გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა თბილისის მერიასთან გოგირდის წყალი დაღვარეს

გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და გაზრდილი წყლის ტარიფი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შენობის შესასვლელთან გოგირდის წყალი დაღვარეს და დაღვრილი წყლის სიმბოლური ღირებულება - 2 თეთრი მერიაში მინის ყუთით დატოვეს.

შპს "ნარიყალას" დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი თბილისის მერს მოუწოდებს, წყლის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით დაწყებულ დავაში ჩაერიოს და სიტუაცია დაარეგულიროს.

"მერიას მოვუწოდებ, შექმნილ სიტუაციაში ჩაერთოს. GWP არის თავხედური შპს, რომელიც თავხედურად დგას საკუთარ პოზიციაზე და ჩვენთან დიალოგსაც კი არ კადრულობს. დღეს თბილისს გული სტკივა, ხოლო მერი დუმს. ის 110 ათასი ლარის დავალიანება, რაც კომპანიას აქვს, ძალიან დიდ ტვირთად გვაწევს. 13 ივნისს, იქნება სასამართლო პროცესი და თუ ეს თანხა ვალად დაგვიტოვა, ცუდად დამთავრდება ყველაფერი. შემდგომი აქცია კანცელარიის წინ ჩატარდება, თუ ამის შემდეგაც არ იქნება შესაბამისი რეაგირება, არის იმის საფრთხე, რომ აბანოები დაიკეტოს”, - განაცხადა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

შეგახსენებთ, აქამდე აბანოების წარმომადგენლებმა მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და სემეკ-ის ოფისებთან გამართეს.

კომენტარი