სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ წარადგინა მის მიერ დაფინანსებული პროექტი, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისათვის ანიმაციური ფილმების შექმნა

თბილისი, 27 ოქტომბერი, 2014 – ფონდის „სიცოცხლის ხე“ დაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალი, ბავშვი და სოციუმი“ ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის შვიდი ანიმაციური ფილმი გახმოვანდა. პროექტის განხორციელების შედეგად, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში აუდიო დესკრიპციული (ტიფლო კომენტარები) მეთოდით ფილმების თარგმნას. ანიმაციური ფილმების თარგმნის შედეგად, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვის მშობელს აღარ მოუწევს იჯდეს ბავშვის გვერდით და აუხსნას მას, თუ რა ხდება ფილმში, რადგან პროექტის ფარგლებში გახმოვანებულ ანიმაციურ ფილმებში, დეტალურად და ბავშვისათვის ადვილად აღსაქმელად, გადმოცემულია ფილმის თითოეული კადრი. პროექტის ფარგლებში დამზადებული ფილმები ჩაიწერა 150 DVD დისკზე. დისკები დღის ცენტრებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და სკოლებს უფასოდ გადაეცემა.

პროექტის ფარგლებში შერჩეული შვიდივე ანიმაციური ფილმი, დამუშავდა და ითარგმნა პროფესიონალი ანიმატორების მიერ. გახმოვანებისას გათვალისწინებული იყო უსინათლო და მცირემხედველი ბავშვების სურვილები, კონსულტანტებისა და ბავშვებთან მომუშავე მასწავლებლების რჩევები. ფილმების გახმოვანებისას, მაქსიმალურად იქნა დაცული ესთეტიკური და ტექნიკური პარამეტრები.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალი, ბავშვი და სოციუმი“ პროექტი, ფონდმა „სიცოცხლის ხე“ პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა კეთილდღეობას ქართულ საზოგადოებაში, დაიცვას მათი სამოქალაქო ინტერესები და უფლებები.

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მიმდინარე წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომლის ფარგლებშიც დააფინანსა 24 პროექტი და 500 ათასზე მეტი ლარის მოცულობის საგრანტო რესურსი გამოყო. ნაწილი პროექტებისა განხორციელდა, ხოლო ნაწილის განხორციელება მიმდინარეობს. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს, ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100