"დედაჩემს რომ არ გამოვეგდე სახლიდან და გაეგო ჩემთვის, არ დავიწყებდი სექსმუშკობას... ძმისგან დამცირების ატანა მიწევს:"შიდსიანო", "პიდარასტო"

"თანასწორობის მოძრაობა" ლგბტ თემის კიდევ ერთი წევრის მადონა კიპაროიძის ისტორიას წარმოგვიდგენს.

"13 წლისამ გავაკეთე ქამინგ აუთი საკუთარ თავთან. 14 წლისამ ოჯახის წევრებთან, პირველად დედასთან. დედაჩემს ვაფასებდი და მიყვარდა, არ მინდოდა მისი მოტყუება, არ მინდოდა, ვინც მიყვარდა, ის მომეტყუებინა. ამასთან ერთად, მაწუხებდა ის, რომ საკუთარ თავს შებოჭილად, არაადამიანად ვგრძნობდი, დამცირებულად მივიჩნევდი საკუთარ თავს, რადგან ჩემს გენდერულ იდენტობაზე ვერ ვსაუბრობდი. ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციები რომ იმართებოდა 2012-13 წლებში, სულ ვფიქრობდი, რომ მე მეხებოდა, მაგრამ ამაზე ხომ ვერ ვლაპარაკობდი. მინდოდა თუ არ მინდოდა, ჩუმად ვიყავი. ქამინგ აუთს თუ ვერ გავაკეთებდი, ამ საკითხებზე ხმამაღლა ვერ შევძლებდი საუბარს და გადავწყვიტე, რომ მელაპარაკა და თან ქამინგ აუთიც გამეკეთებინა. სცოდნოდათ, რომ მეც ის ვიყავი, ვისაც რეალობაში ლანძღავდნენ დედაჩემი, ჩემი ძმა და სამეზობლო. ლგბტ თემის წევრზე, სხვა თუ აუგს ამბობდა, საკუთარ თავზეც ვიღებდი. 14 წლის რომ გავხდი, უფრო მეტად დავფიქრდი და მივხვდი, რომ სუჩუმეს აზრი არ ჰქონდა…თან მეშინოდა რომ სხვისგან გაიგებდნენ და ვარჩიე, ჩემით მეთქვა…

ქამინგ აუთამდე ბიანკა შიგუროვას ვიდეოებს ვუყურებდი, თუ რა ჰქონდა გამოვლილი, ვუყურებდი საბის ვიდეოებს. ზუსტად იმავეს ამბობდნენ, რაც გულში მქონდა, საკუთარ თავს ვხედავდი და საკუთარ წრეს ვხედავდი ამ ადამიანებში. ბიანკას ვიდეოებს რომ ვუყურებდი, ყვებოდა როგორ გამოიარა მძიმე პერიოდი და როგორ შედგა ქალად. ამას ვუყურებდი თეთრი შურით, რომ ცემის, ცხვირი გატეხის, თრევის მიუხედავად, მაინც თბილისში ჩამოვიდა და შედგა ძლიერ ქალად. ვხვდებოდი, ამ ადამიანებთან უნდა ვყოფილიყავი. იმასაც ვიაზრებდი, რომ თუ სახლიდან გამაგდებდნენ, მეორე ოჯახი ამ ადამიანების სახით მეყოლებოდა, მარტო მაინც არ ვიგრძნობდი თავს. მათი ძალიან დიდი იმედი მქონდა, ასობით და ათასობით ადამიანი იყო და მათ შევუერთდებოდი. თუმცა, მანამდე არავისთან კავშირი არ მქონია, არც ერთ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ. ჩემი ძალის მომმატებელი იყო იუთუბში ატვირთული ვიდეოები, ფეისბუკის გვერდებზე დაწერილი პოსტები, სადაც ერთმანეთს აძლიერებდნენ.

ჩემს სკოლაში, ჩემს სამეგობროში, სამეზობლოსა და ოჯახში ვერავისთან ვპოულობდი საერთო ენას იმ საკითხებზე სასაუბროდ, რაზეც მინდოდა ლაპარაკი. ამიტომაც მჭირდებოდა სხვა გარემოცვა, სხვა ოჯახი, სხვა წრე. ანუ ჩემი სოციუმი მჭირდებოდა. ჩემს უბანში რომ გენდერზე დამეწყო ლაპარაკი, გენდერი არც იცოდნენ რა იყო. ამის გამო, კონტაქტი მქონდა გაწყვეტილი ყველასთან. გადავწყვიტე დიდი ცვლილება, გამეკეთებინა ქამინგ აუთი. მაშინ არც ვიცოდი რომ ამას ქამინგ აუთი ერქვა. ქართულად, ალბათ, გამხელა. და გავუმხილე დედაჩემს პირველად. ამას ის შედეგი მოჰყვა, რომ გამომაგდო სახლიდან, დავრჩი ქუჩაში. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მივედი ცირკთან. ქამინგ აუთმა ნაწილობრივ ცუდი შედეგი იქონია იმ მხრივ, რომ მე რომ სახლიდან გამომაგდო და იძულებული გავხდი ცირკთან მივსულიყავი. მაშინ არ მქონდა ინფორმაცია აივ/შიდსის შესახებ, მქონდა დაუცველი სექსი და გავხდი აივ-დადებითი. დედაჩემს რომ არ გამოვეგდე სახლიდან და გაეგო ჩემთვის რაღაც დოზით, სახლში დავრჩებოდი. სახლიდან რომ გამომაგდო საკუთარი თვითგადარჩენის გამო დავიწყე სექსმუშაკობა, კლიენტებში გასვლა, ნელნელა მივხვდი, რომ არ შემეძლო ამ ცხოვრებით ცხოვრება, მომბეზრდა, ვერ გავუძელი, ისევ სახლში დაბრუნება მინდოდა. 3-4 თვეში უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მენატრებოდა დედაჩემი. გავაკეთე ყველაფერი, რომ დავბრუნებულიყავი შინ, დავბრუნდი და იმის შემდეგ ოჯახთან ვიცხოვრე კიდევ 3 წელი. იმ სამ წელს ვთვლი დაკარგულად, რადგან ძალიან ბევრი ვიწვალე, სოციალურმა მუშაკებმაც ბევრი შრომა ჩადეს. ფსიქოლოგი დადიოდა ჩემთან ოჯახში, დედაჩემი უარს ამბობდა იქ მოსვლაზე. მთელი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული იმაში, რომ ამ 3 წელიწადში, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, დედაჩემს გადაეხარშა ეს ამბავი და მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია. მივაწოდეთ კიდეც, თუმცა შედეგი არ გამოიღო. ამ 3 წლის განმავლობაში მიწევდა ყველაფრის ატანა. არაერთი დამცირება: “შიდსიანო”, “პიდარასტო” – მოუძახია ჩემს ძმას. ამ ყველაფერზე ხმას არ ვიღებდი და არ ვუჩიოდი, რადგან ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ მეტი მუშაობით რამეს შეცვლიდი. ვფიქრობდი, დავაცადოთ ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, წყალში არ მინდოდა ამ ყველაფრის ჩაყრა. ბოლოს, სამი წლის თავზე, მივხვდი, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი, უარესობისკენ მიდიოდა ყველაფერი. რაც უფრო თავს ვხრიდი, უარესს აკეთებდნენ. ბოლოს უკვე ვუჩივლე დედაჩემს და ჩემს ძმას.

სახლიდან რომ გამომაგდეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადამიყვანეს ქალთა თავშესაფარში. ერთი თვე იქ ვიცხოვრე. საიდანაც 5 თვის უკან გამოვედი. ჯერ ნატასთან ვცხოვრობდი, შემიფარა, ცოტა ფეხზე დავდექი და გადმოვედი აქ საცხოვრებლად.

ქამინ აუთმა დადებითი ის მომიტანა, რომ ბედნიერი ვარ, საკუთარი თავს წარმოვადგენ, ვინც მინდა ის ვარ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა. არავის არაფერს არ ვუთმობ არც ჩემი და არც ჩემი თემის შეურაცხყოფას. ვცდილობ, საკუთარი თავი გავიტანო, ისეთი როგორიც ვარ და არა ისე, რომ დაფარული ვიყო, სადღაც საყურე მოვიხსნა. სასამართლოში წასვლა იქნება თუ პროკურატურაში, ვიცვამ ქალის ტანსაცმელს. ვინც ვარ რაც ვარ იმ ფორმით მივდივარ, რათა უფრო მეტად ხილვადი ვიყო. ამ მხრივ მომიტანა ბედნიერება, მაგრამ რაღაცებში დამაზარალა. ის, რომ დამჭირდა ფსიქოლოგი, ის რომ დავნევროზდი, ის, რომ აივ დადებითი ვარ. მაგრამ ამას უკუჩვენებად მაინც არ აღვიქვამ. მე რომ ქამინგ აუთი არ გამეკეთებინა, არაა გამორიცხული, რომ აივ დადებითი მაინც გავმხდარიყავი, დაუცველი სექსი მაინც მექნებოდა. ნევროზი და ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც გადავიტანე, მაინც დამემართებოდა. იმიტომ რომ დაფარულობის სტრესი მეტად რთულია. დაფარულობის სტრესთან შედარებით, სტრესი, რაც შეიძლება ქუჩაში შეგხვდეს, ბევრად რთულია. როცა დაფარული ხარ, დაჩაგრული ხარ. სანამ დაფარული ხარ, საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევ, “ჩმორი” ხარ, რადგან არ შეგიძლია ელემენტარული, ის მაინც თქვა, რომ ლგბტ თემის წევრი ხარ.

ქამინგ აუთმა მეტად წინ წამწია. იმიტომ რომ მის გარეშე მთელი ცხოვრება დაკარგული იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ სიკვდილი, ან ქამინგ აუთი. აზრი არ აქვს იმ ცხოვრებას, რომელშიც ცოლს მოვიყვან. ცოლი, შვილები და ტრადიციული ოჯახი ჩემთვის ჯოჯოხეთი იქნებოდა. მაინც ვერ შევინარჩუნებდი, დიდ დეპრესიასა და სტრესს გამოიწვევდა. მე ვამბობ, რომ თუ ქამინგ აუთს არ გავაკეთებდი თავს მოვიკლავდი, იმიტომ რომ მაგ ზომამდე ვიყავი მისული. ქამინგ აუთი უზარმაზარი იარაღია, რითიც შეგიძლია დაუპირისპირდე ჰომოფობიას/ტრანსფობიას. ჩემს ოჯახს არ უნდა მიმიღოს, მაგრამ თავისთვისაა. თითოეული ადამიანის ქამინგ აუთი არის თითო აგურის დადება თემისთვის. თითოეული ადამიანი თავისი ქამინგ აუთით უფრო და უფრო ძლიერდება თემი. თითონ ძლიერდება, თუ თემის წევრები ძლიერები არიან, თითონ თემი ხდება ძლიერი.

ზუსტად ვიცი, რომ თუ ამ, ან უკეთესი ტემპით გაგრძელდება, ძალიან ჩვეულებრივად, 10-15, თუნდაც 20 წელიწადში ტრანსგენდერი ადამიანები მიაღწევენ იმას, რომ მოიპოვონ სამუშაოს უფლებას. ყველაზე მეტად რაც მინდა ისაა, რომ მქონდეს სამუშაო და განათლება. მე მაქვს სწავლა-განათლების უფლება, ოღონდ ბიჭის ფორმაში, ეს შეურაცხმყოფელია. მე უნდა ვისწავლო და არა ვიღაცამ, ვინც სახელმწიფოს სურს. ეს სამყარო ყველასია და როგორც უნდა ისე უნდა მივიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში. სამუშაოს უფლება განუხორციელებელია, მაშინ ქამინგ აუთს არ გავაკეთებდი. ვივლიდი ბიჭის ფორმით გამწარებული და დაბოღმილი სხვებზე. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ისაა, რომ პირადობაში უნდა გვეწეროს ის ვინც ვართ და მერე უკვე გინდა – არ გინდა ავტომატურად აღიარებული ხარ, გაქვს იმის უფლება, რომ იმუშაო.

ქამინგ აუთის დროს უმთავრესი, რაც უნდა გაითვალისწინო ესაა, საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა. იმას არ უნდა ელოდო მილიონერი როდის გახდები. გარემოება სულ დაძაბული იქნება და ისე მოკვდები ქამინგ აუთს ვერ გააკეთებ. უნდა იყო ეკონომიკურად ცოტა ძლიერი, სამუშაო გქონდეს, რაც ყველაზე მთავარია – მცირე შემოსავალი. ოჯახიდან რომ გამოგაგდონ, შეიძლება, შენი 400-500 ლარით ბინა ვერ იქირაო, მეგობარს შეეკედლო და იმ შემოსავლით იმ ბინაში შენც წვლილი შეიტანო, იცხოვრო და თავი გაიტანო. თემის წევრებმა მეც შემიფარეს. ასე დავდექი ფეხზე. თან მე ეკონომიკურად ნოლზე ვიყავი. ქამინგ აუთი რომ გააკეთო და უცბად ქუჩაში დარჩე, შენთვის არის ცუდი და თემსაც აზარალებ, იმიტომ რომ თემი უნდა დაგეხმაროს. ამიტომ, 1-2 თვე წინასწარ უნდა გათვალო, თანხები უნდა გადადო, განსაზღვრო. 2-3 თვეში არ წყდება არაფერი, როდესაც მიხვდები, რომ ეკონომიკურად ძლიერად ხარ, ქუჩაში არ დარჩები და ქუჩაში დარჩენით შენიანებს არ გაახარებ და არ დასუსტდები, უნდა გაძლიერდე, მაშინ გააკეთე ქამინგ აუთი. ერთადერთი ესაა გასათვალისწინებელი – ეკონომიკური მდგომარეობა.

კომენტარი