სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზივი: 95 მილიონად ნაყიდ პიკასოს ტილოს ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში ინახავს

ბოლო დღეებში ქართულ მედიაში აქა-იქ გაკრთა ცნობები, რომ 2006 წელს ნიუ-იორკში, „სოთბის“ აუქციონზე 95 მილიონ დოლარად გაყიდული პაბლო პიკასოს გენიალური შედევრის მყიდველი მოსკოვში მცხოვრები ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილია. ამ ინფორმაციის გადამოწმება „დრონი.ჯი“-მ საკუთარი არხებით სცადა და სენსაციურ დასკვნამდე მივიდა: არ არის გამორიცხული, პიკასოს „დორა მაარი კატით“ იმერეთში, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, ბიზნესმენის სახლში ინახებოდეს. შეგახსენებთ, რომ "დორა მაარის კატით" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტილოების სამეულში შედის.

სავარაუდოდ, „დორა მაარი კატით“ საქართველოში მოსკოვის გავლით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოიტანეს. იგი თავდაპირველად თბილისში ჰქონდათ შენახული, საბოლოოდ კი ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის მამაპაპისეულ სახლში დაიდო ბინა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნახატი მართლაც სოფელშია, „დრონი.ჯი“-ს ჭორვილაშიც დაუდასტურეს.

ახალგაზრდა ჭორვილელმა, რომელიც ვინაობის გაუთქმელობის პირობით გვესაუბრა, გვითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბოლო ორი წელია, დაცვა გააძლიერეს, ეს კი პირდაპირ უკავშირდება ივანიშვილის უნიკალურ შენაძენს.

„დაცვა მანამდეც იყო, ოღონდ, მხოლოდ სიმბოლურად, შარშანწინდელი ახალი წლის მერე კი უკვე ორ ჯგუფად მორიგეობენ და ერთმანეთს ენაცვლებიან. ბიძინა ივანიშვილს სოფელში ყველა პატივს სცემს და ვინმემ მისი სახლის გაქურდვა რომ მოინდომოს, სოფელი ადგება და თვითონვე მოსთხოვს პასუხს, ამიტომაც, ცოტა არ იყოს, გულგატეხილები დავრჩით, ბიძინამ რომ სოფელში ათკაციანი რაზმი გამოგზავნა. მშვენიერი ბიჭები არიან, ხალხთანაც ნორმალურად კონტაქტობენ და მათ ზედმეტ ხმას ვერ გაიგებ, სარგებლის გარდა კი არაფერი მოაქვთ სოფლისთვის - ზოგჯერ მანქანითაც კი მივყავართ ხოლმე საჩხერემდე, მაგრამ ხომ იცით - მაინც ნაწყენებივით ვიყავით. ერთხელ, როცა ახალმოსული იყვნენ ეს ბიჭები და სოფელში მანქანით ჩაიარეს, ხნიერ ხალხთან ერთად ვიჯექი ცენტრში და ხმამაღლა გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. სწორედ მაშინ გავიგე იქ მყოფი მამაკაცებისგან, რომ თურმე ბიძინას სახლში პიკასოს ნახატი ინახება და დაცვაც იმიტომ აიყვანა. იმ კაცებს ჭკუა ეკითხებათ სოფელში, ისე არ იტყოდნენ. ერთი ამბობდა, ღამით მოიტანეს, მე თვითონ ვნახე, როცა შეჰქონდათ შეფუთული, შემთხვევით გავიარე და დავინახე, ეზოში შეყვანილი მანქანიდან როგორ გადმოიღესო“.

მართლაც ინახება თუ არა ჭორვილაში პიკასოს შედევრი, ბოლომდე მაინც გაურკვეველია, რადგან იგი არავის უნახავს. უფრო სწორად, ისეთს არავის უნახავს, რომელთანაც გასაუბრებას ჟურნალისტი შეძლებს. მაგრამ იმას, რომ პიკასოს ნახატი მართლაც საქართველოშია, „დრონი.ჯი“-ს ერთ-ერთი, აწ უკვე ყოფილი მებაჟეც უდასტურებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რწმუნებულმა სპეციალური მინდობილობითა და „სოთბის“ აუქციონის სპეციალური ბლანკის, ბეჭდისა და სალაროს შემოსავლის ორდერის თანხლებით პიკასოს ტილო საქართველოში სრულიად კანონიერად შემოიტანა. სანამ სამსახურში იყო, ყოფილი მებაჟე ამას ვერც იტყოდა, რადგან ასეთ შემთხვევებში კონფიდენციალობის დაცვას კანონი ავალდებულებს: „მართალი გითხრათ, მაშინ არც არავის უკითხავს არაფერი - ჟურნალისტებს ვგულისხმობ. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს ამ ფაქტის კონფიდენციალურობა მაღალ დონეზე ჰქონდა დაცული. ახლა კი შემთხვევაზე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს და თანაც, მე იმ სამსახურში აღარ ვმუშაობ, ამიტომაც გიდასტურებთ“, - ამბობს „დრონი.ჯი“-ს წყარო. მისი თქმით, „სოთბის“ ბლანკიც და ორდერიც თვითონ შეამოწმა, მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ მყიდველის გრაფაში დაფიქსირებული არ იყო ბიძინა ივანიშვილი: "ინკოგნიტო მყიდველი" ეწერა, ეს ზუსტად მახსოვს", - ამბობს ის. ყოფილი მებაჟე ვერც იმას ამბობს, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ პიკასოს ტილო მოგვიანებით ისევ გაეტანათ საქართველოდან.

რაც შეეხება ამერიკულ პრესას, ზოგიერთ გამოცემაში „სოთბის“ აუქციონზე ტილოს შესყიდვა დეტალურადაა აღწერილი. ამერიკული ბეჭდური მედიის სამყაროში ჟურნალი Wealth, მართალია, არცთუ სერიოზულ და სანდო გამოცემად ითვლება, მაგრამ ქართველი მილიარდერის მოხსენიება მასში მაინც საინტერესოა:
სტატიაში "წითელი კოლექციონერის ძებნა" 2006 წლის 3 მაისს გამართული აუქციონი ასეა აღწერილი: ოთახში, სადაც აუქციონი უნდა გამართულიყო, შემოვიდა მუქ სპორტულქურთუკიანი მამაკაცი სარეგისტრაციო მაგიდიდან ნომერი აიღო, რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას ხშირად სწევდა. მას ჰქონდა მოკრივის გატეხილი ცხვირი, შეღებილი თმა და ეცვა იაფფასიანი ფეხსაცმელი. მოკლედ, პირად მცველს წააგავდა. როცა აუქციონზე პიკასოს შედევრის, "დორა მაარი კატით" გაყიდვა დაიწყო, მის მაქსიმალურ ფასად 50 მილიონი დოლარი სახელდებოდა, მაგრამ თანდათან თანხამ 65 მილიონს მიაღწია.

მოულოდნელად სპორტულ ქურთუკში გამოწყობილმა მამაკაცმა 85 მილიონი დოლარი დაასახელა, ამას დაემატა საკომისიო - 10 მილიონი დოლარი. ეს ერთ-ერთი რეკორდული თანხაა "სოთბის" აუქციონის ისტორიაში". სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამ ტილოს მყიდველი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.
პოპულარული ჟურნალი "ფორბსი" კი წერს, რომ ეს ნახატი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და იგი მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ტილოს სიაშია. (გაზეთი „ყველა სიახლე“).

შეიძლება ბევრს ზღაპრულ თანხად მოეჩვენოს თუნდაც პიკასოს ნახატში 95 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ბიზნესმენი და მილიარდერი არამარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ „სოთბის“ აუქციონზე შესული ივანიშვილი ჯიბეზე ქესიტად ნამდვილად არ იქნებოდა...

ბოლოს კი, ორი სიტყვით თვითონ პიკასოს ტილოსა და მისი პერსონაჟის შესახებ: „დორა მაარი კატით“ პიკასომ 1941 წელს შექმნა და, რა თქმა უნდა, თავის პარიზელ საყვარელს მიუძღვნა. თვითონ დორა მაარიც პიკასოს კოლეგა იყო - ხატავდა და ფოტოგრაფიითაც გახლდათ გატაცებული. მას და გენიოს მხატვარს თანაცხოვრების 9 წელი და დიდი სიყვარული აკავშირებდათ. დორა მაარი დროდადრო პიკასოს მოდელ-მენატურეც იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100