სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოტყუებით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა" - პროკურატურა გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგოს საქმეზე დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მომხდარის დამატებით დეტალებს ასაჯაროებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა. სამართალდამცავებმა ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100