კონსტანტინე გამსახურდია: „არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი“.

კონსტანტინე გამსახურდია რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა მთლიანად ქართულ მწერლობაში და, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნის მწერლებს შორის, ამაზე დავა არ ღირს. რასაკვირველია, არ გავკადნიერდებით და ამ მცირე სტატიაში მისი შემოქმედების ანალიზს არ ვცდით.

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა და გვინდა, მისი ხასიათის ერთ-ერთ დამახასათებელ შტრიხზე - ორიგინალურ იუმორზე გესაუბროთ და მის შემოქმედებასა და ცხოვრებაში არსებული იუმორისტული პასაჟები გავიხსენოთ.

კონსტანტინე გამსახურდია თვითონ იყო ლეგენდა, ლეგენდაზე ლეგენდების მოყოლა და გავრცელება კი ხალხს ძლიერ უყვარს. სტატიას თან დართული მოგონებებიც, რომლებიც თამაზ ვერულავას ბლოგიდან („ბურუსი“) ავიღეთ, იუმორისტული შინაარსისაა. მათგან ზოგი სინამდვილეში მოხდა, ზოგი კი მოგონილია.

ლეგენდები და მითები მასზე უამრავია. ერთ-ერთი მათგანი სტალინსა და ბერიასაც უკავშირდება. ერთხელ, თურმე, ბერია სტალინთან ინიციატივით შესულა, კონსტანტინე გამსახურდიას თავს გაუვიდა და უნდა მივხედოთ, ეს საქმე მე მომანდეო. სანამ მიხედავ, მისი რამე წიგნი მოატანინეო - უთქვამს სტალინს. მოუტანეს თურმე, ერთ-ერთი რომანი. სტალინი კაბინეტში შეიკეტა და ბერია პასუხზე დილით დაიბარა. დილით მისულ ბერიას სტალინი თვალებჩაწითლებული დახვდა: თურმე წიგნისთვის თვალი ვერ მოუწყვეტია და კაბინეტში გაუთენებია, რათა ბოლომდე წარკითხა. „კარგი, ლავრენტი, მიხედე...“, - უთქვამს სტალინს ბერიასთვის და იქვე დაუყოლებია: - „ოღონდ, ისე არა, როგორც შენ იცი ხოლმე მიხედვა...“ - ასე გადაურჩა კონსტანტინე გამსახურდია, მინუმუმ, გადასახლებას და მაქსიმუმ - დახვრეტას.

ბერიას და გამსახურდიას ნამდვილად არ ჰქონიათ იდეალური ურთიერთობა. ამაზე კიდევ ერთი ლეგენდა არსებობს, რომელსაც ზოგიერთები იჯერებენ, ზოგიერთები კი - არა. 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე შავი ჩოხით დადიოდა, გლოვის ნიშნად. ბერიას შეუთვლია - ეგ შავი ჩოხა გაიხადე, შენი მაგალითი გადამდებია და ყველა მოგბაძავსო. პასუხად კონსტანტინეს შეუთვლია, ჩემი ჩოხა შენ ხომ არ გიჭერს წელზეო...

კონსტანტინე ხშირად ამბობდა, რომ კრიტიკის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა და ყურადღებას არ აქცევდა ახალგაზრდა თუ ჭარმაგი, საბჭოთა ეპოქის მეხოტბე კრიტიკოსების გამოხტომებს, რომლებიც მის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. მაგრამ როცა ძალიან შემოუტევდნენ და გაამწარებდნენ, კონსტანტინეს საკუთარი, ზეგარდმო არსით მომადლებული უბადლო იუმორის გრძნობა პუბლიცისტიკაში გადაჰქონდა, ცინიზმსა და სარკაზმში აზავებდა და დაუნდობელი ხდებოდა.

„კ. გამსახურდია ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამშვინველს სიცილის მეშვეობითაც სწვდებოდა. მწერლის აზრით „არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი“. მან ცხოვრებისეულ კრედოდ გაიხადა დანტე ალეგიერის სენტენცია „სიცილი სულის ტაროსია“. ამიტომაც ის უაღრესად სასოწარკვეთილების ჟამსაც არ კარგავდა იუმორის გრძნობას და სიცილის ხალისს. 1924 წელს მეტეხის ციხეში გამომწყვდეულმა მწერალმა იუმორისტული კედლის გაზეთიც შეადგინა და მეგობრებს გულიანად აცინებდა. არადა, მოგვიანებით, როგორც სანდო წყაროებიდან შეიტყო, თურმე დასახვრეტთა სიაში ყოფილა გამწესებული.

მწერალი არც 1937 წლის რეპრესიების სუსხიან დღეებში ღალატობდა იუმორს. როცა დააპატიმრეს, „სახელგამის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლიდა გასვიანი და სასტიკად აწამეს, ქალის ბუნებამ ვერ გაუძლო და მანაც თავის თანამოაზრეებში და თანამზრახველებში კ. გამსახურდია დაასახელა. საქმეში კ. გამსახურდიას ოქმიც იყო. დაკითხვაზე გამომძიებელმა კითხვა დაუსვა:

- რატომ დაგასახელათ ქალბატონმა ლიდა გასვიანმა?

- ახალგაზრდობაში მომწონდა, მერმე ცოლად არ შევირთე და ალბათ ამიტომო – ცრემლნარევი ხუმრობით უპასუხა გამომძიებელს მწერალმა.

კ. გამსახურდიას ათეული წლების მანძილზე ჰქონდა მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებთან. მწერალს უყვარდა მათთან მუსაიფი, ანეგდოტების მოყოლა. ზოგჯერ ფრთიან ფრაზას ესროდა რედაქციაში მოფუსფუსე ჟურნალის თანამშრომლებს:

- „რას იქთ, ვოჟებო, ვის ჯღანავთ ახლა!“ – „ნიანგელებიც“ ჩვეული იუმორითა და ხალისით პასუხობდნენ ქართული პროზის დიდოსტატს, და როდესაც მორიგ „დაჯღანულ“ სახეს აჩვენებდნენ, მისი გოროზობიდან ნატამალიც არ რჩებოდა, ისეთი სითბოთი და ალერსით გაუნათდებოდა სახე.“ - წერს ლადო ჭანია.

კ. გამსახურდიასა და ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლობა ზოგჯერ მუქ ფერებშიც ვითარდებოდა. მწერალს ზოგჯერ „ნიანგის“ ოხუნჯობაზეც მოსდიოდა ბრაზი. როცა ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, „ნიანგმა“ გამოაქვეყნა კარიკატურა, სადაც კ.გამსახურდია ჩოხა-ახალუხშია გამოწყობილი და თეთრ ცხენზეა ამხედრებული, გვერდით მწევარი მოჰყვება ღვედით, წარწერა კი ასეთია:

სწავლულებთან სიარულში გამსახურდი, კოსტა, -
და ჩადექი რიგში აკადემიკოსთა.

გამსახურდიას ამჯერად სერიოზულად მოსვლია გული საჯაროდ იმუქრებოდა, „ყური უნდა მოვაჭრა „ნიანგის“ რედაქტორს, ძველმა ქართველებმა ასე იცოდნენო“. საერთოდ, მწერალს ხშირად ხატავდნენ, მიმინოთი ხელში, გაძვალტყავებულ ცხენზე ამხედრებულს, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. მწერალს არც ის მოეწონა, „ნიანგელებმა“ დანტეს ბიუსტზე მისი და კონსტანტინე ჭიჭინაძის კარიკატურები რომ გამოხატეს, ნიშნად მათ მიერ დანტე ალეგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ „უსუსური“ თარგმანისა. თუმცა მწერალი წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა, მღელვარებას ისევ სიცილით იქარვებდა და მათი ურთიერთობა ჩვეულ შემოქმედებით კალაპოტში დგებოდა.

ცრუ-ნამდვილი ამბები მავანთა მოგონებებიდან

მწერალთა კავშირში ერთ–ერთ, კომუნისტური წყობის მეხოტბე ქართველ პოეტზე მოხსენებას კითხულობენ. დარბაზში ქართული მწერლობის მთელი ელიტა ზის. ამ დროს ორატორი მისი მოხსენების ადრესატი მეხოტბე პოეტის მისამართით ამბობს: „...ის რევოლუციის ცეცხლოვან რაშზეა ამხედრებული!“. ბუნებრივია, ენაკვიმატმა მწერლებმა ასეთი ფრაზის გაქილიკების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და დარბაზიდან კონსტანტინემ წამოიძახა: „ვაჰ! მერედა, ტ..კი არ ეწვის?“. მეორე აჰყვა: „ეწვის, მაგრამ ტ..კს რევოლუციას სწირავს!..“. მესამემ კი იკითხა: „კი, მაგრამ, რაღა ტ..კს სწირავს, თავი შესწიროს!..“. ამ დროს წინარიგში მჯდომმა გალაკტიონმა წვერზე ხელი ჩამოისვა და ყველა გაისუსა – მიხვდნენ, რომ რაღაც გამანადგურებლად ენაკვიმატი ფრაზის თქმას აპირებდა და გალაკტიონმაც არ დააყოვნა: „მაგას, ირაკლი აბაშიძის არ იყოს, თავი და ტ..კი გაერთიანებული აქვს...“

გალაკტიონი და კონსტანტინე თურმე წაღვერში ისვენებდნენ. ყოველდღე კონსტანტინე გალას ასე ესალმებოდა:

- გამარჯობა ლომო!

გალა პასუხობდა:

- გაგიმარჯოს ვეფხვო!

ასე გრძელდებოდა კარგახანს. მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა. სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:

- გამარჯობა ვეფხვო!

გალაკტიონმა უპასუხა:

- გაგიმარჯოს კოწია!

გალაკტიონი და კონსტანტინე გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე. დარბაზში სხედან, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას და ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ...“ - ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა: „შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?“ „არა, შენ?“-დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ. „არა, არც მე“, - ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა. კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მისთვის და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა: „აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?“

ამბობენ, რომ კონსტანტინემ ერთხელ პატარა ზვიად გამსახურდია სტუმრებს წარუდგინა, დასვა სკამზე და ხალხს როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ისე გააცნო.

აკაკი ბაქრაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. სამეცნიერო ხარისხის მოპოვებისთვის ბრძოლის მარათონში ჩაბმა არც უფიქრია. არადა, ასეთი ბრძოლის, ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს მოკლებული ბრძოლის გარეშე, სამეცნიერო ხარისხის მოპოვების ალბათობა ნაკლები იყო.

უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, საკანდიდატო მინიმუმისთვის საჭირო გამოცდები ჩააბარა. დაწერა სადისერტაციო ნაშრომი – “მითი კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში”. ნაშრომის მიღებაზე უნივერსიტეტმა უარი განაცხადა – იმ პერიოდში სიტყვა “მითის” ხსენებაც კი აკრძალული იყო.

“სამაგიეროდ, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა ეს ნაშრომი (კაკომ თავად გაუგზავნა), კაკო და ზურაბ კიკნაძე შინ, სადილზე, დაპატიჟა. ბატონმა კონსტანტინემ კაკოს უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მის სიცოცხლეში ერთმა ადამიანმა მაინც მოახერხა მისი ნაწარმოებების სწორად წაკითხვა”, – იხსენებს აკაკის მეუღლე, ქალბატონი ნელი.

კონსტანტინე გამსახურდია კომუნისტებს გზადაგზა როგორც ძაღლებს ხორცს, ისე უგდებდა “ვაზის ყვავილობას”, რათა დაეწერა “დავით აღმაშენებელი”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “მთვარის მოტაცება”

კონსტანტინე რეპრესირებული იყო მთელი ცხოვრება. კომუნისტების საზეიმო დღეს, 7 ნოემბერს შავი ჩოხით დადიოდა და ლობიოს ახარშვინებდა მეუღლეს, მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად, სტალინის დროსაც და ბრეჟნევის დროსაც.

კონსტანტინე გამსახურდია რუსულ ენაზე მარტო თავის ძაღლს ესაუბრებოდა – ძაღლს ძაღლურად უნდა ელაპარაკოო!

ცნობილია, რომ კოწია საკმაოდ ხელმოჭერილი კაცი იყო. ერთხელაც ერთმა ტაქსისტმა, რომელსაც კონსტანტინემ ზედმეტი არ გადაუხადა, ვითომ მისი “შერცხვენა გადაწყვიტა და ასე უთხრა:
- აქ, ამ სახლში ერთი ახალგაზრდა კაცი (ე.ი.ზვიადი) მომყავს ხოლმე და ყოველთვის კარგად მიხდის.
- იმას მამა აკადემიკოსი ყავს და მე საწყალი კი ობოლი ვარ, – მიახალა კონსტანტინემ ტაქსის მძღოლს.

- ბატონო კონსტანტინე, გვერდწითელმა გაგაკრიტიკათ.
- სულ წითლებმა რა დამაკლეს და გვერდ წითელმა რა უნდა მავნოს.

დიმიტრი გულია ამბობდა: მე აფხაზი ვარ, რადგან აფხაზეთში დავიბადეო. რაზეც კონსტანტინემ ასე უპასუხა: “თავლაში რომ დაბადებულიყავი, ცხენი იქნებოდი?”

სიმონ ჯანაშიამ აფხაზებს ანბანი შეუქმნა.
“იმ ერს რა ვუთხარი, რომელსაც ანბანის შემქმნელი ცოცხალი ეყოლება, – ამბობდა კონსტანტინე.

ერთხელ კონსტანტინემ სატელევიზიო ეთერით გამოსვლის დროს სკანდალური განცხადება გააკეთა:
-”ყველა ლამაზი ქალი ბოზია”- უცებ გამორთეს სატელევიზიო ეთერი.

ცნობილია, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ ფილმად გამსახურდიას დროს გადაიღეს. ამ ფიმთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგენდები. ერთ-ერთის თანახმად, შორენა კოლონკელიძის როლზე მსახიობის შესარჩევად კონსტანტინე თვითონ დადიოდა სკოლებში და უფროსკლასელებში შორენას მისეული წარმოსახვის მსგავსს ეძებდა, ბოლოს კი შეარჩია. მაგრამ არსებობს შებრუნებული ვერსიაც: როცა კონსტანტინეს მხატვრულ ფილმად გადაღებულ „დიდოსტატზე“ აზრი ჰკითხეს, ასე უპასუხა: „მაგ ფილმში ნებიერას გარდა, ვერავინ ვიცანი...“

როგორც გახსოვთ, „ნებიერა“ ნაწარმოებში შორენას შვლის ნუკრს ჰქვია...

კომენტარი