გიორგი გახარია: შს სამინისტროს სისტემაში ხელფასების გაზრდა 2019 წელსაც გაგრძელდება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასები 2019 წელსაც გაეზრდებათ, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

გახარიამ კანონმდებლებს უწყების მუშაობის ანგარიში წარუდგინა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალოვანი უწყება შეეცდება, რომ მოახერხოს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა, რაშიც ხელფასების ზრდის გარდა კიდევ მოიაზრება რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის, ბინათმშენებლობის საკითხი.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შსს-ს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც.

ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურეობით დამთავრებული, განათლებით დამთავრებული. ამ მიმართულებით, რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე,“ - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი