სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს გარემოს სააგენტო 2022 წელს პროგნოზირებდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მომზადებულ ბიულეტინში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. იმ სოფლებს შორის, რომელიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დოკუმენტში დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც 7 თებერვალს სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - 5 დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

"რადიო თავისუფლება" ავრცელებს დოკუმენტსაც, სადაც ნათქვამია, რომ მეყწრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ასევე, ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება მოსალოდნელია ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდ. ხანისწყალის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ;

გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში გაცემულია რეკომენდაცია სოფელ მეორე ობჩადან მოსახლეობის გაყვანის შესახებ, სოფელ ზეგანში სააგენტო საჭიროდ მიიჩნევდა ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას, სოფელ წითელხევში კი მეწყრული ტბების განტვირთვას და ზედაპირული წლების რეგულირებას.

დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ არ არის განთავსებული სააგენტოს ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ "კატასტროფების რისკის შემცირების პრაქტიკა უნდა იყოს ეფექტური, მრავალ საფრთხეზე გათვლილი, ინტეგრირებული, ხელმისაწვდომი და ფართო მასებზე ორიენტირებული." აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია გეოლოგიური საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირება და მუშაობის გაძლიერება საფრთხეების გაანალიზებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100