სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ია სუხიტაშვილი: ნერვები მეშლება ჩასაფრებულ მაყურებელზე...

ის ქართულ თეატრში დიდი როლებით მოვიდა. ჯულიეტა - თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე და შემდგომ კინომსახიობთა თეატრში. ოფელია - რუსთაველის თეატრში... ასეთ სტარტს ბევრი იოცნებებს. ის ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ვისაც აღიზიანებს, ისინიც ვერ უარყოფენ, რომ იგი ნამდვილი აქტრისაა. ეს თვითონაც კარგად იცის და სულაც არ თამაშობს თავმდაბლობანას. არ გჯერათ? „ბარამბოს“ რეკლამის არ იყოს - ნუ დაუჯერებთ სხვას, დაგვიჯერეთ ჩვენ... `დრონი.ჯი~ ია სუხიტაშვილს ესაუბრება.

ია სუხიტაშვილი: ჩემთვის თეატრი სტურუათი იწყება, რადგან ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, სადღაც 2 კვირაში ამ თეატრში მოვხვდი და ყველაფერი დაიწყო რობერტ სტურუასთან ერთად. ბევრს კამათობენ, ესა თუ ის სპექტაკლი გამოუვიდა თუ არა ბატონ რობერტს, ყოველთვის ვამბობ, შედევრები ყოველთვის არ იწერება, არ იხატება, არ იდგმება, მაგრამ რასაც სტურუას სპექტაკლში არასოდეს წააწყდები, ეს არის გოიმობა, მისი სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩევა გემოვნებით, ზოგჯერ დროს უსწრებს, ზოგჯერ თვითონ მსახიობებსაც უჭირთ დაეწიონ მის აზროვნებას...
ჩემთვის თეატრი არის ეს ადამიანი. მე ყოველთვის ვამბობ, მე არც რუსთაველის თეატრის სივრცის და არც ამ ჩუქურთმების ხამი ვარ, მე ვარ ერთადერთი ადამიანის ხამი, ეს არის რობერტ სტურუა. ხშირად მიფიქრია, როცა რობერტ სტურუა არ იქნება ამ თეატრში, ალბათ, იქ დავამთავრებ ჩემს თეატრალურ მოღვაწეობას-მეთქი, უბრალოდ, როცა მომენატრება, მერე დავუბრუნდები და ხანდახან 2-3 წელიწადში ერთხელ ვითამაშებ-მეთქი. სამწუხაროდ, შეიძლება ვცდები, მაგრამ, იცი, ძალიან რთულია, რობიკოს მერე...
- ერთ სიმღერაშია, „ვინ მიყვარდა, ვის ვუყვარდი, ახლა ვის ვეფერები...“ მართლაც, ძალიან რთული იქნება არტისტისთვის სხვასთან მუშაობა, როცა იგი განებივრებულია სტურუასთან მუ¬შაობით.

- ძალიან რთულია. იმიტომ კი არა, რომ სხვასთან ვერ იაზროვნებ, ან ვერ გააკეთებ, რაღაცას ყოველთვის მოახერხებ, უბრალოდ დააკმაყოფილებს კი რაღაც-რაღაცებს ის სხვა ადამიანი? განებივრებას რაც შეეხება, მაგაზე ხშირად მაქვს კამათი სხვებთან, თუნდაც სხვა თეატრის წარმომადგენლებთან, ამბობენ ხოლმე, თქვენ განებივრებული ხართ, ყველაფერს მზა ლუკმასავით გიდებთ პირში რობიკო, როგორ იმოძრაოთ, რა გააკეთოთ, როგორი ამოცანით. არაა ასე. მე არასოდეს შევსწრებივარ, რომ რობიკო მოდიოდეს და ზედმიწევნით გიხსნიდეს ახლა მარჯვენა ფეხი, ახლა მარცხენა ხელი, ახლა ასე გამიკეთე... ის არასოდეს გზღუდავს მსახიობს, რომ შენი მოიტანო, შენი გააკეთო. ყოველთვის გაძლევს იმის უფლებას, რომ იფანტაზიორო, პირიქით, სულ იმას ითხოვს, იფიქრეთ, მოდით მომზადებულები, სულ ჩემგან ნუ გინდათ, მე არაფერს გეტყვით. ის გეუბნება ერთ ფრაზას და იმდენად გხსნის, რომ მიჰყავხარ ფანტაზიაში, თუ, რა თქმა უნდა, გაქვს უნარი ფანტაზიორობის...

ოფელიაზე ორად ორი რამ მითხრა, ითამაშე, რომ არ ითამაშო და ნახე ბოტიჩელის ვენერა. მეტი არ უთქვამს არაფერი, მაგრამ ეს ორი იმდენად მაგარი რამ მითხრა, რომ ჩემთვის უკვე გასაგები გახდა რა უნდოდა ჩემგან. იგივე „ჯარისკაცში“ მე ერთი კვირა მესმოდა, ეს ანგელოზები არიან გამოგონილი პერსონაჟები, რაც გინდათ ის აკეთეთ. მერე რაღაცას ტოვებდა, რაღაცას არ ტოვებდა. ეს ადამიანი ყოველთვის გაძლევს საშუალებას იფანტაზიორო, მე არასოდეს შევუზღუდივარ და არ მახსოვს ვინმე შეეზღუდოს.
- განსახიერებული პერსონაჟებიდან რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

- ოფელიაზე წინ ვერავის დავაყენებ, ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამ როლით დავიწყე, ამბობენ, როგორც დაიწყებ, ისე წავა ყველაფერიო, მე მგონია, რომ ძალიან კარგად დავიწყე ამ მხრივ... ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, გაფიქრებასაც ვერ გავბედავდი, რომ 2 კვირის დამთავრებული რობიკოსთან მოვხვდებოდი, ასეთი ამბიციები არ მაწუხებდა. მაგრამ მახსოვს, კინაღამ გავგიჟდი, ვტიროდი, რეპეტიციებზე ძალიან უვარგისი ვიყავი, ვერ ვბედავდი, ვფიქრობდი, საერთოდ წავალ, თავს დავანებებ ყველაფერს, ისეთი ადამიანების გვერდზე მიწევდა ყოფნა, რომ ძალიან მეშინოდა.

ადვილი არაა იდგე ზაზა პაპუაშვილის, ნინო კასრაძის გვერდით, ასე უცებ გესმოდეს რობიკოსი... ჭამაც არაა ადვილი, არათუ ეს პროფესია. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გამოვიდა, ამიტომ მე ყველაზე მეტად ოფელია მიყვარს. პრემიერაზე, სიგიჟის სცენის მერე რომ ტაში გაისმა, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, ძალიან თბილად მილოცავდნენ...
- რის თამაშს ისურვებდი სამომავლოდ?
- ასე არ ვკონკრეტდები, უბრალოდ, ყოველთვის სახასიათო როლები უფრო მიტაცებდა, ვიდრე ჯულიეტები და ოფელიები... ყოველთვის მომწონდა სახასიათო როლები, თუნდაც მეორეხარისხოვნები, რომელსაც წინ წამოსწევ, თუნდაც შენ ფიზიკურ მდგომარეობას დაანგრევ. სულ მინდა ვითამაშო ისეთი პერსონაჟი, სცენაზე რომ გამოვალ, ვერ მიცნონ და პროგრამაში ჩაიხედონ, ამ როლს ვინ თამაშობსო. ამ დონის გარდასახვაზე ვოცნებობ.

- „ნუ დაუჯერებთ სხვას, დაგვი¬ჯერეთ ჩვენ“, ია სუხიტაშვილი ვის უჯერებს სპექტაკლის, ნამუშევრის შეფასებებში?

- აზრი ყოველთვის უნდა მოისმინო, მაგრამ მეორეა, გაიზიარებ და მიიღებ თუ არა მას. როცა საქებარს წერენ, მოგატყუო, რომ არ მსიამოვნებს? მსაიმოვნებს. თუ მომიწევს სხვა რეჟისორებთან მუშაობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რობიკოს აზრი. ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ ნახა `სტუმარ-მასპინძელი~... მაინტერესებს იგივე მუშის აზრი, ყველას აზრი, მაგრამ, როცა ძალიან ირევა აზრები, ვხვდები, რომ ძალიან შორს წავალ და ვწყვეტ მაგაზე ფიქრს, იმიტომ რომ ამით შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე.

ასე რომ, უნდა მოისმინო, მაგრამ უნდა შეგეძლოს ლავირება, რამდენად შემოუშვა ის ინფორმაცია, ან სად დაბლოკო, თორემ დაიბრიდები. დამიჯერეთ, უნიჭო მსახიობიც კი გრძნობს თვითონ, კარგად ითამაშა თუ ცუდად, ოღონდ არასოდეს არავინ არ გამოტყდება, და არცაა აუცილებელი გამოტყდეს... რაღაცაა, კუნთი არსებობს, რომელიც ყოველთვის გრძნობს, გამოვიდა თუ არ გამოვიდა, დღეს შედგა პრემიერა თუ არ შედგა. გემოვნების ამბავია, ვიღაცას მაგრად მოეწონა ბანძობა, აი, აღფრთოვანდა, ევასა, ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ შენ, მონაწილეს, მსახიობს ხომ გაქვს ეგ კუნთი, რომელიც გრძნობს, გამოვიდა თუ არა. მე, მაგალითად, ვგრძნობ და არავის თქმა არ მჭირდება, თუმცა გვერდით მყავს ორი ადამიანი, რომელიც არასოდეს მომატყუებს, არ მომეპირფერებიან, იმიტომ რომ ჩემთვის კარგი უნდათ. არასოდეს მანუგეშებენ ტყუილად.

როცა მიტირია, რომ რაღაც არ გამოსულა, უთქვამთ, კი, მართალი ხარ, უნდა იტირო, იმიტომ რომ მართლა არ გამოვიდა... აუცილებელია გყავდეს ასეთი ადამიანები, თუნდაც ერთი, რომელიც არ მოგატყუებს, თუმცა გეუბნები: მსახიობის, რეჟისორის ტანში არის ერთი კუნთი, რომელიც გკარნახობს, გამოვიდა თუ არა. მე, მაგალითად,Yარ ვთვლი, რომ „სტუმარ-მასპინძლის“ პრემიერა ჩემთვის არ შედგა, მე ჩემზე ვამბობ, სხვას არ ვეხები, არცერთ მათგანს, ვინც ამ სპექტაკლში თამაშობს. ყველაზე დიდმა შემფასებელმა, ვაჟას შვილიშვილმა დიდი მადლობები მიხადა, კი მივიღე ეს მადლობა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა? ოღონდ არის რაღაცა პროფესია, რომელიც მე არ ვიცი, რასაც ჰქვია რეჟისურა, რომელიც მსახიობის პროფესიაზე ბევრად ურთულესია. მე თუ მხოლოდ ჩემს პერსონაჟზე ვფიქრობ, მან ცხრავეზე უნდა იფიქროს, ასევე განათებაზე, მუსიკაზე, დეკორაციაზე, კოსტიუმზე, კი, იმას მხატვარი ქმნის, იმას - კომპოზიტორი, მაგრამ რეჟისორმა უნდა მოარგოს, გაამთლიანოს, ატმოსფეროს ყველაზე ზედმიწევნით ის უნდა გრძნობდეს.

მე სურვილიც არ მქონია არასოდეს რეჟისორობის, მე მსახიობი ვარ. მიმაჩნია, რომ ბევრად უკეთესად შეიძლებოდა გაკეთება.

- რეჟისორობის სურვილი ძალიან ბევრ მსახიობს უჩნდება. თან ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ არარეალიზებულ მსახიობებს ემართებათ, ვერიკო ანჯაფარიძეს ჰქონდა რეჟისორული მცდელობები და ვერიკოზე რომ თქვა, რეალიზებული არ იყოო, შენი ფეხით უნდა წახვიდე ასათიანზე.

- მე არ მომწონს, როცა კარგ მსახიობს უჩნდება სპექტაკლის დადგმის, რეჟისორობის სურვილი. შეიძლება იყო ძალიან მაგარი მსახიობი, ბდღვნიდე, მაგრამ ეს ცალკე პროფესიაა, ფარაჯანოვმა თქვა მაგარი რამე, რეჟისორად უნდა დაიბადოო. ურთულესი პროფესიაა და ცოტა არ ვამართლებ, როცა მსახიობებს უნდებათ უცებ რეჟისორობა ყოველგვარი პრაქტიკების გარეშე. კი ვამბობთ, რომ თუ ნიჭიერი ხარ, არ გჭირდება რაღაც-რაღაცების სწავლა, მაგრამ ეგრეც არ არის, რა! იმ სკოლას იმიტომ გადიხარ, რომ ისევ შენთვის გამოიყენო. რობიკო ყვებოდა, ინგლისში არის ერთი სკოლა, სადაც ყვირილს გასწავლიან. ვიღაც იტყვის, ყვირილს რა სწავლა უნდაო. არა, უნდა! სხვადასხვანაირი ყვირილი არსებობს. იმას შენთვის დალექავ და მერე ამოატივტივებ, როცა დაგჭირდება.

- როგორია ია სუხიტაშვილი, რო¬გორც მაყურებელი?

- საერთოდ ძალიან კეთილი მაყურებელი ვარ. შეიძლება სპექტაკლი არ მომეწონოს, მაგრამ სულ ვეძებ რაღაცას, რომ მომეწონოს, არ არსებობს, რომ რაღაც არ გამოვჩხრიკო, ან მსახიობი არ მომეწონოს, ან თუნდაც გაფორმება, ან კოსტიუმი... ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი და ყოველთვის ნერვები მეშლება ჩასაფრებულ მაყურებელზე, რომელიც სპექტაკლზე იმისთვის მოდის, რომ `ლიჟბი~ რამეს ჩაავლოს „ნიტოს“.
მომწონს, როდესაც ვგრძნობ, რომ მსახიობსაც და რეჟისორსაც ნაფიქრი აქვთ, მოფიქრებული აქვთ რაღაც ფინტები, შეიძლება არ გამოვიდეს ეს ფინტები, მაგრამ მე ვხვდები, რომ მათ უმუშავიათ, დაურტყიათ თავი მაგიდისთვის, სცენისთვის. დასაფასებელია ეს, მაგრამ, როდესაც მივდივარ და არაფერია გაკეთებული... მინახავს სპექტაკლები, გავბრაზებულვარ, რომ არ უფიქრიათ არც რეჟისორს, არც მსახიობს.

ვერ გეტყვი, რომ რაც ბოლოს ვნახე, ვარ აღფრთოვანებული და გაგიჟებული...
- რისი ბრალია? ერთი პერიოდი ფინანსურ კრიზისს ბრალდებოდა ეს ყველაფერი, პედალირება ხდებოდა, მერე, როცა დალაგდა ცოტა ქვეყანა, გაშიშვლდა მიზეზი - შემოქმედებითი კრიზისია.

- როდესაც სპექტაკლს დგამ, ესე იგი რაღაც ფინანსური წყარო გაქვს, ისე ვერ მოკიდებ ხელს... „არტი“ ავიღოთ, არ მითხრა, რომ ან კოსტიუმებზე დაიხარჯა ბევრი, ან დეკორაციაზე, რომელიც პრაქტიკულად არაა. გამოვშტერდი, მე არ მიყვარს ერთი და იმავეს ბევრჯერ ყურება, მაგრამ „არტი“ სამჯერ ვნახე. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ძალიან მაგარი სპექტაკლია თემურ ჩხეიძის. ფინანსებზე დაბრალება უკვე თავის დაძვრენაა, ეს ასე რომ ყოფილიყო, ან მეტი დრო გვქონოდა, პიესა არ ვარგოდა, ის არ ვარგოდა, დუპუ-დუპუ... ახლა ვერ შედგა „მზის დაბნელება“, დაიწყეს, რომ დღეს აღარაა აქტუალური, რატომ არაა აქტუალური? ქალიშვილობის თემა ვიღაცისთვის დღემდე აქტუალურია, ვიღაცისთვის მაშინაც არ იყო აქტუალური, თუ უყვარდათ, ფეხზე ეკიდათ, ქალიშვილი იყო თუ არა.

- მე მგონი, საერთოდ აქტუალობის ცნებაა არასწორად გაგებული. რას ვეძახით აქტუალურს, რაც დღეს მწვავედ გვაწუხებს? ამისთვის ცხრასაათიანი „კურიერი“ და გაზეთები არსებობს, თეატრი განზოგადებას და მე მგონი, ცოტა სხვა ხარისხის აქტუალობას ითხოვს და არა ასეთ ოპერატიულ აქტუალობას.

- დიახ, აბსოლუტურად მართალია. დღეს აქტუალური, მტკივნეული თემის ერთი-ერთზე სცენაზე გადატანა ცოტა ისეთი რამეა... რაღაც ფორმაა მოსაძებნი, რაც ყველაზე რთულია. დღეს ვმუშაობთ სპექტაკლზე „საშობაო ბატი კომშით“, ჩემი პერსონაჟის პრობლემა არის კრედიტები, მითხარი დღეს საქართველოში, ვისაც ეს პრობლემა არა აქვს? მაგრამ ამის სცენიდან ერთი ერთში დანახვა, ვაიმე აღარ მინდა!!! მე ფორმა უნდა მოვძებნო, რომ საინტერესო იყოს, თან უნდა გაგაცინო, კომედიური ჟანრია, ფარსია. ფორმის მოძებნა გვიჭირს, თორემ ყველა ამბავი ყოველთვის იქნება აქტუალური და წამოიღებს სათქმელსაც. საინტერესოდაა თითოეული სცენა საკეთებელი, რომ მე მოვისმინო კიდე ამ კრედიტებზე, როცა მეორე დღეს თვითონ გადასახდელი მაქვს.

- რამდენად პრეტენზიულია ია მუშაობისას? ყველამ იცის როგორი აუტანელი იყო სესილია სამაგიდო რეპეტიციების დროს, ვერ აჩერებდნენ მაგიდასთან, მარჯანიშვილს ერთი სამაგიდო რეპეტიციიდან გაგდებული ჰყავს უნიჭოს ძახილით, ვიცით, რომ სერგო ზაქარიაძე ძალიან პრეტენზიული იყო. ვიღაცისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მის კოსტიუმზე ღილი სად აკერია, ამ დროს იყო ვერიკო ანჯაფარიძე, რომელსაც აღელვებდა მხოლოდ კოსტიუმის თარგი, რომ მისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო...

- საშინლად ვერ ვიტან კოსტიუმების ცვლას, არ მიყვარს, როდესაც ამაზე გადადის ჩემი ყურადღება, მირჩევნია ერთი კოსტიუმი შემახმეს მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ვიდრე ცხრა მქონდეს გამოსაცვლელი. არადა, არიან მსახიობები, გიჟდებიან ბევრ კოსტიუმზე... როცა ახალზე ვმუშაობ, მართლა ძალიან უხასიათო ვარ, იმიტომ რომ მაგრად ვნერვიულობ, მაგრად განვიცდი, რომ რაღაც ახალი მოვიფიქრო, ამ დროს შინ ვერავინ გამეკარება.
„სტუმარ-მასპინძლის“ რეპეტიციებზე ისეთი გავჭედე... ოთხჯერ გავიქეცი რეპეტიციებიდან, მშიშარა ვარ, ძალიან მშიშარა... მითხრეს, რა არის, რა უხასიათო ხარო, ვუთხარი, უხასიათო კი არა ვარ, ვნერვიულობ და განვიცდი-მეთქი, რაღაც ახალი ვთქვა-თქო, „სტუმარმასპინძელი“ თვითონ იმხელა ამბავია, მიდი გაბედე და ითამაშე! კრიტიკა იოლია, მაგრამ შენ როგორ გაქვს ტვინი დასხმული მაგაზე, ეგ მარტო შენ იცი... ეს რომ ვუთხარი, რამდენიმე დღეში „პროფილი“ ეძღვნებოდა ნოდარ დუმბაძეს და სესილიას კადრი აჩვენეს. ძალიან აღშფოთებული იყო სესილია, მეუბნებიან უხასიათო ხარო, უხასიათო კი არა ვარ, ვნერვიულობ, განვიცდი, რომ რაღაც ახალი გავაკეთოო. გამეცინა, სესილიას კი არ ვადრი თავს, მაგრამ ზუსტად იგივე რამდენიმე დღით ადრე ვუთხარი მეც, როცა მითხრეს უხასიათო ხარო. არა ვარ უხასიათო, ვნერვიულობ, თუ გინდა ამიტანე, თუ არა, ნუ ამიტან.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100