"სპეციალურად აინფიცირებდენ ახალშობილებს გრიპით - ეს ყოველივე ხდებოდა..." - რაზე საუბრობს ოთარ ტატიშვილი

ექიმმა და ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა „იმედის დილაში“ სამედიცინო მიღწევებსა და გარღვევებზე ისაუბრა. კერძოდ, ამჯერად საუბრის თემას ვაქცინაცია-იმუნიზაცია წარმოადგენდა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

მისი თქმით, ვაქცინაციის ფუძემდებლად ითვლება ედვარდ ჯენერი, თუმცა ეს ყოველივე ბევრად ადრე დაიწყო.

მეშვიდე საუკუნეში ბუდისტი ბერები გველის შხამს იღებდნენ, რათა რეზისტენტულნი გამხდარიყვნენ. შემდგომში ამ შხამის გვერდითი ეფექტებისგან და ამით, მოსალოდნელი გველის ნაკბენისგან იცავდნენ თავს.

ჩინეთში 1742 წელს დაიწერა წიგნი „მედიცინის ოქროს სარკე“ - სადაც არ არის უშუალოდ ვაქცინაციის შემთხვევები დადასტურებული, თუმცა ძველი ბუდისტი ბერების მსგავსი ღონისძიებებია დაფიქსირებული. მათი თქმით, სპეციალურად ავადმყოფ ახალშობილს ათავსებდნენ ერთ საწოლში ჯანმრთელ ახალშობილთან, ასევე სპეციალურად აინფიცირებდენ ახალშობილებს გრიპით - ეს ყოველივე ხდებოდა დაინფიცირებული პაციენტის ცხვირში გამოსმული ბამბის ბურთულის ჯანმრთელ ადამიანის ცხვირის ღრუში გამოსმით.

ინდოეთში მეთექვსმეტე საუკუნეში მიმართავდნენ ვარიოლაციის მეთოდს, რომელიც გულისხმობდა ყვავილით დაავადებული ადამიანის ჩირქოვანი გამონაყარიდან გამხმარი ჩირქოვანი მასის აღებას და პერიოდულად ჯანმრთელ ადამიანებზე საცხის სახით სპეციალურად ნაკაწრებზე გამოყენებას, ან ამ გამხმარი ჩირქის დაფქვას და შემდგომ ინჰალაციას,რითაც ისინი ყვავილისა და ძროხის ყვავილის ვირუსს ებრძოდნენ. ვაქცინაციის ამ მეთოდს მას შემდეგ აღარ იყენებდნენ, რაც ედვარდ ჯენერმა აღმოჩენები გააკეთა.

ინგლისში ვარიოლაციის მეთოდი წარადგინა ლედი მერი ვორთლი მონტაგიმ 1721 წელს, როცა იგი კონსტანტინოპოლიდან დაბრუნდა, სადაც მან ეს ყოველივე საკუთარ ვაჟიშვილზე გამოსცადა. მანამდე 1717 წელს თავად მერი და მისი ძმა დაავადნენ ყვავილის ვირუსით. სამწუხაროდ, მისი 20 წლის ძმა გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ მან აღიარა ენგრავირების, ანუ ვარიოლაციის მეთოდი და თქვა : „ყვავილის ვირუსი იმდენად ძლიერია, იმდენად ფატალური, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ უძლურები ვართ, მას მხოლოდ ენგრავირების მეთოდით თუ მოვერევით... სასწაულია, ამ ოპერაციას ყოველ წელიწადს ათასობით ადამიანი მიმართავს და ამის შემდეგ ყვავილით არავინ მომკვდარა“

მიუხედავად იმისა, რომ ვარიოლაციის გამოყენებით პირველი „ვაქცინაცია“ 1721 წელს ჩატარდა, ამ მეთოდის შესახებ ინგლისი გაცილებით ადრე, 1713 წელს იყო ინფორმირებული ემანუელ ტიმონის მიერ, რომელიც იმ დროს კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ სამეფო წრისათვის იყო ხელმისაწვდომი.

ამერიკის რევოლუციის ადრეულ წლებში, ჯორჯ ვაშინგტონს მოუწია პირისპირ შეხვედროდა იმ უხილავ მკვლელს, რომლითაც ბავშვობაში თავადაც იყო დაავადებული. ეს უხილავი მკვლელი იყო ყვავილის ვირუსი და მისი მარცხის მიზეზი ბრიტანელების წინააღმდეგ სწორედ ეს დაავადება იყო. მისი ჯარისკაცები დაავადნენ ყვავილით, ხოლო ბრიტანელ ჯარისკაცებს კი, ვარიოლაციის გამო, ამ დაავადებით არაფერი უშავდებოდათ. სწორედ ამიტომ 1777 წელს ჯორჯ ვაშინგტონმა ამ დაავადებას უწოდა „უფრო დიადი, ვიდრე მტრის ხმალი“.

1774 წელს ინგლისში, , ფერმერმა ბენჟამინ ჯესტმა აღმოაჩინა, რომ იგი ძროხის ყვავილის ვირუსის გადატანის შემდეგ, უბრალო ყვავილის ვირუსით აღარ ავადდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, მთელი თავისი ოჯახი ხელოვნურად დაეავადებინა ძროხის ყვავილით, რათა შემდეგ ყვავილი არ დამართნოდათ. ეს ინფორმაცია იქაურ ფერმერებშიც ძალიან მალე გავრცელდა და თითქმის ყველა მიმართავდა „ვაქცინაციის“ ამ მეთოდს.

ჯესტმა სპეციალურად გაიყვანა თავის ცოლთან ერთად თავისი ორი შვილი იმ მიდამოებში, სადაც ბოსლები იყო და იცოდა, რომ დიდი შანსი იყო, მათ შვილებს შეხვედროდათ ძროხის ყვავილი. მისი ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - 15 წლის მერეც მისი ორივე ვაჟიშვილი ყვავილის ვირუსის მიმართ იმუნურები იყვნენ. ჯესტის ამ ისტორიას საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ იგი არც ექიმი და არც ფიზიკოსი არ ყოფილა, ის უბრალო ფერმერი იყო. სწორედ ამიტომ, არ მის ამ აღმოჩენას დიდი აღტაცება, გამოხმაურება და გამოყენება თავდაპირველად არ მოჰყოლია, არადა ჯესტი იყო ზუსტად ის პირველი ადამიანი, ვინც ვაქცინაცია თავისდაუნებურად გამოიგონა - მან მარტივი ძროხის ვირუსით შეძლო გაცილებით ძლიერი ვირუსის - ყვავილის დამარცხება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მეთოდი მაინც ჯენერის მიღწევად მიიჩნევა.

1796 წელს ინგლისელმა ექიმმა და ფიზიკოსმა ედვარდ ჯენერმა ბენჟამინ ჯესტის მეთოდი კიდევ რამდენჯერმე გამოსცადა და დაადასტურა, რომ იგი მართლაც ეფექტურია. მან პატარა ბიჭზე ჩაატარა ეს ცდა, შემდეგ ცდილობდა ხელოვნურად დაეავადებინა ყვავილის ვირუსით - ბიჭი კი არ ავადდებოდა, ამის შემდეგ დაადგინა, რომ ეს იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ვერ ხსნიდა, რატომ.

1880 წელს ლუი პასტერმა აღმოაჩინა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო თავის დაცვა სხვადასხვა გადამდები დაავადებებისგან. მეთოდი მდგომარეობა ამ დაავადების დასუსტებული აგენტის ჯანმრთელ ინდივიდში შეყვანაში. ამიტომ მან 1881 წელს სახალხო ცდა ჩაატარა ცხოველებზე, რათა ამ მოსაზრების სისწორე ყველასათვის დაემტკიცებინა. ათეულობით ცხვარი და ძროხა სპეციალურად დააინფიცირა ციმბირის წყლულით. ცხოველებიდან მხოლოდ ისინი გადარჩენ, რომლებსაც თავდაპირველად ვაქცინაცია ჰქონდათ ჩატარებული.

ასევე ლუი პასტერის სახელს უკავშირდება ქოლერის ვაქცინის აღმოჩენაც. იგი ქათმებზე ატარებდა ცდებს, თუმცა თავდაპირველად მისი ყველა მცდელობა უშედეგო იყო, რადგანაც მის დავდაპირველ ვაქცინაში საკმაოდ დიდი კონცენტრაცია იყო ქოლერის ბაქტერიების და ამოს გამო ქათმები იხოცებოდნენ. ერთ დღეს მან შემთხვევით შეიყვანა დაბალი კონცეტრაციის ვაქცინა, რითაც ქათმები გადარჩნენ და იმუნურები გახდნენ ქოლერის მიმართ.

1885 წელს ისევ ლუი პასტერმა აღმოაჩინა ცოფის ვაქცინა. ეს დაავადება იმ დროისათვის 100%-იანი ლეტალობით სრულდებოდა. ვაქცინის სრულყოფის შემდეგ ლუი პასტერი დიდხანს ყოყმანობდა მის გამოყენებაზე. როცა გადაწყვიტა, მას მოუყვანეს 9 წლის პატარა ბიჭი, რომელიც ქუჩის ძაღლების მიერ იყო დაგლეჯილი. მას სხვა არავითარი შანსი ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლისათვის, გარდა იმისა, რომ გამოეყენებინათ ვაქცინა.

არავის ჰქონდა იმის იმედი,რომ ბავშვი გადარჩებოდა, თუმცა მისმა გამოჯანმრთელებამ იმ დროს საფრანგეთში დიდი გადატრიალება მოახდინა, მიიპყრო პრესისა და ხალხის ყურადღება, ხოლო ლუი პასტერს კი უდიდესი წარმატება მოუტანა.

1954 წლის 23 თებერვალს პირველად გამოჩნდა პოლიომიელიტის ვაქცინა. მის არსებობამდე 40% პაციენტების სიცოცხლის ბოლომდე პარალიზებულნი რჩებოდნენ, ხოლო 10% იღუპებოდა. ასეთი ხალხის გადასარჩენად იყენებდნენ სპეციალურ კამერებს. ამ პირობებში უწევდათ მათ მთელი სიცოცხლის გატარება.

პირველი ვაქცინა პოლიომიელიტის წინააღმეგ შექმნა ამერიკელმა ვირუსოლოგმა ჯონას სოლკმა, თუმცა იგი კონკრეტულად ამ დაავადებით დაინტერესებული არ იყო. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, როცა იგი უკვე ექიმი იყო, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყო მიკრობიოლოგი. ომის დროს იგი მონაწილეობას იღებდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაში და ასევე მის სახელს უკავშირდება მრავალი ახალი შტამის აღმოჩენა. ახალი აღმოჩენების გაკეთებასა და ვაქცინის შექმნაში დაეხმარა „ბავშვების პარალიზებასთან ბრძოლის ფონდი“.

1952 წელს ჯონას სოლკმა თავის თავსა და ოჯახის წევრებზე გამოსცადა ვაქცინა, მან მთელი ეს პროცესი ფირზე გადაიღო. ამ მასალას შემდგომ იყენებდნენ იმ ბავშვების დასამშვიდებლად, რომელთაც პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა ჩაეტარებინათ. პროცედურა წარმატებით შესრულდა და ალერგიულ რეაქციებს ადგილი არ ჰქონია.

1954 წლის 23 თებერვალს მან უკვე პიტსბურგში ხუთიათას სკოლის მოსწავლეზე ჩაატარა ვაქცინაცია, 26 აპრილს კი ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება მისცა ჯონას სოლკს თავისი შედევრი სხვა მილიონობით ბავშვზე გამოეყენებინათ.

ბეცეჟე - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც ორმა ფრანგმა მეცნიერმა - გერენმა და კალმეტმა გამოიგონეს. ეს აღმოჩენა მათ 1923 წელს გააკეთეს, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყეს. ეს ვაქცინა შეიცავს ძროხის ტუბერკულოზის ბაცილის დასუსტებულ შტამებს. ის იწვევს იმდენად სუსტ დაავადებას, რომ ადამიანებისთვის შეუმჩნეველია, სამაგიეროდ მისი მეშვეობით ადამიანები იმუნიტეტს იძენენ ტუბერკულოზის მიმართ.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, როცა იმუნოლოგიის დარგი განვითარების გზაზე იყო, გამოჩნდა პირველი იმუნოლოგიური ლაბორატორიები, ხოლო მეოცე საუკუნეში წარმოიშვა პირველი იმუნოლოგიური კათედრები სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებში. ეს დარგი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და საზოგადოებისგან აღიარებაც ძალიან მალევე მიიღო.

ვაქცინაციები წლების მიხედვით:

1957 წელი - მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალშობილები აეცრათ ყივანახველაზე.

1960-1961 წელი - მასობრივი ვაქცინაციები პოლიომიელიტის წინააღმდეგ

1967 წელი- ტეტანუსის ვაქცინაციის აქტიური გამოყენება.

1968 წელი - შეიქმნა წითელას ვაქცინა და დაიწყეს მისი გამოყენება

1973 წელი - სავალდებულო გახდა ყოველი ახალშობილის აცრა წითელაზე

1980 წელი - ყვავილის ვირუსით გამოწვეულმა დაავადებამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა ვაქცინის მასობრივი გამოყენების გამო, რის გამოც საერთოდ ამოიღეს მისი ხმარება.

1998 წელი - მირებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მრავალკომპონენტიანი ვაქცინაცია ყველა ახალშობილს უნდა ჩატარებოდა, რომლებშიც შედიოდა : წითელა, წითურა და ბ ჰეპატიტი

2011 წლის დასაწყისში განმეორებითი ვაქცინაცია ჩატარდა მათთვის, ვინც 1998 წელს წითელა, წითურა და ბ ჰეპატიტზე აიცრა

2011 წელს ჩატარდა ვაქცინაცია იმ ბავშვბზე, რომლებიც ჰემოფილური ინგეფციების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ

2014 წელი - შემოიღეს ვაქცინაცია პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგოდ.

კომენტარი