სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტების მიერ დაჭრილი 17 წლის შოთა ლომსაძე ისევ რეანიმაციაშია

საჩხერის რაიონში გუშინ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდის, 17 წლის შოთა ლომსაძის მდგომარეობა, რომელიც გუშინდლამდე საჩხერის საავადმყოფოში იმყოფებოდა, გართულდა და იგი რეანომობილით თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლომსაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ორი ჭრილობა აქვს: ერთი მუცლის არეში შემავალი, მეორე კი გულ-მკერდის ღრუში შემავალი და გამავალი.

მეორე დაჭრილს, 27 წლის შუბითიძეს, მას აღენიშნება ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მენჯის არეში და დაზიანებული აქვს ბარძაყის ძვლის თავი. შოთა ლომსაძეს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რადგან მუცლის ღრუს ორგანოები იყო დაზიანებული. დილის საათებში დაჭრილი ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ მოინახულა. მისი თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა პაციენტის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამისთვის მობილიზებულია მთელი სახელმწიფო სამედიცინო რესურსი. „სავარაუდოდ, 50 პროცენტზე მეტია გართულების ან ფატალური დასრულების რისკი”, – აცხადებენ საავადმყოფოში.

რაც შეეხება მეორე დაჭრილს, მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ამიტომაც, მკურნალობის კურსს საჩხერეში აგრძელებს. ლომსაძესა და შუბითიძესთან ერთად მყოფი კიდევ სამი ახალგაზრდა ჯერაც არ გამოჩენილა. ისინი გუშინ ახლობლებთან კავშირზე გავიდნენ და მათ უთხრეს, რომ დაბნელებას ელოდებოდნენ, რათა მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამალავიდან გამოსულიყვნენ და შინ დაბრუნებულიყვნენ, თუმცა, დილით მიღებული ინფორმაციის თანახმად, თავიანთ სახლებში ახალგაზრდები ჯერაც არ მისულან.

რუსმა ოკუპანტებმა 5 ჭალოვანელ ახალგაზრდას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი ოკუპირებული ზონის სიახლოვეს ჯონჯოლის მოსაგროვებლად იყვნენ წასული. თავდაპირველად მათ ქართველების შეპყრობა სცადეს, თუმცა ბიჭებმა გაქცევით უშველეს თავს, რაც საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის გასახსნელად.

ამავე დროს, ოსური მხარე იუწყება, რომ ინციდენტი არა სოფელ ჭალვანში, არამედ ზნაურის რაიონის სოფელ ლოპანში მოხდა. იმავე მხარის მტკიცებით, ცეცხლი არა რუსმა ჯარისკაცებმა, არამედ „დაუდგენელმა პირებმა“ გახსნეს.

საჩხერეში მომხდარ ინციდენტს მწვავე შეფასებები მოჰყვა აშს–ის მხრიდან. რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებები საქართველოს პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100