სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტები არიან „პეტიტ ბაზარი“, „ბაბალე“ და „ტენე“.

კომპანია „პეტიტ ბაზარი“, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული.

„პეტიტ ბაზარს“ აქვს შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, წრეები ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას ემსახურება.

„სულ წელიწადნახევრის წინ გაიხსნა „პეტიტ ბაზარი“ და ძალიან გვიხარია რომ უკვე შეგვამჩნია თიბისიმ. პირველ რიგში იმიტომ ვმონაწილეობთ ბიზნეს დაჯილდოებაში, რომ ჩვენი კომპანიის ხილვადობა გავზარდოთ.

ჩვენი დევიზია „მეტი ვიდრე მაღაზია“, დაარსების დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ. კომპანია ცდილობს იყოს მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით,“ - ქეთი მესხი „პეტიტ ბაზარის“ დამფუძნებელი.

„პეტიტ ბაზარი“ უკვე აერთიანებს 150-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც კომპანია დამატებით შემოსავალს ქმნის.

მეორე ფინალისტი კომპანია სოციალური საწარმო „ბაბალეა“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა 9 წლის წინ სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებისთვის დაარსეს. კომპანია „ბაბალე“ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება.

„გარდა იმისა რომ ბიზნესის მიმართულებას ვავითარებთ და ადამიანების დასაქმებას ვუწყობთ ხელს, ამ საქმიანობამ დაგვანახა, რომ ადვილი არ არის ისეთი ადამიანების დასაქმება, ვისაც ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ამიტომ შევქმენით პროგრამა, რომელიც იწყება 12 წლიდან. ვიწყებთ პირველი საფეხურიდან, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოიმუშაოს ნატიფი მოტორიკა, რაც შემდეგ საქმიანობაში გამოადგება. ვეხმარებით პროფესიული ორიენტაციაშიც და ამ საფეხურზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საწარმოებთან. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ისინი მარტო „ბაბალეში“ დავასაქმოთ, ჩვენ მათ არჩევანის გაკეთებაში და უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით.

დაუნის სინდრომის მქონე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ჩაერთოს ჩვენს პროგრამაში, თუმცა რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, რადგან „ბაბალე“ თავისი შემოსავლებიდან აფინანსებს ამ ბავშვების განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას,“ - ლია ტაბატაძე „ბაბალეს“ დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.

მესამე ფინალისტი კომპანია „ტენეც“ გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით.

კომპანიამ, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს, უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.

ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი კომპანია მეორე სიცოცხლეს ჩუქნის, შეაკეთებს და მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.

„ტენემ“ ხმარებიდან ამოიღო კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოიღო მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები.

„თიბისის ბიზნეს დაჯილდოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის, რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს უკვე დიდი აღიარებაა. თიბისი ძალიან დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ინფორმაციის გავრცელებაში. ჩვენს სფეროში კონკურენცია დიდია, მართალია არ გვყავს პირდაპირი კონკურენტები ანუ საქართველოში, „ტენეს“ გარდა, USB კაბელებს, არავინ აწარმოებს, მაგრამ არსებობს ბევრი კომპანია, რომელსაც შემოაქვს მზა კაბელები უცხოეთიდან. ჩვენი საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნით მოვახერხეთ და 3500 მაღაზიაში შევიტანეთ ჩვენი პროდუქცია, მიუხედავად ამისა, არიან მომხმარებლები რომლებიც არჩევანს ქართული წარმოების პროდუქტზე არ აკეთებენ, გარკვეული სტიგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხით ჩამოუვარდება შემოტანილს. ეს სტიგმა აფერხებს ჩვენი ბიზნესის განვითარებას, იმედი გვაქვს, თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა დაგვეხმარება ამ სტიგმის დაძლევაში,“ – სანდრო ლილუაშვილი „ტენეს“ დამფუძნებელი.

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად „ტენეს“ წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე - მზის პანელებზე გადავიდა.

საწარმო კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადაიტანეს, სადაც პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს ასაქმებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100