თემურ ქეცბაია - ახალ მესის მე ვერ გავაჩენ...

ლატვიასთან წარუმატებლად დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ინტერვიუ პორტალ „ფანები.ქომ“-ზე გამოქვეყნდა:

-ფეხბურთის დაუწერელი კანონია, თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ. დღევანდელ მატჩშიც ეს მოხდა. სამწუხაროა, რომ თბილისში წავაგეთ თამაში. უფრო სამწუხაროა, რომ ასეთ გუნდთან ვკარგავთ საჭირო ქულებს. სწორედ ლატვიასნაირ გუნდებთან არის აუცილებელი გამარჯვება. როცა მომენტი გაქვს, უნდა გაიტანო, მაგრამ ჩვენ რაღაც არ გვყოფნის და ეს რაღაც კლასია...

-იმის მიზეზად, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, რას დაასახელებთ?

-კლასი არ გვყოფნის, რომ სახიფათო მომენტი გოლად ვაქციოთ. შეგიძლიათ, უიღბლობაც დაარქვათ, თუკი ასე გსურთ...

-- ალბათ მკაცრი საუბარი გექნებათ ფეხბურთელებთან

-მკაცრი რატომ? სანამ ძალა ეყოთ, ითამაშეს…

- გადადგომას ხომ არ აპირებთ?

ჩემი გადადგომა თუ საქმეს უშველის, სიამოვნებით წავალ. კარგი თამაში იყოს და სიამოვნებით წავალ. ის რაც გვაკლდა, გოლია.

- იყო რამდენიმე მომენტი, როცა საჭირო პასი არ გაკეთდა. ამაზე რას იტყოდით?

-ყველა ფეხბურთელს აქვს სურვილი, თავი გამოიჩინოს და თვითონ გაიტანოს გოლი. ამაზე რა უნდა ვთქვათ. ლოგიკურად უნდა შევხედოთ სიტუაციას. ალბათ ამაზე მეტი არ შეგვიძლია.

შემტევი სტილით ვთამაშობთ, ბოლო ორი თამაშია და ვერ ვიგებთ. მომენტებს ვქმნით და გოლები ვერ გაგვაქვს. კლასი არ გვყოფნის ამისთვის...

იმ გუნდს რომ ვერ მოუგებ გასვლაზე, რომელსაც წელიწადნახევარია, თამაში არ მოუგია, თავისთავად გული დაგწყდება. ბიჭები ეცადნენ, მაგრამ შედეგი სახეზეა.

- რას იტყოდით ვეტერან ფეხბურთელებზე? ზოგი კარიერის დასასრულშია გასული და მათი ახალგაზრდებით ჩანაცვლებას არ ფიქრობთ? მართალია, გუშინ 2-7 წავაგეთ, მაგრამ კარგიც გამოჩნდა მატჩში და ეს რამდენიმე ფეხბურთელია…

- კარგი გამოჩნდა მატჩში? სასაცილოა, კარგია ის რომ 2-7 წააგებ? ასეთი ანგარიშით წაგებაში არაფერია კარგი. ასე მეც შემიძლია 43 წლის კაცი გავიდე მოედანზე და ბურთი ვაგორაო.

- საერთოდ, რამე გვეშველება?

-გვეშველება თავისთავად მაგრამ მუშაობა უნდა ყველაფერს. ახალ მესის მე ვერ გავაჩენ. ვიმუშაოთ უნდა და შედეგებიც იქნება.

- ვინმეს ხომ არ გამოარჩევდით?

გამორჩევით არავის. გუნდია და გუნდურად უნდა მივუდგეთ საკითხს. საბოლოო ჯამში, ასეა თუ ისე, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ.

წყარო

კომენტარი