ლითონის საფეხმავლო ხიდები, რომლის დემონტაჟიც თბილისის მერიამ განახორციელა, შესაძლოა, ისევ ააწყონ

თბილისის მერიის მიერ აღებული ლითონის საფეხმავლო ხიდები საჭიროების შემთხვევაში თბილისის ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა, ისევ ააწყონ. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ხიდები, რომლის დემონტაჟიც მერიამ განახორციელა, მუნიციპალიტეტის საწყობში ინახება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, ჯამში 19 ხიდის აღებაა დაგეგმილი, საიდანაც 9 უკვე აღებულია.

რაც შეეხება საფეხმავლო ხიდებთან ქვეითთა გადასასვლელებს, დედაქალაქში, წელს, საფეხმავლო ხიდებთან ქვეითთა 14 შუქნიშანი დამონტაჟდა, მათგან 12 მოქმედია, ხოლო რობაქიძის გამზირზე არსებული 2 შუქნიშანი უახლოეს ხანებში ამოქმედდება.

ცნობისთვის, ლითონის ხიდების დემონტაჟს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროცესი 2019 წლის აპრილში დაიწყო და დაანონსებული იყო, რომ ხიდების დემონტაჟი 20 ლოკაციაზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, მერიის ინფორმაციით, გორგასლის 111 ნომერში მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ლითონის ხიდის დემონტაჟი არ მოხდება.

სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ ახორციელებს.

კომენტარი