სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო ვარჯიში სლოვენიასთან შეხვედრამდე

მართალია, გუშინ ფეხბურთელებმა ცივი წყალი გადაგვასხეს, მაგრამ იმედია, დღეს კალათბურთელები ისევ გაგვახარებენ – კარგი თამაშით მაინც. სლოვენიის ნაკრებთან საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო ვარჯიში რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. როგორც “კურიერი” იტყობინება, იგორ კოკოშკოვმა დილის ვარჯიშზე კალათბურთელებს კონკრეტული ამოცანები დაუსახა – ფარქვეშ ბრძოლა და სამქულიანი ტყორცნები. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრები დღეს აქცენტს სწორედ სიზუსტეზე გააკეთებს.
მანუჩარ მარკოიშვილი: “ამ თამაშში ყველაფერი უნდა ჩავდოთ და, რა თქმა უნდა, ამას ვაპირებთ. ამის შემდეგ კი ორი თამაში შედარებით სუსტ მეტოქესთან გველის”.
თორნიკე შენგელია: “არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, რომელზეც გვითქვამს – მოდი, ამათთან მაინც წავაგებთ და ძალები შემდეგი თამაშისთვის შემოვინახოთო. ყველა თამაშისთვის თანაბარი მონდომებით ვემზადებით და სწორედ ეს უნდა გახდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლის საწინდარი”.
გიორგი ცინცაძე: “სლოვენიის ნაკრები მართლაც ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. რუსეთიც ფავორიტი იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და სლოვენია, ჩემი აზრით, უფრო სუსტი ნაკრებია, ვიდრე რუსეთი. ვნახოთ, იმედია, შეცდომებს აღარ დავუშვებთ”.
საქართველოს ნაკრები გადამწყვეტი თუ არა, ერთ–ერთი საკვანძო შეხვედრისთვის უკვე მზადაა, ქართველი გულშემატკივრები კი, რომლებსაც ადგილობრივმა პრესამ უკვე უწოდა ყველაზე ხმაურიანები, საყვარელი გუნდის მხარდაჭერისთვის ემზადებიან.
შეხვედრა კლაიპედაში თბილისის დროით 19.00 სთ–ზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100