სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერა ქობალიას მადლობა რუსეთს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიიჩნევს, რომ რუსეთს "მადლობა უნდა გადავუხადოთ". "რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ: 2006 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის რუსული ბაზრის ჩაკეტვა, რამაც ერთის მხრივ, ქართველ მწარმოებლებს ძლიერი დარტყმა მიაყენა, მეორეს მხრივ, იმის საწინდარი გახდა, რომ დღეს ქართული პროდუქციის ექსპორტის 22% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და იმაზე მეტ ღვინოს ვყიდით, ვიდრე ოდესღაც რუსეთის ბაზარზე.

ევროკავშირის მკაცრი სტანდარტების წყალობით ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა და ახლა კარგი ხარისხის პროდუქციას კომპანიებისთვის მეტი სარგებელი მოაქვს" – განაცხადა ქართველმა მინისტრმა უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა "ფოკუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, "2012 საარჩევნო წელია და ახალი ინვესტორების მოძიება გართულდება, მაგრამ სამინისტრომ გადაწყვიტა, შარშანდელი გეგმით გათვალისწინებული, წარმატებით შესრულებული 1 მლრდ დოლარიანი ნიშნული არ შეამციროს".

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, იცვლება იმ სექტორების ჩამონათვალი, რომელიც უფრო მეტ კაპიტალდაბანდებებს იზიდავს.

"თუკი 2008 წლამდე ინვესტორები თანხებს უმთავრესად უძრავ ქონებაში აბანდებდნენ, ახლა ეს გახლავთ ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ერთი სიტყვით - სექტორები, რომლებიც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის" – განმარტა მან.

ქობალია რუსეთის მიერ უკრაინული ყველის აკრძალვის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "რუსული ბაზარი არაპროგნოზირებადია და არავინ იცის, როდის დაიხურება იგი, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა აუცილებელი".

"ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენი მთავარი ექსპორტი ავტომობილებია, რომლებსაც საქართველო არ აწარმოებს. ექსპორტიორებს ჩვენი მარტივი სისტემა ხიბლავთ: ყიდვა-გაყიდვის მთელი პროცედურა ერთ დღეში ეტევა, განბაჟებაზე კი მხოლოდ 20 წუთი იხარჯება. მეზობელი ყაზახები თუ აზერბაიჯანლები საქართველოში ჩამოდიან და უკან შენაძენით ბრუნდებიან" – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100