სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ ბავშვს გარდაეცვალა მამა და ვეღარ დაველაპარაკე მშობელს" - რა მოხდა ბათუმის სკოლაში, სადაც გოგოზე ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩაწერეს

არასრულწლოვნებს შორის ბათუმში მომხდარი დაპირისპირების საქმეში ფსიქოლოგები ჩაერთვნენ. "კურიერი" ბათუმის იმ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 13 წლის გოგონა სწავლობს. მოზარდს თანატოლები ფიზიკურად და მორალურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელ - TikTok-ზე განათავსეს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოს ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე 2 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე გოგონებს შორის მოხდა დაპირისპირება, თუმცა მიზეზი მათთვის უცნობია. მოგვიანებით კი, დაპირისპირება გაგრძელდა. სკოლაში დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ აღნიშნული შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ.

"ამ ბავშვს [დაზარალებულს] გარდაეცვალა მამა და ვეღარ დაველაპარაკე მშობელს და ვერც დავიბარე, რომ გავარკვიო რა მოხდა დეტალებში. არც ბავშვი არ არის სკოლაში. მიზეზი არ ვიცით, მხოლოდ ის, რომ მოხდა გოგონებს შორის შელაპარაკება, ამ შელაპარაკებას მოჰყვა გაგრძელება. შემდეგ რამდენადაც ვიცი დაპირისპირებულმა მხარემ მოიყვანა თავისი მეგობარი თუ მეგობრები... დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ეს უკვე არის გამოძიების თემა და რასაც გამოძიება დაადგენს, ჩვენც ალბათ ის ინფორმაცია გვექნება," - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

13 წლის დაზარალებულ გოგონასთან ამ დროისთვის ფონდ "იალქანის" ფსიქოლოგები მუშაობენ. ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოსწავლეებზე მონიტორინგი უნდა გაამკაცრონ და ის გარემოება, რომ შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა, სკოლას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

"ბავშვებმა უნდა გაიგონ საბოლოოდ რომ ეს არის დანაშაული. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ბავშვებს გაუაზრებლად უნდათ პოპულარობა ინტერნეტ სამყაროში და TikTok-ზე ბევრი ნახვების გამო ხშირად ისეთ სისულელეებს აკეთებენ... უბრალოდ, ამის ერთობლივად შეკვრა და მონიტორინგია საჭირო, რადგან ხშირ შემთხვევაში, თვითონ ეს ბავშვები, რომლებიც არიან მოძალადეები, მათთან არის ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი და თვითონ ეს ბავშვებიც არიან დასაცავი მშობლისგან და სკოლისგან," - განაცხადა ფონდ "იალქანის" ფსიქოლოგმა, თიკო აბაშიძემ.

"კურიერი" ასევე დაუკავშირდა სოციალურ სააგენტოსაც. მათთვის უცნობია აღნიშნული ვიდეოს არსებობის შესახებ, სააგენტოში არც შეტყობინება შესულა, ისინი აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ მანდატურის სამსახურებს საკუთარი სოცმუშაკები ჰყავთ და სწორედ ისინი სწავლობენ აღნიშნულ საქმეს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100