სენაკში დაკარგული ბავშვის ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას და დაუხმარებლობის მუხლის მკვლელობით შეცვლას ითხოვს

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას და დაუხმარებლობის მუხლის მკვლელობით შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, საქმეს ბრალდებულის ადვოკატიც უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

ადვოკატის განმარტებით კი ის აგრძელებს ბრალდებულის დაცვას და აცხადებს, რომ თავად ოჯახიც, საკუთარი ძალებით ცდილობს გაარკვიოს მომხდარის დეტალები.

სამძებრო სამუშაოები კი დღეს დილიდან განახლდა. მყვინთავები, კინოლოგები და საგანგებო დავალებათა ბატალიონის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს მდინარე ტეხურში ატარებენ, თუმცა დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ გაუჩინარებული 8 წლის ნიკა გაბეჩავას საქმეზე დაკავებულს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე მომხდარზე 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს და ბრალდებულსაც ბრალი სწორედ ამ მუხლით წაუყენეს გვიან ღამით.

დღეს სასამართლოზე ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების შესახებ ხმაური მოჰყვა.

სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის გადაკეტვაც სცადეს.

კომენტარი