აბანოების ხელმძღვანელები GWP-ს გან გადასახადის გადახედვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობას შეწყვეტენ

შპს „ბახმარო“, შპს „ჯორჯიან სპა“, შპს „შაკო“, შპს „ჭრელი აბანო“ და შპს „ნარიყალა“ თბილისის გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღიშნულია, რომ თუ წყლის გადასახადის გადახდის წესი არ გადაიხედება, 17 მარტიდან, აბანოების მუშაობა შეჩერდება. მათივე განცხადებით, თუ აღნიშნული პრობლემა ერთი კვირის ვადაში არ გადაწყდება, 17 მარტიდან აბანოების მუშაობა შეჩერდება და საპროტესტო აქციები გაიმართება. განცხადების თანახმად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი გამოიყენა და აბანოებს დაღვრილი წყლის გატარება-გაწმენდის გადასახადი გაუათმაგა. „თითქმის, ერთი წელია, აღნიშნულ კომპანიებთან შეხვედრას და საკითხის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენი ბოლო შანსი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების, კანონმდებლების, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის ჩართვაა და კვლავ გვაქვს იმედი, რომ პრობლემა თბილისის სასარგებლოდ გადაწყდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, როგორც თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ლიცენზიანტი, აბანოების შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს, აბანოს ფუნქციონირებისას მოხმარებული წყლის გადასახადთან ერთად, გოგირდის გეოთერმული წყლების მოხმარების შედეგად საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულებას სთხოვს. ხსენებული კომპანიამ აღნიშნული მომსახურების საფასური შეცვალა და 1 კუბურ მეტრზე 0,90 თეთრი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი დაგვიწესა. გაცნობებთ, რომ გოგირდის გეოთერმული წყლები წარმოადგენს თვითმდენ მიწისქვეშა წყალს და დღე-ღამის განმავლობაში ჭაბურღილიდან თვითდენით გამოედინება, დაახლოებით, 1000 კუბური მეტრის ოდენობით. წყლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, თვითმდენი საბადოს თუნდაც, დროებით დაკეტვა. გოგირდის წყალი აგრესიული წყლების კატეგორიას მიეკუთვნება და ჭაბურღილის გადაკეტვა გამოიწვევს საბადოს ამოხეთქვას, დებეტების შემცირებას ან საბოლოოდ დაკარგვას. შპს „ბახმარო“, შპს „ჯორჯიან სპა“, შპს „შაკო“, შპს „ჭრელი აბანო“ და შპს „ნარიყალა“ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ დაღვრილი წყლის გადასახადის გადახდის წესი, გაითვალისწინოთ თბილისის აბანოების განსხვავებული სპეციფიკა, ტურისტული და ისტორიული მნიშვნელობა და დაგვეხმაროთ თბილისის ამ ღირსშესანიშნაობის გადარჩენაში. გთხოვთ, გულდასმით შეისწავლოთ ჩვენი სატკივარი და, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაგვიწიოთ შუამდგომლობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რათა გეოთერმული წყლებით მოსარგებლე სუბიექტებისთვის (აბანოს პროფილის შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებისთვის) დაწესდეს სპეციალური ტარიფი, შეღავათი არსებულ სატარიფო განაკვეთებში. გარწმუნებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვერცერთი აბანოს შენობის მესაკუთრე ვერ გადაიხდის დაკისრებულ გადასახადს და იძულებული გახდება, შეაჩეროს დაწესებულების ფუნქციონირება. სამსახურს დაკარგავს ასეულობით ადამიანი, ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, თბილისი დაკარგავს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობას - დედაქალაქი დარჩება გოგირდის აბანოების გარეშე!",- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი