რატომ სცემეს დავით კოდუა? - დაკავებულის მეუღლის კომენტარი და საქმის ახალი დეტალები

დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლის, ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის მეუღლემ განუცხადა.
მისივე თქმით, 2008 წელს ირაკლი კოდუას დავალებით მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევან ნამორაძეს 15 გრ ჰეროინი ჩაუდეს. ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე ბიზნესმენი იყო, კერძოდ, "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი.
"დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი მეუღლის დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი, დაათმობინეს 50-პროცენტიანი წილი, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა "რენჯროვერ სპორტიდან". ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა. საჩივარი შევიტანეთ, როცა მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება. დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და ცემა. რამე არის გასაკვირი?" - განაცხადა ნინო სუთიძემ.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით კოდუაზე თავდამსხმელები დღეს ნიღბებით იყვნენ. "არავითარი ნიღბებით არ იყვნენ. ვინც ნიღბებით არის, ის პოლიციაში არ მიდის და არ ამბობს სიმართლეს", - დასძინა ნინო ნამორაძემ.
მისვე განმარტებით, ნოშრევან ნამორაძე ამჟამად პოლიციაში იმყოფება და აღიარებით ჩვენებას აძლევს.
სუთიძის თქმით, მის მეუღლეს სამართლიანობის აღდგენის იმედი არ გადაწურვია.
"სამართლიანობის აღდგენა ერეკლე კოდუაზე მიმდინარეობს. მისი დავალებით მოხდა ნარკოტიკის ჩადება. დავით კოდუას კი წილები უნდოდა და მისი ძმა ამ თხოვნებს უსრულებდა. ასე ერთად გეგმავდნენ, რა ექნათ- ის იჭერდა, ეს აძლევდა კარგ შეთავაზებას. შეხვდა დღეს და ცემა. გამოვა და გმირი იქნება. იმედი არ ამოგვწურვია, ძალიან კარგად მიდის გამოძიება, ალბათ სამართალი მალე იზეიმებს. რაც მათ ხალხს გაუკეთეს, ჩემი ქმარი უნდა იყოს პასუხისგებაში? თუ იქნება, არა უშავს, მაგასაც ავიტანთ, სამაგიეროდ, გმირი გამოვა იქედან", - აღნიშნა ნინო სუთიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოდუას ცემის ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი