ჯიმი მურადხანოვის დიდი ფბ-აფიორა ნესტან მელაძის სახელით: ნუ მოტყუვდებით!

დაახლოებით ერთი საათის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთი დიდი აფიორა დატრიალდა: მომხმარებელმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ნესტან მელაძის სახელითა და გვარით: გამოაქვეყნა რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი არასრულწლოვანი ბიჭუნას ფოტო, რომელიც, ფოტოს მიხედვით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ფოტოს თან დაურთო ასეთი ტექსტი:

“ვინმეს ხომ არ გეცნობათ ეს ბავშვი? ჩემთან მოიყვანეს საავადმყოფოში კალინინგრადში. მარტო დედიკო მიშველეს იძახდა ქართულად, სანამ გონზე იყო. ავარიაშია მოყოლილი და ძალიან მძიმედაა. მე როგორც შემიძლია ვპატრონობ, მაგრამ მარტო ვეღარ ავუდივარ, ვეღარც ფინანსურად, რადგან რაც თანხები მქონდა პირადი შეძლებისდაგვარად მოვახმარე. პატრონიც არ ჩანს, ვერც მოვიძიე. ყველას გთხოვთ, რითიც შეგიძლიათ, თუნდაც ინფორმაციით, დამეხმაროთ.თუ გამოიჩენთ დახმარების სურვილს, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე: WM Z381348035546 WebMoney-ზე. ირიცხება PayBox-ებიდანაც. გაუზიარეთ სხვებსაც.

ავტორი: Nestan Meladze

რადგანაც მომხმარებელი ნესტან მელაძე პროფილის ფოტოზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო ხალათში ჩაცმული, სანდომიანი ქალბატონის სახით, ხოლო მისი ინფო საცხოვრებელ ადგილად მართლაც კალინინგრადს მიუთითებდა, ინფორმაციის ჭეშმარიტებაში ბევრს არ შეჰპარვია ეჭვი: გამოქვეყნებიდან 30 წუთში ფოტო 70-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა, შესაძლოა, მითითებულ ანგარიშზე ბევრმა ფული გადარიცხა კიდეც.

სინამდვილეში კი ეს ფოტოც და მისი აღწერაც ყალბია. ფოტოზე გამოსახული ბავშვი ჰოლანდიელია, მისი ოჯახი შარშან ლიბიაში მოჰყვა ავიაკატასტროფაში და მხოლოდ ბავშვი გადარჩა. მის შესახებ სრული ინფორმაცია და თვითონ ბავშვის ფოტოსურათი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

სხვათა შორის, ფბ-ს აქტიურმა მომხმარებლებმა საკმაოდ მალე გამოიჭირეს ამ გამოქვეყნების ავტორი სიცრუეში და ზემოთაღნიშნული ბმული კედელზეც გამოუქვეყნეს. ამავე დროს, რამდენიმე მომხმარებელმა ისიც გაარკვია, რომ ეს პროფილიც ყალბია და სინამდვილეში იგი არა ნესტან მელაძეს, არამედ ვინმე ჯიმი მურადხანოვს ეკუთვნის. თუ ჩავთვლით, რომ პროფილის ავტორი ჯიმი მურადხანოვია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი საკმაოდ კარგად ფლობს ქართულს და ქართულად წერს კიდეც.

მოკლედ, იცოდეთ: თუ სადმე ნახავთ გაზიარებულს ამ ფოტოსა და ტექსტს, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, ნუ მოტყუვდებით: საქმე გაქვთ ფბ-აფიორასთან...

P.S. ბოლო მონაცემებით, ნესტან მელაძის სახელით რეგისტრირებულმა მომხმარებელმა ფოტო და ტექსტი, მართალია, წაშალა, მაგრამ როგორც "დრონი.ჯი"-მ გაარკვია, პროფილი კი არ გააუქმა, არამედ ნესტორ მებუკედ დარეგისტრირდა.

კომენტარი