მამა პეტრეს წერილი პატრიარქს

უწმინდესო, მამავ, მშობელო, მეგობარო, მოძღვარო, ჩვენი ტკივილებით დამძიმებულო ადამიანო!..
იმდენი მაქვს სათქმელი, რა სიტყვამ უნდა დაიტიოს, რომც მოვიდე, ვიცი, დაღლილი, ჩვენი სირთულეებით დამძიმებული, დროს მაინც გამონახავ და მომისმენ, მაგრამ როგორ?! ცრემლად და დუმილად დავიღვრები...
წლების წინ, სნოში რომ წამიყვანეთ, ლექსები წამაკითხეთ და მერე გულში ჩამიკარით. ყველაზე დაცული ალბათ სულ ორჯერ ვიყავი, დედის წიაღში და თქვენს მკერდზე მიყრდნობილი, ჩვენი ერის გულისცემას რომ ვგრძნობდი. ყველა ჯილდო და მწვერვალი, თქვენს გვერდით სიარული, თქვენი ყველაზე სავსე დუმილის და დარდით გაჯერებული ამოსუნთქვის მოსმენა იყო.
მაშინ რომ მოსაცმელი მაჩუქეთ, ჩაცმას ვერ ვბედავ, სათუთად ვინახავ და როცა ადამიანების გაყინული და აგრესიული გამოხედვით ვძიმდები, მაშინ ვაღებ ყველასთვის აკრძალულ კარადას, თქვენს ნაქონ მოსაცმელს ვეხები და ვთბები. ისე, როგორც ბუხართან დედისგან მოქსოვილი წინდებით ვთბებოდი გაუსაძლის ყინვებში.
სნოში მკითხეთ-მოგწონს აქაურობაო?! ზღაპრის გმირი ვარ და არ მინდა წიგნი დაიხუროს მეთქი. მაშინ თქვით ეს ზღაპარი დიდხანს იარსებებსო. მხედველობაში თქვენი კუთხის ბუნება, ქრისტეს ნათელი და კაცთმოყვარეობა გქონდათ. იმ ზღაპრის ავტორი თქვენ ხართ და მინდა დიდხანს არ დასვათ ბოლო წერტილი.
მერე იყო სამების ტაძარი, ლიტერატურული შეხვედრები, საღამოები, პაოლო იაშვილის წესის აგება, მე რომ დამავალეთ, რითიც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. თქვენთან, შინ სტუმრობისას დამაყენებდით და ლექსს მაკითხებდით... მეც სხარტად დავიწყებდი და სახლში ფრთებგამობმული მოვფრინავდი, ექვსი შვილისთვის მეთქვა, რომ პატრიარქმა ლექსი წამაკითხა.
მქონია უიმედობა, გაუსაძლისი და ვნებული, როცა იობისეული მოთმინება მჭირდებოდა, ისევ თქვენ მიგაშურებდით და ზუსტად ვიცოდი, იმას მივიღებდი, რაც მჭირდებოდა.
ახლაც იგივეს განვიცდი. წუხელ, ჩემი სამი წლის სოფიას-თქვენს ნათლულს ნეკნებამდე ვიკრავდი გულში და თან მრცხვენოდა, მეშინოდა, ცრემლი თუ გარეთ დაუმთავრებელი წვიმა მახრჩობდა. ის მშობლები მახსენდებოდა, რომლებმაც გუშინ უკანასკნელად ჩაიკრეს შვილები და ხვალ საფლავის გზას უნდა დაადგნენ. სტიქიაზე მეტად, იმ ადამიანების შური, სიძულვილი, ბოღმა, მოჩვენებითი მართლმადიდებლობა და უსიყვარულობა მახრჩობს, ვისაც ენაზე თქვენი და ქრისტეს სახელი აკერია, მაგრამ საქმით სხვას ამტკიცებენ. ვინც საკუთარი აგრესიის განსამტკიცებლად დაუვიწყარ ტრაგედიას საჭიროს უწოდებს და საბედისწერო ყორანივით დაგვჩხავის-,,ღირსები ხართ"!..
კიდევ ერთხელ გვითხარით, რომ უმთავრესი მიტევება და ადამიანობაა. გვითხარით, რომ საკმარისია წყალმა ვინც წაიღო და დარჩენილი სიყვარულიც არ გავატანოთ სტიქიას...
უწმინდესო, ახლა ყველაზე მეტად მჭირდები...

კომენტარი