ბანკ „რესპუბლიკის“ სათავო ოფისში დათო ტურაშვილის კინომოთხრობის „ფრანგულ–ქართული ისტორიები“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ბანკ „რესპუბლიკის“ სათავო ოფისში დათო ტურაშვილის კინომოთხრობის „ფრანგულ–ქართული ისტორიები“ პრეზენტაცია გაიმართა. მწერალი შეხვდა მიწვეულ სტუდენტებსა და ბანკის თანამშრომლებს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ბანკ „რესპუბლიკის“ მხარდაჭერით, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, დათო ტურაშვილმა თავისი კინომოთხრობა „ფრანგულ–ქართული ისტორიები“ რამდენიმე ხნის წინ პარიზში გადაიღო. ფილმი ეძღვნება ქართულ–ფრანგულ ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებს, გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც საფრანგეთში მოღვაწეობენ. ფილმი საგანმანათლებლო ხასიათისაა და განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა თაობისათვის, რომელიც მზა სახით მიიღებს ინფორმაციას საფრანგეთთან ახლო წარსულის კულტურული კავშირების შესახებ.

თეიკო კანდელაკი, ბანკ „რესპუბლიკის“ კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი: „ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს ფრანგული და ქართული კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას. ყველასათვის საყვარელმა მწერალმა და მკვლევარმა დათო ტურაშვილმა მისთვის დამახასიათებელი, ორიგინალური, ინფორმატიული და სიყვარულით შთაგონებული კინომოთხრობა გადაიღო, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც სტუდენტების, ისე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისათვის. დღეს ჩვენი სათავო ოფისის დიდი დარბაზი აუდიტორიას ძლივს იტევდა. ჩვენს თანამშრომლებთან ერთად შეხვედრაზე ისტორიის, მედიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც მოვიწვიეთ. დათო ტურაშვილის ფილმი ყველა დამსწრე სტუმარმა საჩუქრად მიიღო. მოხარული ვართ, რომ ამ პროექტით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ორი ქვეყნის კულტურათა შემდგომი დაახლოების საქმეში.“

კომენტარი