„სპეციალური რეპორტაჟით“ გავრცელებულ ფოტოზე, გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე მისმა მეგობრებმა ვერ ამოიცნეს

presa.ge

29 მაისის „სპეციალურმა რეპორტაჟმა“ მაყურებელს “სენსაციური” ცნობა მიაწოდა: სიუჟეტის ვერსიის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს გადაღებულ ფოტოებზე გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე (რომელიც კიდევ ერთ გარდაცვლილთან ერთად „თავისუფლების მოედანთან“ მდებარე მაღაზიის სახურავზე იპოვეს) მისმა მეგობარმა, რეზო რეხვიაშვილმა ამოიცნო.

მეგობარი ამბობს, რომ ფოტოზე გამოსახული, კინოთეატრ „რუსთაველთან“ დაკავებულ მომიტინგეებს შორის მყოფი, პირქვე დაწოლილი და ხელებშეკრული მამაკაცი ნიკა კვინტრაძეა. მართალია, კვინტრაძეს სახე არ უჩანს, მაგრამ მისი მეგობარი, რომელიც 26 მაისს აწ გარდაცვლილ ნიკა კვინტრაძესთან იმყოფებოდა, ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი მისი ბავშვობის მეგობარი, ნიკა კვინტრაძეა.

თუმცა, ექსპერტიზის შედეგებით ცნობილია, რომ ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების მიზეზი, საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომის განცხადებით, დენის დარტყმა გახდა. როგორც ჩანს, პოლიციელების მიერ არასანქცირებული მიტინგის დაშლისას, ნიკა კვინტრაძე მიმალვას შეეცადა და მაღაზიის სახურავზე აღმოჩნდა. ხოლო იმის გამო, რომ იყო წვიმა და სახურავზე გამავალი ელექტროკაბელი დაზიანებული, იგი სწორედ ელექტროსადენთან ან თუნუქის სახურავთან (რომელზეც ძაბვა გადადიოდა) შეხების გამო დაიღუპა.

კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირქვე დამხობილ მამაკაცში ნიკა კვინტრაძე მისმა სხვა ნაცნობებმა ვერ ამოიცნეს. მაგალითად, ნიკა კვინტრაძის ერთ-ერთმა კლასელმა, რომელმაც არ ისურვა სახელისა და გვარის დასახელება, ასფალტზე დაწვენილ მამაკაცში ნიკა კვინტრაძე ვერ ამოიცნო.

და ბოლოს: რაც ყველაზე მთავარია, ნიკა კვინტრაძის ოჯახის მეგობრებისა და მეზობლების თქმით 26 მაისს მას ლურჯი, მოკლესახელოიანი მაისური ეცვა, ზოლების გარეშე. „პრესა.ჯი“-ს წყაროს ცნობით, სწორედ ეს მაისური ეცვა ნიკა კვინტრაძეს, როდესაც მისი ცხედარი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. ფოტოზე გადაღებულ მამაკაცს კი მუქი ფერის ჯემპრი აცვია, რომელსაც ყელთან და მკლავებთან თეთრი ზოლები აქვს.

კომენტარი