სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი: ეს გზა სიცოცხლეს დაუბრუნებს მაღალმთიან სოფლებს

''ჩვენი მთავრობის პოლიტიკური ნებაა ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც მოემსახურება დიდ საქვეყნო საქმეს - მოსახლეობის შენარჩუნებას მაღალმთიან სოფლებში'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბარისახოში გამართულ "საუკუნის გზის" პროექტის პრეზენტაციაზე. ღონისძიება დღეს ხელოვნების ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში ბარისახოში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს პროექტის მხარდაჭერისთვის და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ხევსურეთის დაცლას მოსახლეობისგან და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი25-კილომეტრიანი გზის მშენებლობას.

"ჩვენ ვიწყებთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის გაყვანაც აქამდე ვერასოდეს მოხერხდა. ეს გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს - არხოტსა და როშკას დააკავშირებს ერთმანეთთან, სიცოცხლეს დაუბრუნებს ხევსურულ სოფლებს და მთლიანად ხევსურეთს. და დარწმუნებული ვარ, სამანქანო გზის პირველად გაჭრა, მთაში დაბრუნებისსიმბოლოდ იქცევა,"-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებლობა მომავალი წლისთვის დაიწყება, რადგან გზის გაჭრა ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს და აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება, გარემოზე ზემოქმედების შესწავლა.

მან ასევე ისაუბრა ციხე-ქალაქ მუცოს, როგორც საქართველოს გამორჩეული ძეგლის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვალია მიხედოს და გადაარჩინოს ეს უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ფესტივალ "ქართული სულის" ორგანიზატორებმა მთიანი რეგიონის აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფესტივალის მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100