ქამრების შემოჭერის ფონზე, ხადური ბიუჯეტიდან მარკირებაში ყოველწლიურად 6 მილიონის გადახდას აპირებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ძალაში შევა უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესი. შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან შვეიცარიულ კომპანია „სიქპას“ ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ლარს გადაუხდის.

ახალი რეგულაციის პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიგეგმა და 2012 წლიდან უნდა დაწყებულიყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგულირების ამოქმედება შეაჩერა. მაშინ ბევრი განცხადება კეთდებოდა წინა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და კორუფციულ გარიგებებზე და მარკირების პროექტიც სწორედ ასეთ საეჭვო გარიგებად მოინათლა.

ჯერ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა ხადურს მარკირების პროცესის სამართლიანობის შესწავლა და ამოქმედების გადადება, შემდეგ კი რამდენჯერმე ახალმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაადებინა ბრძანების გამოცემა.

მეწარმეები მუდმივად აპროტესტებდნენ რეგულირბის ახალ წესს და მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ წინა ხელისუფლების კორუფციული პროექტი გაეუქმებინა.

ბიზნესმენები ყოველთვის ღიად აცხადებდნენ, რომ მარკირება აზარალებდა წარმოებას, მომხმარებელს, სახელმწიფოს და მხოლოდ პროექტის ლობისტი ჩინოვნიკებისთვის და განმახორციელებელი შვეიცარიული კომპანიისთვის იქნებოდა მომგებიანი.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, იმ იმედით რომ ბიზნესი რეგულაციას აღარ გააპროტესტებდა, გადაწყვიტა მარკირების საფასური სახელმწიფოს შემოსავლებიდან გადაეხადა. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათი მიგნება ბიზნესს ახალი გადასახადისგან ათავისუფლებს, პროდუქციას არ გააძვირებს და პრობლემა მოგვარებულია. ბიზნესმენები კი რეგულაციას კვლავ აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხადურის გადაწყვეტილება კიდევ უფრო არასწორი და არასახელმწიფოებრივია.

თავად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ბოთლი ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტი ბრუნავს. ეს გახლავთ წლიურად დასამარკი ბოთლების სავარაუდო რაოდენობა. ხადურის ახალი ბრძანების მიხედვით, ყოველ 1000 ცალ ბოთლზე ბიუჯეტი შვეიცარიულ კომპანიას 10 ლარს გადაუხდის, დღგ-ს გარეშე. მარტივი საანგარიშოა, რომ შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან შვეიცარიული კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ლარს მიიღებს.

საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ეჭვი ფინანსთა მინისტრის გარემოცვისა და შვეიცარიულ კომპანია „სიქპას“ შორის კავშირების შესახებ. სამინისტრო და თავად ხადური აქტიურად ლობირებენ მარკირების პროცესის დაჩქარებულად დაწყებას და მეწარმეების არაერთი მიმართვის და თხოვნის მიუხედავად, მათთან შეხვედრას და არგუმენტების მოსმენას არ აპირებენ.

ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფონზე, მაშინ, როცა ფინანსთა სამინისტრო წელს იძულებული გახდა შეეკვეცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მხოლოდ საკუთარი სამინისტროს ბიუჯეტი შეამცირა 7 მილიონი ლარით, მინისტრი დაუსაბუთებელ და საეჭვო რეგულაციაში 6 მილიონის გადახდას შვეიცარიული კომპანიის სასარგებლოდ აპირებს.

კომენტარი