გული, როგორც ასეთი!...

ის პატარა გულით დაიბადა. იზრდებოდა და ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ იცოდა, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დადგებოდა ზღვის წინ თავისი გულით, გაიაზრებდა, თუ როგორი პატარა და უმნიშვნელო იყო ამ უსასრულო სამყაროში, მაგრამ როგორი აუცილებელი ადამიანებისთვის. ის არასდროს უღებდა ხოლმე უგულო ადამიანებს თავის გულის კარს, მაგრამ მათ დახმარებას მაინც ცდილობდა. ყოველ შემოდგომას გული ურიცხვ მოსავალს იღებდა. მასთან ბევრი მოხუცი ადამიანი მიდიოდა თავიანთი დამჭკნარი გულებით, მაგრამ მას მათი არ ესმოდა, მათ სიცხისგან შეგუბებულ გულებში ნიავი აღარ იძვროდა, უსიცოცხლოდ მიმკვდარიყო სიო, რომელიც ვეღარ აჩერებდა და აჯადოებდა ჯიუტად მიმავალ დროს. ამის მიუხედავად ის მზად იყო ყველას დახმარებოდა.
მათ დაგლეჯილ გულს უხორცებდა. ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ბებერ ხეებთან და უკან დაბრუნებისას მასზე გულის ფორმის ანაბეჭდებს ტოვებდა. მან ყოველთვის იცოდა, რომ გული- სიყვარულის საზომი იყო, თუმცა ბოლომდე ვერ აცნობიერებდა ამას და თავისთავად არსებობდა.

ერთ დღეს სხეული უცბად ყინულად გადაექცა. მიხვდა, თურმე ყველა ასეა, თითოეული ადამიანი ოდესღაც მარტო დარჩება საკუთარ თავთან. მან თავად იგრძნო, რომ უცბად დგება დღე, როცა შენ გარშემო ყველა გული კვდება, სათითაოდ გესმის თითოეულის განწირული ხმა. წყდება ერთი, მერე-ორი, სამი, ოთხი, ვიდრე თავსხმა წვიმასავით არ მოზღვავდება, შენი გული უკანასკნელი იქნება. ქარს დაელოდები, რომ ნება-ნება დაგარწიოს, შენს ზეციურ სამყოფელს მიგაშუროს. სანამ შენი გული გაჩერდება, უკვე დავიწყებული გექნება, რომ ოდესმე სხვებიც არსებობდნენ შენს გულში, მაგრამ უცბად, გახსენდება ის, რომ პატარა ნაპერწკალიც კი, რომელსაც შენს გულში გაუვლია, ან თუნდაც მის ახლოს მისულა, სადღაც მაინც გროვდება, უშორეს სივრცეში განიბნევა და შორეულ ცენტავრაზე რომ გაფრინდე, შეიძლება ნახო, მაგრამ იქ თუ ვერა, მთელი სამყაროს გაჩხრეკა მოგიწევს და შენ აუცილებლად აღმოაჩენ ყველა ადამიანის გულს სადმე პირამდე სავსე, მრავალუჯრიან ფიჭაში.

ამ დღის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია. შემოდგომის ერთ მაგიურ დღეს, სხეულის თითქმის ყველა ორგანო გაეყინა და მოკვდა, გარდა გულისა.
მოსავალი არავის აუღია…

კომენტარი