სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპის სახალხო პარტია რუსთავი2-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

შეშფოთებას რუსთავი2-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოთქვამს ევროპის სახალხო პარტია. რეზოლუციის პროექტი ევროპის ყველაზე მსხვილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენიმე დღეში უნდა განიხილოს.

ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს პარტია სარედაქციო პოლიტიკისა და მფლობელის შესაცვლელად მიმდინარე კამპანიად აფასებს.

მედიისათვის დარიგებულ პრეს-რელიზში, სადაც საუბარია სასწრაფოდ განსახილველი რეზოლუციის პროექტებზე, ასევე გამოტანილია რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ. მისი სახელწოდებაა - „დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში". პროექტის ინიციატივას ლიტვური მხარე წარმოადგენს.

ტექსტში თავიდანვე მოხსენიებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლებას მოუწოდებს კონცენტრირებული იყოს ქვეყნის მომავალზე.

"ევროპის სახალხო პარტია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ცნობების გამო, რომ მიმდინარეობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კამპანია საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეარხის - რუსთავი 2-ის მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად. ასევე ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების გამოც, იმის ჩათვლით, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკური ტოქშოუები დაიხურა. ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერთა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების გაგრძელებისა და რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა წინასასამართლო დაკავების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეცვალოს ეს ტენდენციები და კონცენტრირება მოახდინოს ქვეყნის მომავალზე," - ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუციაში 5 პუნქტია, მათგან ორი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ეხება.

რეზოლუციის პროექტში ცალკე პუნქტად საუბარია დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ხელახალ დაკავებაზე.

რეზოლუციის პროექტი დღეს უნდა განიხილონ სახალხო პარტიის სამიტზე, რომელიც მადრიდში იმართება.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100