ირაკლი კობახიძე: ხედავდით თუ რამდენად ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რაც არის ძალიან სამწუხარო

„ეს იყო პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც საუბარი იყო იმ ვითარებაზე, რეალობაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დისკუსიისას, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები ირღვეოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. „ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა ეს დისკუსია, როგორითაც წარიმართა და ხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რაც არის ძალიან სამწუხარო. იყო საუბარი იმაზე, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემის აზრით, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ის, თუ რეალურად რა როგორ არის ამ ქვეყანაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი