სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს დიდი მწერალი ვარ, მაგრამ არ მავიწყდება, როგორ მომიკალით გული, პაწაწინა ჩათლახებო!

მსფოლიოს შემზარავი ამბავი იცავს.. ყველაფერი ელვისებური სისწრაფით ხდება, ჯერ ერთი ცათამბჯენი ენგრევა ნიუ-იორკს თავზე, შემდეგ მეორე.. ნახევრად დანგრეულ ცათამბჯენში გამოკეტილი ხალხი სახურავზე გასასვლელი კარის გაღების ალბათ მეათასე მცდელობის შემდეგ, ლოცულობს და ერთმანეთს აღთქმას უდებს, მათ უკვე იციან რომ არაფერი ეშველებათ.. თავდახსნის ყოველი გზა მოჭრილია, დასასრული კი განსაზღვრული – “ყველა კვდება!” - ამ სიტყვების ავტორი მთელ მსოფლიოში ცნობილი სკანდალური მწერალი ფრედერიკ ბეგბედერია.

ღამის კლუბების, გლამურისა და წვეულებების მოყვარულმა ბეგდებერმა ლიტერატურული კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისმა რომანებმა მთელს მსოფლიოში აჟიოტაჟი და უფრო მეტიც სკანდალები გამოიწვია. "სკანდალური და ექსცენტრიული" - საფრანგეთის ლიტერატურულ წრეებში ბეგბედერს ამგვარი სიტყვებით ხშირად მოიხსენიებენ, "ეპატაჟური და გროტესკული" - ასე ახასიათებენ მის შემოქმედებას. პარიზის ლიტერატურულ ბომონდს თავად ფრედერიკი ჩვეული ცინიზით უყურებს და ზოგიერთი მათგანის კარიკატურულ პროტოტიპებს ნაწარმოებების მეორეხარისხოვან პერსონაჟებად აქცევს.

ყველაფერი კი 1965 წლის 21 სექტემბერს ნეირ-სიუ-სენში დაიწყო, როცა ქრისტინას და ჟან-მიშელ ბეგბედერს მეორე ვაჟი, ფრედერიკი შეეძინათ. ფრანგულ არისტოკრატიულ ოჯახში გაზრდილი ბიჭისთვის უჩვეულო ქცევა ბავშვობიდან ჰქონდა.

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში სცენარისტად დაიწყო მუშაობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სცენარისტობამდე მსახიობის სტატუსის მორგებაც მოასწრო, მწერალი არც მალავს, რომ სტუდენტობის პერიოდში დიდი ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა რამდენიმე პორნოგრაფიულ ფილმში.

ერთ-ერთ ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ მისი ნაწარმოებები მისივე მრავალფეროვანი და სკანდალური ცხოვრების ამსახველ დეტალებს უხვად მოიცავს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო აღიარება სარეკლამო ბიზნესის შესახებ დაწერილმა რომანმა, სახელწოდებით "99 ფრანკი", მოუტანა. ნაწარმოების პროტაგონისტი 33 წლის ოქტავ პარანგო ავტორის პროტოტიპად გვევლინება, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში წუხს იმის გამო, რომ გამოუსწორებელი "ფლეიბოი" და ნაძირალაა, თუმცა მისი პიროვნული ტრაგედია სხვა რამეში მდგომარეობს - მას უკეთესობისკენ შეცვლის ძალა აღარ შესწევს.

ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე. სიკვდილი იმდენად გარდაუვალია,რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. აბა როგორ უნდა მიხვდე,რომ მაინცდამინც დღევანდელი დღეა ენი ბოლო ცხოვრების უკანასკნელი დღე? არდა , სულ გგონოა, რომ დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ , ერთ მშვენიერ დღეს - ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაინიშნება!...

ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამინიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე, 33 წლის ასაკში სამსახურისათვის თავი გამენებებინა. თანაც, როგორც მოგეხსენებათ საუკეთესო ასაკია აღდგომისათვის!...............“ (99 ფრანკი)

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბეგბედერმა სამი ავტობიოგრაფიული რომანი ("შეშლილი ახალგაზრდა კაცის მოგონებები", "არდადეგები კომაში ყოფნის დროს", "სიყვარული სამ წელიწადში კვდება") გამოსცა, სადაც მისი პირველი ალტერეგო მარკ მარონიე მთელი ცხოვრების განამავლობაში საკუთარი თავით, ნარკოტიკებითა და სექსით ტკბობას ვერ ელევა, ისევე როგორც თავად ავტორი.

"მარონიე ისეთივე ჰედონისტი და ნარცისია, როგორც მისი შემქმნელი. გარდა ამისა, ის ქალებთან მიმართებაში ნამდვილი ტირანია. მეც ხომ ასეთი ვარ?! იქნებ ცოლმა სწორედ ამის გამო მიმატოვა?!" - ამბობს ბეგბედერი.

ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ

ტვინგადაბრუნებულ ახალგაზრდა წყვილებს სჯერათ, რომ სიყვარულით ქორწინდებიან და ბედნიერებას ესწრაფვიან. არდა, სინამდვილეში იმიტომ ქორწინდებიან, რომ მერე მაგათ მივასაღოთ რაც შეიძლება მეტი ჭურჭელი, აბანოს პირსახოცები, ყავადანები, დივანი, მიკროტალღური ღუმელი. . .”

სიტყვები ოცნებად კი არა, ცხოვრებად უნდა აქციო; რა მნიშვნელობა აქვს მართლა გიყვარს თუ თავს იკატუნებ, მთავარია, საკუთარი თავის მოტყუებას ახერხებდეო”- ამბობს მწერალი.

2008 წელს მწერალი პარიზის პოლიციამ სამი გრამი კოკაინის შენახვისთვის დააპატიმრა, თუმცა გავლენიან მეგობრებსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ უფროს ძმას, ჩარლზს, ბეგბედერის სიტყვებით, სასწაულების მოხდენა შესძლებიათ. რამდენიმე თვეში მწერალი თავდებით გაათავისუფლეს.

გარდა სკანდალებისა ბეგბედერის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა სიყვარულის ძიება გახლავთ. 1997 წელს გამოცემული რომანი "სიყვარული სამ წელიწადში კვდება" სწორედ სიყვარულის ეფემერულობის ტრაგედიას მოგვითხრობს, თუმცა ბეგბედერისეული ტრაგედია ყოველთვის გროტესკული და კარიკატურულია, - გტკივა, მაგრამ არ გეტირება.

კოღოს ცხოვრებისთვის ერთი დღე აქვს, ვარდს - სამი, კატას - 13 წელი, სიყვარულს კი სამი წელი. პირველი წელი - ვნების, მეორე - სინაზის და მესამე - მოწყენილობის.

პირველ წელს ამბობენ: "თუ წახვალ, თავს მოვიკლავ"
მეორე წელს: "თუ წახვალ, გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები"
მესამე წელს: "თუ წახვალ, ამას შამპანიურით აღვნიშნავ"

"დღევანდელ ეპოქაში სიყვარული ტელეფონია, რომელიც აღარ რეკავს. ძველ დროში ქორწინებებს ბინძური კავშირები ვერაფერს აკლებდა, ახლა ქორწინებები ბინძურ კავშირებად თავად იქცა." - წერს მწერალი. ის წერს, სხვა კითხულობს. მისი სიტყვები ზოგიერთ მათგანში აღშფოთებასაც იწვევს, მაგრამ მაინც განაგრძობენ კითხვას ამაზრზენ და მატყუარა საზოგადოებაზე, როგორი სოციუმის წევრებიც თავად არიან.

სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება, გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში ფილტვებს ემტერება. ის ადამიანის ყველა ორგანოს შორის ყველაზე რომანტიკულია. ყველა შეყვარებული ტუბერკულიოზითაა დაავადებული

ყოველი ადამიანის სულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული რომელიც სიყვარულს არ უტკენია გული არ არის

ფრედერიკ ბეგბედერი ადამიანების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ. დღესდღეობით იგი ფრანგულ ტელეარხზე "Canal +" ტელეგადაცემის წამყვანად მუშაობს და ტელეშოუების შესახებ ახალ გროტესკულ-კარიკატურულ რომანს წერს, თუმცა გამოქვეყნებას გარკვეული მიზეზების გამო ჯერ არ გეგმავს. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგმა მწერალმა ჩვეული ირონიული ტონით აღნიშნა, რომ ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ მას ერთმნიშვნელოვნად სამსახურიდან გაგდება ელის.

"როცა ტელევიზიაში მუშაობა მომწყინდება, ჩემი ახალი რომანი დღის შუქს მაშინ იხილავსო"-ამბობს მწერალი.

ბეგბედერის მრავალრიცხოვან პროფესიებს შორის, მწერლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა აღმოჩნდა. მისი აზრით, მწერალს პირველ რიგში გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, როგორ მიჰყიდოს გარყვნილ და ფარისეველ საზოგადოებას გარყვნილ და ფარისეველ საზოგადოებაზევე დაწერილი ნაწარმოები. ეს ყოფილი სცენარისტის, ტელეჟურნალისტის, რედაქტორისა და სკანდალური მწერლის ძირითადი მცნებაა.

ფრედერიკ ბეგბედერი: „დღეს დიდი მწერალი ვარ. ჩემი წიგნები ათი ათას ეგზემპლარად იბეჭდება, მაგრამ არ მავიწყდება, როგორ მომიკალით გული, პაწაწინა ჩათლახებო!“

კომენტარი