აფრიკაში შიმშილს წყურვილიც დაერთო...

მიმდინარე ზაფხულს, მთელ მსოფლიოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. გამონაკლისი არც აფრიკის კონტინენტია. აქ, უკანასკნელი 60 წლის მანძილზე, ყველაზე მძიმე სიცხეებია, რაც სასმელი წყლის სერიოზულ დეფიციტს წარმოშობს. ამას ემატება აფრიკისთვის „ტრადიციული“, შიმშილობის პრობლემა, რის გადაჭრასაც საერთაშორისო საზოგადოება, ათწლეულებია, უშედეგოდ ცდილობს. დღეს კი, აფრიკაში 11 მილიონ ადამიანს, სასწრაფოდ ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მსხვერპლის რაოდენობა უმძიმეს მასშტაბებს მიაღწევს.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, სომალის მოსახლეობაა,სადაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო თვეებში, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით ოთხი მილიონი სომალელი უკიდურეს ზღვრამდეა მისული, მათი დიდი ნაწილი - ბავშვია. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის მცხოვრებლების გადასარჩენად, ერთმანეთს ძალთა კოორდინაციის დაჩქარებისაკენ მოუწოდებენ. უმძიმესი სიტუაციაა სომალის სამხრეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ტრაგედიის ეპიცენტრია.

ამას ემატება ისიც, რომ სომალის ცენტრი და სამხრეთის პროვინციები, ისლამური დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ კონტროლქვეშ იმყოფება. ეს დაჯგუფება, საერთაშორისო ქსელ „ალ-ქაიდასთან“ არის კავშირში. თვის დასაწყისში, ტერორისტებმა ჰუმანიტარული დახმარების მიღების აკრძალვა მოხსნეს, თუმცა, გაეროს, პროპაგანდასა და შიმშილის მასშტაბების ზრდაში ადანაშაულებენ. შიმშილს, ასევე, სამოქალაქო ომს, რომელიც სომალიში უკვე ოცი წელია გრძელდება, აუტანელი სიცხე და გვალვები ერთვის, რაც მდგომარეობას ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.

კომენტარი