„ჩემს 6 წლის შვილს, ბაღის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის დანაშაულს - დოკუმენტის მოპარვას აბრალებს და მის დასჯას ითხოვს“ - ბავშვის დედა

ფონიჭალის 209-ე საჯარო ბაგა ბაღში 6 წლის ნიკუშა სანაიას იურიდიული დოკუმენტის მოპარვას ედავებიან და ბაღის ხელმძღვანელობა ბავშვის დასჯას განიხილავს.

არასრულწლოვანის დედა დრონი.ჯი-სთან დეტალებზე საუბრობს და მომხდარი ამბის შესახებ გვიყვება:

დრონი.ჯი: რა მოხდა ქალბატონო ეკა ბაღში და რას ედავებიან თქვენს 6 წლის შვილს?

ეკა დადიანი: ჩემს შვილს დააბრალეს იურიდიული დოკუმენტის მოპარვა. ამაზე, როგორც მშობელს მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია... ამის შემდეგ ვიგებ რომ თურმე ადმინისტრაცია განიხილავს როგორ დასაჯონ ჩემი შვილი. თან, ყველაფერს ვიგებ ჩემი ახლობელი ბაღის ექთნისგან, რომელსაც დაურეკა ბაღის გამგემ ასეთი ტექსტით:

„ფატი, იცი რა, ეკა დადიანის შვილმა მოიპარა იურიდიული დოკუმენტი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ახლა ვფიქრობთ, როგორ დავსაჯოთ ბავშვი“.

წარმოიდგინეთ, მე არც დამირეკეს, გარეშე, მესამე პირისგან ვიგებ ამ ყველაფერს.

ამ დროს მე ვიყავი ექთანთან ერთად და მან გადმომცა ყურმილი. გამგე მეუბნება, რომ, თურმე კამერებში ჩანს, როგორ იპარავს ჩემი შვილი დოკუმენტს.

მე ვუთხარი რომელ დოკუმენტს, რა უნდოდა ჩემს შვილს დოკუმენტთან-თქო? „ტაბელი“ მოიპარა, რომელიც შემოსასვლელში დევსო მპასუხობს („ტაბელი“ არის დოკუმენტი, სადაც იმას წერენ, ვინც შემოდის და გადის შენობიდან). აი, ამ ფურცელზე მეუბნება...

ამას მოყვა ასეთი ამბავი და ამ ფურცლის გამო მსჯელობთ, როგორ დამისაჯოთ შვილი-თქო? ბავშვი გაგეპარათ ბაღიდან სამსაათნახევარი და იმაზე არ აგიტეხიათ ერთი ამბავი და ამ ფარატინა ფურცელზე მეუბნებით, რომ ჩემმა შვილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა-თქო?

მე ჩემს შვილს კი არ ვამართლებ, უბრალოდ იმან გამაღიზიანა, რომ 6 წლის, არასრულწლოვან ბავშვს უპირებენ დასაჯონ, თან განიხილავენ რომ, თურმე სისხლის სამართლის დანაშაულია.

ვუთიშავ ტელეფონს ამ გამგეს, ვკიდებ ჩემს შვილს ხელს და მიმყავს ბაღში, თან ვეუბნები: „ნიკოლოზ, დედა, შენ თუ ეს გააკეთე ჯობია თვითონ მითხრა, ვიდრე კამერებში იქ მანახონ-მეთქი“.

მოკლედ მივდივართ საბავშვო ბაღში და უცებ ვხედავ გამგის მოადგილის ქმარს, ანუ მივხვდი რომ მასაც უთხრეს ეს ამბავი და ძალიან გავღიზიანდი.

შევედი და ვეუბნები პირდაპირ - მაჩვენე კამერა! გამგის მოადგილე მეუბნება, რას ყვირიხარ გოგო?! ეს არის იურიდიული დოკუმენტი!

მეთქი, ბავშვი გაგეპარათ სამსაათნახევარი, 3 ტროტუარი გადაკვეთა, ის არ მოგიკითხიათ და ამაზე ატეხეთ ამხელა ამბავი-თქო? როგორც მეზობელი მეზობელს, ისე დაგერეკა, ისე გეთქვა, რომ გააგებინეთ მთელს უბანს და ატეხეთ ამხელა ამბავი-თქო. ნუ, პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ გამცეს.

შემდეგ უკვე, მე სიღმისეულად ჩავეძიე ამ ამბავს, ისიც ვთქვი, რომ მატლებიან საჭმელს აჭმევენ ბავშვებს, მკვდარი ადამიანი ჰყავთ გაფორმებული და 198 ლარს ახდევინებენ სახელმწიფოს. მოკლედ ავტეხე ამბავი. დავრეკე ცხელ ხაზზე და მოვიყვანე მონიტორინგი.

ამ მონიტორინგმა შეამოწმა და დაკითხა ყველა, იქ არის მასწავლებლის ახსნა-განმარტება, რომელშიც წერია, რომ ჩემი შვილი იქიდან გამოდის ცარიელი ხელებით და არაფერი უჭირავს ხელში.

დააფიქსირეს ასევე ჩემი ნათქვამი, რომ ადმინისტრაცია ბავშვების საჭმელს ჭამს, ასევე მატლებიანი საჭმელის შესახებაც გაკეთდა განაცხადი.

როდესაც მე გამესაუბრა ეს მონიტორინგის სამსახური, იქვე იჯდა ბაღის გამგის მოადგილეც და რომ ვუყვები ამ წარმომადგენელს, უცებ გამგის მოადგილე იძახის ჩემზე: „ეს ქალი არის ძალიან დიდი მატყუარა და ყველაფერს იგონებს, არც ჩემი ქმარისთვის დამირეკავს და არც არაფერი მომხდარა“.

მონიტორინგის წარმომადგენელმა იმ წამსვე გააჩუმა და უთხრა: ეს ქალი არის მოსული პრობლემით და ე.ი. აქ სერიოზული რაღაც ხდებაო, შენ აქ პროფილში არავის მოუწვევიხარ და გაჩუმდიო, ზუსტად ასეთი პასუხი გასცა.

აგერ უკვე 4 დღეა გასული, წავიდა მონიტორინგი და რეაგირება ისევ ნულია. ამ უბანში ვცხოვრობთ ყველა და მომდის ინფორმაციები, რომ თურმე გამგე და მისი ერთი მოადგილე იძახიან ჩემზე, რომ ფეხები არ მოგვჭამოს ეკა დადიანმაო, დიახ, ზუსტად ასე მომიხსენიებენ.

დრონი.ჯი 209-ე ბაგა-ბაღის ადმინსიტრაციას დაუკავშირდება, სადაც განგვიცხადეს რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან გადაგვამისამართეს.

სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო გულბათაშვილმა გვითხრა, რომ ეს მედიის გასარჩევი თემა არ არის და თავად მოაგვარებენ პრობლემას.

დრონი.ჯი: ქალბატონო ნინო, რა მოხდა 209-ე ბაგა ბაღში, 6 წლის ნიკოლოზ სანაიას მშობელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მის შვილს იურიდიული დოკუმენტის მოპარვაში ადანაშაულებს ბაღის ადმინისტრაცია...

ნინო გუმბათაშვილი: გავესაუბრებით ჩვენ ნიკოლოზის დედას, ის უბრალოდ ემოციებშია და ეს სატელევიზიო, სასიუჟეტო და სასტატიე ამბავი ნამდვილად არ არის.

- და რა მოხდა, რომ გვითხრათ?

- ისეთი არაფერი, დეტალები არ ვიცი, უბრალოდ ეგეთი მესიჯები ჩვენ უამრავი მოგვდის სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე, მაგრამ რომ მოდის, ვპასუხობთ სტანდარტულად, ხალხს კი უნდა, რომ ავყვეთ ამ ემოციებში. ეს ქალბატონი კი ძალიან ემოციებშია და აუცილებლად გავარკვევთ მასთან.

- დედაა და ალბათ გასაკვირი არ არის რომ ემოციურადაა განწყობილი...

- გასაგებია, მაგრამ მედიასთან გასარჩევი თემა ეს არ არის. დავუკავშირდებით ჩვენ და გავარკვევთ.

- და სინამდვილეში რა მოხდა? ბაღში კომენტარი არ გაააკეთეს ამასთან დაკავშირებთ და ისევ გეკითხებით...

- არაფერი ისეთი, უბრალოდ ეს ქალბატონი არის ძალიან ემოციებში. ბაღში კომენტარი რატომ უნდა გაეკეთებინათ? გასაგები პოზიციაა, ისინი არ არიან სპიკერები.

- ქალბატონო ნინო, მაშინ კიდევ ერთხელ თქვენ გეკითხებით, რა მოხდა? მეუბნებით, რომ არ არის მედიაში გასატანი ამბავი და მიმეორებთ, რომ ბავშვის დედაა ემოციებში. ეს ქალბატონი ემოციებში რომ იყო და არის, სწორედ მაგიტომ დაგვიკავშირდა.

- მესმის, მაგრამ, ყველა ასეთი ამბავი რომ მედიაში გავიდეს, რავიცი, მაშინ იმუშავეთ ბაღებზე, პრობლემა არ არის. ჩვეულებრივი შელაპარაკება მოხდა დირექტორსა და მშობელს შორის რაღაც პრობლემაზე და ამ პრობლემას იკვლევს ჩვენი მონიტორინგი. ემოციები მესმის, მაგრამ იმდენი ემოციური მშობელი გვწერს, ყველაზე სტატია რომ გამოვაქვეყნოთ, რავიცი.

პირადად ეს ქალბატონი გრძნობს თავს შეურაცხყოფილად და მოვაგვარებთ ამას ჟურნალისტების გარეშე, ძალიან გთხოვთ რა.

სანამ მონიტორინგი არ გამოიკვლევს ყველაფერს, ასე მედიაში დარეკვა და ბრალდება არ შეიძლება. ყველა ადამიანის უფლება ხომ უფლებაა?

გაკეთდება აუცილებლად დასკვნა, დაურეკავენ მშობელს და იმედია, შემდეგ თავადაც დაგიკავშირდებათ და გაგაგებინებთ. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია მონიტორინგი, გაირკვევა ორივე მხარის პოზიცია და მიიღება გადაწყვეტილება.

კომენტარი