სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს უნდა ვაცხადებდეთ განგაშს! უნდა ვტიროდეთ ყველანი ერთად იმ გარდაცვლილი ადამიანების სულებზე, რომლებსაც არ ვიცნობდით, მაგრამ კარგად ვიცნობთ მათ პრობლემებს, რომლებზეც წლებია ვხუჭავთ თვალებს და ვდუმთ!"

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი და ასოცირებული ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი პირველი არხის ოპერატორის გარდაცვალების შესახებ წერს და მსოფლიო ჯანდაცვლის ორგანიზაციის კვლევის შესახებ საუბრობს:
"27 ოქტომბერს პირველად გავაზიარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის - სანდრო ბერაძის გაუჩინარების შესახებ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია. მე სანდროს არ ვიცნობდი, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა - ისევე მინდოდა ყოფილიყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მშვიდობით, როგორც მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. დღეს ვიგებთ, რომ სანდრო გარდაცვლილი იპოვეს! ტყეში. მერე ვიგებთ, რომ ეს ტრაგედია უკავშირდებოდა აზარტულ თამაშებს. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა ყველაფერი ეს, ყოველ შემთხვევაში სანდროს დედა ამაზე მიუთითებდა, ქსელში რამდენიმე ჩემმა მეგობარმაც ამაზე დაწერა და ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ ახალგაზრდა კაცმა უბრალოდ რაღაცას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეც ვერ გავუძელი იმის ცდუნებას, რომ მთელი ეს ბრაზი და უარყოფითი ემოცია, რომელიც დამიგროვდა ამ ტრაგედიის შემდეგ, ჩამედო აი ამ ვრცელ პოსტში!

2000 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) პირველად აღიარა და უწოდა გემბლინგს - თამაშით გამოწვეულ აშლილობას, დაავადება. ამ დაავადების შედეგად მთელ მსოფლიოში იკლავს თავს ათასობით ადამიანი: შტატებში მოთამაშეების 20% ავლენს თვითმკვლელობის მიდრეკილებას. შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თვითმკვლელობის შემთხვევებმა 19-ჯერ იმატა 20-დან - 49 წლამდე მამაკაცებში და 15-ჯერ ყველა ასაკის მამაკაცებსა და ქალებში. რატომ გვგონია, რომ გამონაკლისი ვართ? რატომ გვგონია, რომ უფრო მეტი გონიერება გვაქვს და უფრო მეტად არიან დაცულები ჩვენ ქვეყანაში (მეტწილად) ახალგაზრდები, ვიდრე სხვა ქვეყანაში?!

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში კატასტროფულად მაღალია მოზარდების დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ. მათ მიერ გამოკითხული 14-18 წლის 500 მოზარდიდან 48% ონლაინ აზარტულ თამაშებს თამაშობს, მაგრამ, ამასთან, თითქმის ყველა მათგანი ამ აქტს გართობას უწოდებს.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციაზე დაყრდობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ასე „ერთობა“ ნახევარი მილიონი ახალგაზრდა - 2018 წლის მონაცემებით, საქართელოში ონლაინ-თამაშებში 500 000-ზე მეტი პირი იყო ჩართული, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი კი 20 წლამდე ასაკის ადამიანი იყო (ანუ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად დაუსაქმებელია და არ გააჩნია პირადი შემოსავალი). ვერაფერს გეტყვით, რა ვითარებაა ამჟამად, მაგრამ მეეჭვება კლებისკენ გვქონდეს საქმე. ეს არის დაცულობა? ეს სტატისტიკა გიტოვებთ დაცულობის შეგრძნებას?

მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა თითქმის არაფერი იციან საკუთარი ტვინისა და გონების შესახებ. არ იციან, როგორ მანიპულირებენ მათი ქცევით და, შესაბამისად, წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ შეიმუშაონ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ბლოკი. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ნებისმიერი მოთამაშე უფრო მეტს აგებს, ვიდრე იგებს. ეს აქსიომაა. თუმცა, მოთამაშის ტვინში, თუნდაც იშვიათი მოგებისა და გამარჯვების შედეგად გამოყოფილი დაჯილდოების ჰორმონი (დოფამინი) უბიძგებს მას თამაშისკენ.

ასე ყალიბდება ზოგადად ქცევა, თამაშის ქცევა, რომელსაც, მეცნიერების თქმით, ისეთივე დამოკიდებულება გააჩნია, როგორიც ოპიატს (მარტო 2016 წელს, აშშ-ში მოთამაშეებმა დაკარგეს თუ წააგეს, როგორც გენებოთ, 117 მილიარდი (!) დოლარი. აქედან 85% სლოტ აპარატებზე). ამიტომ ეს დაავადებაა, რომელსაც ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ. საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ალკოჰოლზე, სიგარეტზე მოთხოვნას და მათზე მითითებულია რისკები. რისკების კომუნიკაცია სავალდებულოა მაღალი რისკის მქონე საქმიანობის მწარმოებელი კომპანიებისთვის. მაშინ რატომ არ არის მითითებული ონლაინ სამორინეებზე და სხვაგანაც, ბილბორდებზე ის, რომ (ფულზე) თამაში იწვევს დამოკიდებულებას? ვინმეს, სადმე, ოდესმე გინახავთ მსგავსი მესიჯები?

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - პრობლემური მოთამაშეები უფრო მეტად ავლენენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის მოთამაშე. როგორ ხდება პრობლემური მოთამაშის ჩამოყალიბება? ტრანსფორმაციის გზა - გართობიდან-დამოკიდებულებამდე, ყოფითი ენით რომ მოგიყვეთ, დაახლოებით ასეთი იქნება: ჯერ ხარჯავს თავის ფულს, მერე იღებს ვალს მეგობრებისგან, მერე იღებს სესხს ბანკიდან, მერე მიკროსესხ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, მერე გააქვს და ყიდის ნივთებს სახლიდან, მერე დებს სახლს ბანკში... მერე თავს იკლავს, სანამ სხვამ მოკლა ჩაუბარებელი თავანის გამო. და ასე ცხოვრობს მთელი ქვე-ყანა, უფრო სწორად ქვე-ყანაში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი.

გემბლერები, მოთამაშეები თვითმკვლელობის მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან. მათთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. მეტიც - მათ ოჯახებთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ისევე, როგორც მუშაობენ, მაგალითად, ნარკოტიკზე დამოკიდებული პირის ოჯახის წევრებთან ზიანის შემცირებაზე და თანადგომაზე. დღეს უნდა ვაცხადებდეთ განგაშს! უნდა ვტიროდეთ ყველანი ერთად იმ გარდაცვლილი ადამიანების სულებზე, რომლებსაც არ ვიცნობდით, მაგრამ კარგად ვიცნობთ მათ პრობლემებს, რომლებზეც წლებია ვხუჭავთ თვალებს და ვდუმთ!"- წერს გიორგი კალატოზიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100