სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის აქციების 100% "ქართუში" და 21.7% „პროგრეს ბანკში" დაყადაღებულია

აღსრულების ეროვნული ბიურომ ივანიშვილის საქმეზე სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ბანკი ქართუსა" და სს „პროგრეს ბანკის" ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ს ფლობს სს „ქართუ ჯგუფი", რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს „პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს.

ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია.

ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში".

აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. ასევე გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება.

აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, სააღსრულებო სამსახური შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ."

წყარო: http://internet.ge/index.php?l=GE&m=1&sm=0&ID=6026

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100