აფბა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციებს ითხოვს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ზურა კუკულაძის განცხადებით, აუცილებელია, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები რეგულაციებში მოექცეს.

კუკულაძის თქმით, ონლაინსაკრედიტო კომპანიები უბრალო შპს-დ არიან დარეგისტრირებულები და მათ საქმიანობას არავინ აკონტროლებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, გასცენ კრედიტები და მისი ამოღებაც ყოველგვარი კანონიერების გარეშე განახორციელონ.

"ორგანიზაციების საქმიანობის მასშტაბურობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, მომხმარებლის გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე და ამ კომპანიების აგრესიული მარკეტინგული კამპანია. მათი საკრედიტო პროდუქტი უძვირესია, ხშირ შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 1000%-ს აღწევს. კიდევ ერთი პრობლემაა, ურთიერთობის ფორმები პრობლემურ კლიენტებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში შანტაჟის ნიშნების შემცველი მუქარით ხორციელდება. ასევე ხშირია ინფორმაციის მესამე პირზე გაცემის ფაქტებიც, რაც კანონდარღევვაა. ასეთი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობა კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, იწვევს კონკრეტული ოჯახების გაკოტრებას და პიროვნულ ტრაგედიებს, რადგან მათი დაკისრებული საურავები არარეალურია", - განაცხადა ანალიტიკოსმა "პირველ პრესკლუბში".

კუკულაძე მიიჩნევს, რომ აუციელბელია, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები რეგულაციებში მოექცეს და ეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთი ბრძანების გამოცემაც საკმარისია იმისთვის, რომ ეს კომპანიები გარკვეულ კანონმდებლობას დაემორჩილონ.

ანალიტიკოსის თქმით, აუცილებელია ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების შინაარსიც, რომელიც მრავალმხრივ კანონდარღევვას შეიცავს და უნდა დაიწყოს ადამიანის უფლებების კონკრეტული დარღვევების გამოძიება.

"არ ვითხოვთ არცერთი ბიზნესის აკრძალვას. გვინდა, ყველაფერი სამართლიან ფორმებში მოექცეს. გვქონდა კონსულტაციები საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან, მათ შორის, პარლამენტარებთანაც. ყველა ერთხმად დაგვეთანხმა, რომ მსგავსი კომპანიები დიდ პრობელმას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისათვის. გამოითქვა მოსაზრეებიც, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ არის. უბრალოდ ვთვლით, რომ მათი საქმიანობა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

კომენტარი