11/09/2001

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, ნიუ-იორკის მცხოვრებლების თვალწინ „სურათი წარსულიდან“ ტრიალებს: სახელმწიფოს შენობების გამოსასვლელებთან ავტომატიანი პოლიციელები, ხიდებთან და საავტომობილო გვირაბებთან, ასევე, პოლიციელთა ჯგუფები, მეტროში პატრული მგზავრების ბარგს ამოწმებს... ამ წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები, ყოველ 11 სექტემბერს ახალი ტერორისტული აქტების საფრთხის პრევენციას, დაცვის განსაკუთრებული ზომების მიღებით ახდენს. 2001 წლის შემზარავმა მოვლენებმა მსოფლიოს ზესახელმწიფოს და, საერთოდ, მსოფლიოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და გლობალური პოლიტიკა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

10 წლის წინ, მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს იმ შემზარავ კადრებს, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორ განვითარდა მოვლენები 2001 წლის 11 სექტემბერს? კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და გავიხსენოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტის ქრონოლოგია.

ავიაკომპანია American Airlines - ის კუთვნილი თვითმფრინავი, Boeing 767, რეისი 11, მასაჩუსეტსის შტატიდან, ბოსტონიდან, 2001 წლის 11 სექტემბერს დილის 7:59 წუთზე გამოფრინდა და კურსი ლოს-ანჟელესისკენ აიღო. მის ბორტზე 81 მგზავრი, ორი პილოტი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. ნიუ-იორკის შტატის თავზე, ის მკვეთრად შემოტრიალდა და ქალაქ ნიუ-იორკის მიმართულებით გაემართა. 8:45 წუთზე, ლაინერი ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლოს, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს, ჩრდილოეთის კოშკს შეეჯახა.

კომპანია United Airlines - ის კუთვნილი მეორე თვითმფრინავი კი, ამ რეისის კვალდაკვალ, ასევე, ბოსტონიდან, 8:14 წუთზე გამოფრინდა. მანაც კურსი ლოს-ანჟელესისკენ აიღო. შემდეგ კი შემობრუნდა და მანჰეტენისკენ გაემართა. აეროპორტ ნიუარკიდან სიგნალებს ეკიპაჟი არ გამოეხმაურა. რამდენიმე წრე დაარტყა მანჰეტენზე, დაბალ სიმაღლეზე და მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის სამხრეთის შენობისკენ გაემართა. ცხრა საათსა და სამ წუთზე, კატასტროფის მოწმე რამდენიმე ტელეკომპანიაც გახდა...

მესამე თვითმფრინავი, ბოინგ 757—200 77 American Airlines, პენტაგონს დაეჯახა, ხოლო მეოთხე ბოინგ-757 რეისი 93 United Airlines, პენსილვანიაში, პიტსბურგიდან 125 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში ჩამოვარდა.

ერთ-ერთ თვითმფრინავზე მყოფმა ცნობილმა კომენტატორმა ბარბარა ოლსონმა მოახერხა მეუღლეს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრს, თეოდორ ოლსონს, გატაცებული თვითმფრინავიდან ორჯერ დაკავშირებოდა. თვითმფრინავი საუბრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პენტაგონს დაეცა. პირველი ზარის დროს, ბარბარამ მეუღლეს აცნობა, რომ თვითმფრინავი გატაცებულია და ტერორისტებმა მგზავრები და პილოტი თვითმფრინავის უკანა ნაწილში გამოყარეს. მას არ დაუკონკრეტებია გამტაცებლების არც რაოდენობა და არც ეროვნება. შემდეგ საუბარი შეწყდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბარბარა ოლსონი მეუღლეს კვლავ დაუკავშირდა და ჰკითხა: რა უნდა ვუთხრა პილოტს? ეს იყო მისი უკანასკნელი წინადადება... მოგვიანებით გაირკვა, რომ ცნობილი ტელეწამყვანი ამ რეისით გამოფრენას არ აპირებდა. მან ბილეთი სხვა რეისზე დაჯავშნა, მაგრამ 12 სექტემბერს მისი მეუღლის დაბადების დღე იყო და ბარბარას სურდა, გამგზავრების წინ, საყვარელ ადამიანთან ერთად ესაუზმა...

ტერორისტული აქტის შედეგად, სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 246 ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავებში, 2602 მსოფლიოს სავაჭრო ცენტრში, აქედან 343 მეხანძრე და 60 პოლიციელი, 125 პენტაგონში, ამას გარდა, ათეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... ამ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ნიუ-იორკის ბირჟამ, ორი დღის განმავლობაში, მუშაობა შეწყვიტა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, ეს მოვლენები გახდა მიზეზი შემდგომ ავღანეთის და ერაყის ომებისა.

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების კოსმუსურმა სააგენტომ („ნასამ“) თავის ოფიციალურ საითზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც კოსმოსური სააგენტოს ბორტიდანაა გადაღებული. მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტის უნიკალური კადრები, სადგურის მესამე, გრძელვადიანი ეკიპაჟის ხელმძღვანელმა, ფრენკ კალბერტსონმა გადაიღო, რომელიც, როგორც „ნასა“ აღნიშნავს, ერთადერთი ამერიკელი იყო, რომელიც იმ დროს დედამიწაზე არ იმყოფებოდა. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრზე ტერორისტების თავდასხმის ცნობის მიღების შემდეგ, ის ილუმინატორთან ვიდეოკამერით მიიჭრა, დაელოდა ვიდრე სადგური აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, 400 კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინდებოდა და ვიდეო სწორედ მაშინ გადაიღო, როცა მეორე თვითმფრინავი სამხრეთის კოშკს შეეჯახა. მოგვიანებით კოსმონავტმა აღნიშნა, რომ მაშინ ზუსტად არ იცოდა, იქ რა ხდებოდა, ხედავდა კვამლს და და ღრუბელს მანჰეტენის თავზე და თავისი ხალხისა და ქვეყნისათვის ლოცულობდა...

დღეს, ნიუ-იორკში, დაღუპულების გასახსენებლად, მასობრივი სამგლოვიარო ცერემონია ტარდება.. აქვე, პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯს ბუშის, ცნობილი პოლიტიკოსების და დაღუპულთა ოჯახის წევრების მონაწილეობით, ეროვნული მემორიალი გაიხსნება, სადაც, ტრადიციულად, ახლობლები ტერაქტის დროს დაღუპულების გვარებს წაიკითხავენ...

წყარო


კომენტარი