„ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ თურქეთი წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს

წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

1968 წელს ამერიკელმა ანთროპოლოგმა პიტერ გოლდმა მე-19 ს.-ში ინეგოლში (თურქეთი) გადასახლებული ქართველებისაგან ჩაიწერა მათი ტრადიციული მუსიკა. მასალის ნაწილი 1972 წელს გამოსცა ამერიკაში, ინდიანას უნივერსიტეტის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქივის სახელით. მან, აგრეთვე, შემოგვინახა თურქეთელი ქართველის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის 1965-66 წლის ჩანაწერები, ვინც ექსპედიციაში მას მეგზურობას უწევდა.

ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს, ამ მოვლენიდან 50 წლის შემდეგ, მიეცათ საშუალება გაევლოთ პიტერ გოლდის ნაკვალევზე, მოეძიებინათ ახალი მასალა და თანდართულ დისკზე წარმოდგენილი ძველი და ახალი ჩანაწერებით ეჩვენებინათ ინეგოლის ქართველების ტრადიციული მუსიკის წარსული და თანამედროვე მუსიკალური ყოფა.

25 ნოემბერს 19:00 საათზე, (მის.: 5.mevsim kültür sanat merkezi, ინეგოლი (თურქეთი)) თურქეთი წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს. ინეგოლში ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის, ტმკსც-ისა და ფონდ „ქართული გალობის“ მიერ დაგეგმილია წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი, რომელშიც ქედის ანსამბლი „ელესა“ (აჭარა) ადგილობრივ მომღერლებსა და მოცეკვავეებთან ერთად შეასრულებს 1968 წელს სოფელ ჰაირიეში ჩაწერილ სიმღერებს.

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის წარმომადგენლები, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი, ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, ბ-ნი გიორგი დონაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბ-ნი გიორგი ჯანჯღავა, ქ. სტამბულში საქართველოს გენერალური კონსული, ქ-ნი ინგა კიკვაძე და თავად პიტერ გოლდი დაესწრებიან.

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

კომენტარი