სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა - პარტიამ „ლელოს ახალი მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელებიც დაასახელა

დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პარტია „ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მოწყობის მოდელი "ლელოს ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით წარადგინა. დასახელდა იმ მიმართულებების ხელმძღვანელები, რომლებიც კონკრეტულ სფეროებს ჩაიბარებენ.

წარდგენის ღონისძიებაზე „ლელოს“ პოლიტ - საბჭოს მდივანმა „ლელოს“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. მან ასევე პარტიის ღირებულებებსა და ქვეყნის სტანდარტის შეცვლაზე ისაუბრა, რომელიც, პარტიის „ახალი მარშალის გეგმის“ მიხედვით, ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

“„ლელო“ არის საინტერესო და საყურადღებო პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე. „ლელო“ არის ახალი იმედი, ახალი ძალა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა ახალი არჩევანი. დღიდან დაარსებისა, „ლელომ“ გამოაცხადა თავისი ხედვა, თავისი გეზი და საქართველოს შეჰპირდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება, ძველი არ დაბრუნდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან გვაქვს „ლელოს მარშალის გეგმა“, გვყავს ძლიერი გუნდი და ჩვენ საქართველოს ვაქცევთ ევროპული სტანდარტის ქვეყნად. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ძალას, ახალ ენერგიას, ახალ შემართებას. სწორედ ამიტომ, საზოგადობას წარვუდგენთ „ლელოს“ კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ წარდგენის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ მსჯელობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე „ლელოს“ დაარსების დღიდან მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, პარტია ყოველთვის დაუღალავად შრომობდა და ადგენდა იმ გეგმას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან, სადაც ის “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ჩვენი მთავარი მტერი - უმუშევრობა, სიღარიბე და არაპროფესიონალიზმი. დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემი დასახელება, არამედ გუნდის, რომელიც იქნება იმ სწრაფი რეფორმის გატარების ბირთვი, რასაც ჰქვია “ახალი მარშალის გეგმა“, რომელიც შევიმუშავეთ ერთად და აქვს კონკრეტული მიზანი - ქვეყანა ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე, მოსპოს სიღარიბე, დაამარცხოს შიმშილი და გამართოს იგი ეკონომიკურად,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს ახალი მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები დაასახელა:


1) ეკატერინე ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას.

2) ბადრი ჯაფარიძე ჩაიბარებს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას.

3) გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულება.

4) ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას.

5) ლევან კობერიძე - უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას.

6) განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას ფიქრია ჩიხრაძე ჩაიბარებს.

7) შინაგანი საქმეებს და სამართალდამცავ სისტემას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.

8.გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას ნიკა შურღაია ჩაიბარებს.

9) საგარეო საქმეები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - დავით უსუფაშვილი.

10) ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან შერიგების მიმართულებას სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.

11) კულტურის მიმართულებას მედეა მეტრეველი ჩაუდგება სათავეში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100