ტერაბანკი ასაჯაროვებს უკანონო სქემის დეტალებს და რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

უკვე რამდენიმე თვეა ტერაბანკის წინააღმდეგ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მეანაბრეების დაშინებას და ამით ბანკისთვის მატერიალური და რეპუტაციული ზიანის მიყენებას. 2011-14 წლებში რეალურმა მეანაბრემ და ბანკის ფილიალის ყოფილმა მმართველმა ბანკის წინააღმდეგ შეიმუშავეს უკანონო სქემა, რომლითაც ბანკს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

აღნიშნულ საქმეზე ბანკის ინიციატივით დაიწყო გამოძიება და სასამართლო პროცესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეანაბრე მედიაში ავრცელებს დაუსაბუთებელ განცხადებებს - ანაბრის ვითომ ბანკის მიერ მითვისებასთან დაკავშირებით, არ ელოდება გამოძიების და სასამართლო განხილვების შედეგებს, და მუქარისა და შანტაჟის გზით ცდილობს ბანკისგან მატერიალური სარგებლის მიღებას, ტერაბანკი მას რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავს ვიკავებდით კონკრეტულ ფაქტებზე და ადამიანებზე საუბრისაგან, ერთის მხრივ, საბანკო კონფიდენციალობის, მეორეს მხრივ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა დღეს უკვე თავად კლიენტები საჯაროდ გამოჩნდნენ მედია სივრცეში და ამავე დროს დაწყებულია სასამართლო დავა, რომლის ფარგლებშიც საქმის ყველა გარემოება დეტალურად არის გაცხადებული. ამიტომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით წარმოგიდგენთ უკანონო სქემის დეტალებს.

მეანაბრე აქამდე საუბრობდა და ავრცელებდა დაუსაბუთებელ ფაქტებს მხოლოდ 2013 და 2014 წლის 4 აპრილს განხორციელებული ოპერაციების შესახებ. თუმცა, იგი არ ეხებოდა არც აღნიშნულ თარიღამდე და არც მის შემდეგ არსებულ ისტორიას.

ამ ისტორიას ჰყავს 3 მთავარი მონაწილე:აბშილავა - ფიალიალის ყოფილი მმართველი;მაისურაძე - რეალური მეანაბრე - აბშილავას მეზობელი და საქმიანი პარტნიორი;ჯაფარიძე - ფორმალური მეანაბრე, მაისურაძის რძალი.

მაისურაძე და ბანკის ფილიალის ყოფილი მმართველი შეთანხმდნენ, რომ მაისურაძე ბანკში დეპოზიტის სახით განათავსებდა 1 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო ფილიალის მმართველი კი უზრუნველყოფდა იმას, რომ მაისურაძის დეპოზიტს უმაღლესი პროცენტი დაერიცხებოდა. სანაცვლოდ, მაისურაძე თავისი დეპოზიტით თავდებად დაუდგებოდა აბშილავას ბანკიდან კრედიტების აღებაში, რომელიც ბანკიდან სესხის სახით მიღებულ ფულს უფრო მაღალი პროცენტით გაასესხებდა და მოგებას მიიღებდა. საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩებოდა, როგორც მაისურაძე, ასევე აბშილავა. იმის გამო, რომ აბშილავა იყო ბანკის ფილიალის მმართველი, მას არ შეეძლო ღიად გამოჩენილიყო ამ შეთანხმებაში, ამიტომ მაისურაძისა და აბშილავას შეთანხმებით ბანკიდან სესხებს აიღებდნენ აბშილავას ნათესავები და მეგობრები, რომელთაც თავდებად მაისურაძე დაუდგებოდა.

ამ სქემით ეს ურთიერთობა 2 წლის განმავლობაში ვითარდებოდა და 2013 წლის 4 აპრილისთვის მაისურაძის თავდებობით უზრუნველყოფილი იქნა ფაქტობრივად აბშილავას სასარგებლოდ გაცემული 4 სესხი ჯამურად, 556,000 აშშ დოლარის ვალდებულებით.

ამ პერიოდში მაისურაძეს სასამართლოში უჩივლა კრედიტორმა და 2013 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მაისურაძეს მომჩივანი მხარის სასარგებლოდ 1,606,875 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში შევიდა, ამიტომ ამ ვადის დადგომამდე, 2013 წლის 4 აპრილს, მაისურაძემ თავისი დეპოზიტიდან 800,000 აშშ დოლარი გადაიტანა ჯაფარიძეზე, მის რძალზე. იმ პირობებში, როდესაც ეს დეპოზიტი აღნიშნულ მომემტში უზრუნველყოფდა 556,000 აშშ დოლარის ვადლებულებას.

2014 წლის 4 აპრილს ამოიწურა მესამე სადეპოზიტო წელიც, სადაც ფორმალურ მეანაბრეს -ჯაფარიძე წარმოადგენდა. ამ დროისათვის აბშილავას ნათესავებისა და მეგობრების დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენდა 759,800 აშშ დოლარს. ამ დღეს ბანკში გამოცხადებულმა ფორმალურმა მეანაბრემ (ჯაფარიძემ) რეალური მეანაბრის - მაისურაძის თანდასწრებით ხელი მოაწერა განცხადებას ჯაფარიძის მიმდინარე ანგარიშზე არსებული 800,000 აშშ დოლარიდან 759,800 აშშ დოლარით აბშილავას კრედიტების დაფარვაზე. ამავე ხელმოწერასთან ერთად ჯაფარიძემ ხელი მოაწერა სალაროს გასავლის ორდერს სესხების გადაფარვის შემდეგ დარჩენილი ნაშთის - 40,200 აშშ დოლარის გატანის შესახებ. ამ მომენტში ურთიერთობა ბანკსა და დეპოზიტარს შორის დასრულდა! ამავე დღეს აბშილავამ, როგორც კერძო პირმა, მაისურაძეს ხელზე გადასცა 60,000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, როგორც ჩანს, აბშილავას პირადმა ვალმა მაისურაძის მიმართ 700,000 აშშ დოლარი შეადგინა.

მალევე, აბშილავა გათავისუფლდა ბანკის ფილიალის მმართველის თანამდებობიდან.

შემდეგი ერთი წლის განმავლობაში (2014 წლის 4 აპრილიდან 2015 წლის 4 აპრილამდე) აბშილავა, როგორც კერძო პირი (მისი მეგობრების მეშვეობით) მაისურაძეს (ჯაფარიძის მეშვეობით) ყოველთვიურად უხდიდა 700,000 აშშ დოლარის 12%-ს.

2015 წლის 4 აპრილს აბშილავამ, როგორც კერძო პირმა, ხელზე გადასცა მაისურაძეს და ჯაფარიძეს 200,000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც აბშილავას პირადი ვალი მაისურაძის მიმართ 500,000 აშშ დოლარი გახდა.

შემდეგი 10 თვის განმავლობაში (2015 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის 4 თებერვლის ჩათვლით) აბშილავა, როგორც კერძო პირი, (მისი მეგობრების მეშვეობით) მაისურაძეს (ჯაფარიძის მეშვეობით) ყოველთიურად უხდიდა 500,000 აშშ დოლარის 12%-ს.

2014 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის 4 თებერვლამდე აბშილავას/მასთან დაკავშირებულ პირებს მაისურაძისთვის გადახდილი აქვთ 260,000 აშშ დოლარი და ასევე შესაბამისი პროცენტები. ბანკთან ჯაფარიძე/მაისურაძე პრეტენზიით გამოცხადდნენ 2016 წლის მარტში მხოლოდ მას შემდეგ, რაც როგორც ჩანს, პრობლემები გაჩნდა მათსა და აბშილავას პირად საქმიან ურთიერთობაში, როდესაც აბშილავამ პირადი ვალის გადახდა ვეღარ შეძლო. მითი, რომ ე.წ. დაზარალებული ჯაფარიძე 2 წლის განმავლობაში არ ინტერესდებოდა თავისი 800 ათას დოლარიანი ანაბრით, არ ფლობდა არც ერთ საბუთს და არც ერთხელ არ იყო მას შემდეგ ბანკში ნამყოფი, სრულად ქარწყლდება ჩვენ მიერ წარმოდგენილი სქემის ფონზე.

2016 წლის 17 მაისს ბანკმა მიმართ პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ერთი თვის წინ პროკურატურამ გამოაქვეყნა გამოძიების შუალედური შედეგები, სადაც შეეხო მხოლოდ ჯაფარიძე - აბშილავას ეპიზოდს, თუმცა ჩვენ ახლახანს პროკურატურას მივაწოდეთ სრული დოკუმენტაცია და იმედი გაქვს, რომ გამოძიება გამოიკვლევს მთლიან სქემას.

მაისურაძისა და ბანკის ყოფილი ფილიალის მმართველის უკანონო შეთანხმებით ბანკმა ზიანი განიცადა. დღეისათვის, შეტანილი გვაქვს სარჩელი აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დამატებით, ვგეგმავთ რეპუტაციული ზიანისთვის სარჩელის შეტანას, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ბანკის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და მეანაბრეები და მიზნად ისახავს ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებით მის იძულებას დააკმაყოფილოს არასამართლიანი მოთხოვნა.

კომენტარი