დავით აღმაშენებელი - დიდების გვირგვინით შემოსილი წმინდანი მეფე

ჩვენთვის, ადამიანებისათვის, იმისთანა კაცია საჭირო, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარი ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ , არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცაო”-ამბობს ბრძენი სენეკა...
სწორედ რომ ამისთანა ბედნიერია საქართველოს ერისთვის დავით აღმაშენებელი...

დღეს სრულიად საქართველო წმინდა მეფე დავით მე-4-ის ხსენების დღეს აღნიშნავს..

სწორედ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ და ვსულდგმულობთ, ერი გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგ მათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედით.
დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვანი მეფობით, არამედ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებლობის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვისი ეროვნებისაც და რჯულისაც. მსგავსი შემწყნარებელი მმართველი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არ ჰზოგავდა ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მე-12 საუკუნეში?

…ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა იმ ფონზეა, როცა ქართველთა მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თვითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერს, რომელმაც იგი შვა და თავის ძუძუთი გამოზარდა.

შემთხვევითი არაა, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ეპიკურ რომანში „დავით აღმაშენებლი“ მეფე ქვეყნისთვის მთელი არსებით თავგადადებულ პიროვნებად დახატა. საქართველოსთვის ბრძოლას დავითმა შესწირა საქართველოს ისტორიაში უდიდესი მოღალატის, ლიპარიტ ბაღვაშის ქალიშვილის სიყვარული. მეფე თავადვე ეუბნება დედისიმედს: “მაპატიე დაო, ჩემი და შენი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად”. დავითმა სამშობლოს დიდება აღუდგინა, მაგრამ მაინც მარტო დარჩა ბოლო მტრის – სიკვდილის – წინაშე.


უძლიერესი მხედარმთავრისა და ჭკვიანი დიპლომატის გარდა დავით მეოთხე ფაქიზი სულის ადამიანი იყო, ამაზე მეტველებს მეფის „გალობანი სინანულისანი“ . საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. „გალობანი სინანულისანი“ ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე მართლაც რომ უდიდეს რეზონანსს იძენს.


ქართული შეგნებით კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს – ერთი აქ დასარჩენი, მეორეც თან წასაყოლი. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებელია, როგორც დავით მეფეს. აქ აღამაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფის, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

კომენტარი