სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო გიორგობიანმა დეპარტამენტიდან 46 თანამშრომელი გაუფრთხილებლად დაითხოვა

ცოტა ხნის წინ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ყოფილმა ჟურნალისტმა ნინო გიორგობიანმა ჩაანაცვლა, რომელიც ავიაკომპანია „აირზენას“ პიარად მუშაობდა.

სალომე მახარაძემ მაშინ განაცხადა, რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანამდებობაზე დატოვების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ მიღებული ჰქონდა მითითება წამყვან თანამდებობებზე მეგობრების დანიშვნის შესახებ. მახარაძის თქმით, ამას თვითონ ღარიბაშვილი პირად საუბარში ეუბნებოდა.

როგორც „დრონი.ჯი“-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ნინო გიორგობიანმა საზოგადოებასთან ურთიერთობა თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნით დაიწყო. თანამშრომლებმა, რომლებიც დღეს ჩვეულებრივად გამოცხადდნენ სამსახურში, მათი გათავისუფლების შესახებ შემთხვევით შეიტყვეს და გადაწყვიტეს, ინფორმაცია უშუალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გადაემოწმებინათ.

„გათავისუფლებულთა სიები კედელზე გამოიკვრება და იქ შეგიძლაით ნახოთ“, - ასეთი იყო გიორგობიანის პასუხი. მოგვიანებით „კედელზე“ სია მართლაც გამოაკრეს. 16 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 39 შტატიანი თანამშრომელი რეორგანიზაციის გამო გათავისუფლებულია სამსახურიდან.

უფრო ადრე ხელშეკრულება შეუწყვიტეს 7 თანამშრომელს, ასე რომ, საერთო ჯამში, სამსახურის გარეშე დარჩა 46 თანამშრომელი. და ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მხოლოდ მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები შეიცვლებოდნენ და სხვა საჯარო მოხელეებს არ შეეხებოდნენ.

წესით და რიგით, რეორგანიზაციის შემთხვევაში დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი კადრების განკარგულებაში უნდა გადაეყვანათ, ამას გარდა, რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს წინასწარდაუგეგმავი ღონისძიება, ამიტომაც, კანონი ავალდებულებს ხელმზღვანელობას, რეორგანიზაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გააფრთხილოს თანამშრომლები მოსალოდნელი საკადრო ცვილებების შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100