიანებული იყო 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი "კოლხიდა" და "პალისტომი". კოლხიდას აღდგენა მოხდა გუშინ ღამესვე, პალიასტომსა და "იმერეთზე" კი მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის განმავლობაში დასრულდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ასევე ბოდიში მოვუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გამოწვეული ავარიისა დ იმის გამო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიწოდებოდათ", - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100