ზოგი რამ ჩვენს თავს დავაბრალოთ

დღეს, როდესაც სრულიად საფუძვლიანად, ვლაპარაკობთ ყოფილი სიუზერენის მტრულ ქმედებებზე ჩვენი სამშობლოს მიმართ, ზოგჯერ გვავიწყდება საკუთარი საქციელი, რითაც ყოველმხრივ ვუწყობდით ხელს მტარვალს ჩვენს დამონებაში. ეს პატარა მოგონებანი სწორედ მსგავსი ვითარების ამსახველი მოვლენებისაგან შედგება:

მტრისგან გაქცეული და მოყვრის დამაქცევარი ჯარი

იასე ცინცაძე, თავის ნაშრომში „აღა მაჰმად ხანის თავდასხმა საქართველოზე“, სინანულით წერს იმ შეუთანხმებლობისა და ერთიანი პოლიტიკური ნების უქონლობაზე, რაც ყოველ ნაბიჯზე ვლინდებოდა აღა მაჰმად ხანთან ქართველების ომის დროს; სამაგალითოდ მას მოჰყავს იმერელი მოლაშქრეების იმჟამინდელი საისტორიო მატიანისეული შეფასება:

„ზარბაზნების განლაგების ადგილას მდგარ იმერლების ასეულის მეთაურს უკან მაღლობზე სპარსელები რომ დაუნახავს, ასე უფიქრია:

„მეფე ირაკლი თავისი ჯარით წაუხდენიათ, ყიზილბაშების ჯარს ამ მხარეს რა უნდაო? ზარბაზნების უფროსი, მეფის ირაკლის მაიორი გიორგი გურამიშვილი რამდენს ეხვეწა მცირე ხანს მოცდას: რასაც ფიქრობთ, ტყუილი არისო. მაგრამ არა ქნეს, გამოსწიეს და ქალაქში ეს ამბავი შემოიტანეს. სოლომონ მეფე აბანოების კარზე იდგა თავის ჯარითა და თავისი პაპის ბრძანებას ელოდა... იმ ათასმა კაცმა იმერეთის მეომრებმა ეს ამბავი მოუტანეს სოლომონსა: მითამ მეფე ირაკლი თავის ჯარით სულ გაწყვიტეს ყიზილბაშებმაო. ყმაწვილი კაცი - მეფე სოლომონ - ამ გაუგებლის ტყუილით მოიტაცეს და საჩქაროთ იმერეთისკენ გასწიეს...»

ამ ფაქტის გაცნობისას, ვინმემ შეიძლება გაამართლოს მოლაშქრეები – იტყვის კაცი, გაუგებრობა მოხდა, რომელ ჯარს არ მოსვლია ასეთი რამ, მაგრამ ჯარის ქმედება რომ შემთხვევითი არ იყო, ამას იესე ცინცაძის წიგნის შემდეგი გვერდები ადასტურებენ, თუ როგორ იქცეოდა ეს ჯარი აოხრებულ თბილისში: „იმერეთის დამხმარე რაზმიდან რამდენიმე ათეული მეომარი ჯერ განზრახ დაწინაურდა, შემდეგ დაიმალა; მეფე თავისი რაზმით წინ გაუშვეს, თვით თავი უკან ჩამოიტოვეს და ძარცვის მიზნით ლტოლვილ მოსახლეობას თავს ესხმოდნენ; ზოგი გაძარცვეს, მაგრამ მრავალმა ლტოლვილმა თავი დაიცვა. იმერეთში მიმავალმა მეფემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.“

მომხდარზე მეტად უფრო სამწუხაროა, რომ წიგნის ავტორი დაასკვნის: „მომხდარა ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ჯარების მოძრაობის დროს“–ო და არ დასძენს – „როგორც წესი – მტრის ქვეყანაში და, თუ ასეთი რამ საკუთარ ქვეყანაში ხდება, ის ქვეყანა სულიერად და ზნეობრივად უკვე განადგურებულია, ან განადგურების პირსაა მისული!“

ყელგამოჭრილი მეფობა

პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ გვამცნობს, თუ საქართველოს ყოფნა–არყოფნის ჟამს, რუსული ანექსიის რეალიზების პროცესში, როგორი ერთგულება გამოიჩინა ქართული ჯარის მხედართუფროსმა:

„იოანე სარდალი, განღვიძებული სხვათაგან და დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგან, მივიდა და წარსდგა დავით მემკვიდრესთან და მოახსენა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედამ განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი, როგორც გვიმეფნია, ისევე ვიმეფოთ“.

თუ არ იცის კაცმა, რა უნდა მოხდეს, ისეთი მოლოდინია, რომ დავით ბატონიშვილი გადაეხვევა ერთგულ სარდალს და მისცემს ბრძანებას სამშობლოს თავისუფლებისათვის ჯარების შესაკრებად. ამის ნაცვლად კი რა ხდება – ისევ პლატონ იოსელიანს მივცეთ სიტყვა: „მეფის ძემან დავით, მიუთხრა ეს ამბავი ლაზარევსა და კოვალენსკის. მათ დაიბარეს იოანე სარდალი და გამოჰკითხეს ესე...“ ანუ, რა ჩაიდინა დავითმა? რუს გენერლებთან დაასმინა იოანე – იმპერიის წინააღმდეგ მაქეზებდაო! ამის შემდეგ გასაკვირი აღარ არის სოლომონ ლიონიძის მწარე სინანულით ნათქვამი: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი“.

თუმცაღა, ან რა გასაკვირია ეს კაცისაგან, რომელიც მამის შეგონებაზე, გონს მოსულიყო და ეწამა ქრისტე, პასუხობდა – რაც შენ გწამს, მე გამიწყრეს და რაც მე მწამს – შენაო! როგორ არ გაუწყრებოდა ღმერთი...

დეპუტაციის სათხოვარი

შალვა დადიანი იგონებდა აკაკი წერეთლის ერთ მონათხრობს ქართველი თავადაზნაურობის „საქმეთა საგმიროთა“ შესახებ, რომლის მაგალითად პოეტს შემდეგი შემთხვევა დაუსახელებია:

„საქართველოში რომ ნიკოლოზ I ჩამოვიდა, ყველგან დიდის ამბით მიეგებნენ და განსაკუთრებით კი ქართლ-კახეთის თავადაზნაურობა. ერთ სადილზე ისე გაამხიარულეს, რომ კარგად გამოათვრეს კიდევაცო.

მთვრალმა იმპერატორმა განუცხადა მასპინძლებს, რომ „ისე კმაყოფილი ვარ თქვენის დახვედრით, რასაც მთხოვს ჩემი სასიქადულო თავადაზნაურობა, მზად ვარ შევასრულოო“. დიდი მადლობა გადაუხადეს და თვითმპყრობელის ყოვლადშემძლე სიტყვა გულში ჩაიდეს.

მეორე დღეს წარუდგა ნიკოლოზს დეპუტაცია და მოახსენა, ჩვენ ვერ გავბედავდით ამ თხოვნით მოგვემართა, მაგრამ თქვენმა მეფურმა სიტყვამ და დაპირებამ გაგვაბედინაო.

ნიკოლოზი აცახცახდა თურმე ამ სიტყვებზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ეგონა თავადაზნაურობა საკუთარ მეფეს მოითხოვს, ავტონომიურ დამოუკიდებლობას მოიწადინებსო, და მზად იყო კიდეცო, რადგან მეფურ სიტყვას ვერ გადაუვიდოდა და სულ თავბედს იწყევლიდა, ეს რა მივქარეო, მაგრამ მოტყუვდა, რადგან თავადაზნაურობამ დიდი ბოდიშით, დიდი მორიდებით სთხოვა, -მარილზე დიდი ბაჟია დადებული და გთხოვთ, შეგვიმსუბუქოთო..." –აი, ხომ ხედავთ, ქართველებს თხოვნის შნოც არა გვაქვსო, ნაღვლიანად დაამთავრა თურმე აკაკიმ.

ჩვენ კი შეგვიძლია დავძინოთ, რომ შნოც ჰქონდათ და თავმოწონებაც იმ თავად–აზნაურებს, მარილის ბაჟის შემსუბუქებას რომ ითხოვდნენ; რაც არა ჰქონდათ, ეს იყო მამულიშვილობა, რადგან თავისუფლების წყურვილი და ლტოლვა – სულ რაღაც ნახევარსაუკუნოვანი მონობის შემდეგ ძირფესვიანად ამოშლილიყო მათ ხსოვნაში!

კომენტარი