მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატების ათეული

დიდ მხატვრებს, ძირითადად, რთული ცხოვრება ჰქონდათ. საზოგადოება არ აღიარებდა მათ უმრავლესობას, ეს მხატვრები კი ფინანსურ პრობლემებთან ერთად, საკუთარი საქმისადმი ფანატიკური სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ოდესღაც ხელოვანები უკანასკნელ კაპიკებს არა საკვებზე, არამედ საღებავებზე ხარჯავდნენ, ახლა კი კოლექციონერები მილიონებს არ იშურებენ ამ მხატვრების შედევრების მოსაპოვებლად. მოცემულ ათეულში არის ნახატები, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია და მსოფლიო საგანძურს წარმოადგენს.

პირველ ადგილზე პოლ ჯექსონ პოლაკის 140 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული “No. 5, 1948“-ია. პოლაკის ნახატების არსი ტილოზე საღებავების უწესრიგოდ მიმოსხმაში მდგომარეობს, ნახატს ფუნჯი არ ეკარება. ამ მიმდინარეობას „ჩამოსასხმელი ტექნიკა“ ეწოდება და მისი ავტორი, თავად პოლ ჯექსონ პოლაკია. 1948 წელს დაწერილი ნახატი 2006 წელს გაიყიდა „სოთბის“ აუქციონზე და დღემდე ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება.

მეორე ადგილზე უილიამ დე კუნინგის „ქალი III“-ია რომელიც 137,5 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. დე კუნინგი პოლ პოლაკის მეგობარი და თანამედროვე იყო. აღნიშნული ნახატი მხატვრის სერიული კოლექციიდან ერთ-ერთია, ეს კოლექცია კი ქალბატონებს ეძღვნება. ტილო 1951-1953 წლებშია შექმნილი.

გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერ-ის პორტრეტი I“ ათეულის მესამე ადგილს იკავებს და 135 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ნახატი კლიმტის შედევრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, მას „ოქროს ადელ“-სა და „ავსტრიულ მონა ლიზა“-საც კი უწოდებენ. ნამუშევარი 1908 წლით თარიღდება და იგი ადელ ფერდინანდ ბლოხის მეუღლის შეკვეთითაა შესრულებული.

მეოთხე ადგილზე პაბლო პიკასოს ცნობილი, „ბიჭი ჩიბუხით“ არის. ტილო 104,1 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. ნახატი 1905 წელს დაიწერა და მასზე პარიზელი ბიჭუნა, ჩიბუხით ხელში არის გამოსახული. ბიჭს თავზე ყვავილების გვირგვინი ადგას.

მეხუთე ადგილზე კვლავ პაბლო პიკასო, არანაკლებ ცნობილი ნახატით, „დორა მაარი კატით“ არის. შედევრი 95,2 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. დორა მაარი კი ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი იყო. იგი პიკასოს მუზა და მეგობარი გახლდათ. ნახატი 1941 წელსაა შესრულებული.

მეექვსე ადგილს გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერ-ის პორტრეტი II“ განეკუთვნება. ნახატი 87,9 მილიონი დოლარი ღირს. ადელ ბლოხ-ბაუერი იყო ერთადერთი ქალი, რომელიც კლიმტმა ორჯერ გამოსახა თავის ტილოებზე.

ფრენსის ბეკონის 86,3 მილიონ დოლარად შეფასებული „ტრიპტიქი“ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ნახატი 1976 წლით თარიღდება. იგი 2008 წელს რომან აბრამოვიჩის საკუთრება გახდა.

მერვე ადგილს ვინსენტ ვან გოგის „ექიმი გაშეს პორტრეტი“ იკავებს. ნახატი 82,5 ათასი დოლარი ღირს. იგი მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ თვეში დახატა და მისთვის ერთ-ერთ უახლოეს ადამიანს, თავის ფსიქიატრს მიუძღვნა.

მეცხრე ადგილზე კი კლოდ მონეა თავისი „ტბა წყლის ლილიებით“. ნახატის საწყისი ფასი 2008 წლის „კრისტი“-ს აუქციონზე 35-დან 47 მილიონ დოლარამდე იყო, მაგრამ ტილი 80,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რაც შეეხება მეათე ადგილს, იგი ჯასპერ ჯონსის „ფალსტარტს“ ერგო. ნახატი 1959 წელსაა შესრულებული და 80 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს.

კომენტარი