„უცნობი ქალი“: ბესტუჟევის მეუღლე თუ ცნობილი ქართველი თავადიშვილი

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ივან კრამსკოის „უცნობი ქალი“. ზოგს მისი რეპროდუქცია ახლაც კი სახლში უკიდია. მაინც ვინ იყო რუსი პერედვიჟნიკი მხატვრის ივან კრამსკოის მუზა? რატომ აქვს ამ ქალს მედიდური გამოხედვა? ამაზე რამოდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ უმრავლესობა იმ ვერსიას ანიჭებს უპირატესობას, რომ ეს იყო თავად ბესტუჟევის მეუღლე.


კურსკის გუბერნიის ფატეჟის მაზრაში იყო თავად ბესტუჟევების მამული. მათ დიდი ნათესაობა ჰყავდათ, როგორც სანკტ-პეტერბურგში, ასევე სხვა ქალაქებშიც. ერთხელ ამ მამულს ეწვია სანკტ-პეტერბურგელი ნათესავი, რომელმაც კავკასიაში დაასრულა სამსახური და შინ ბრუნდებოდა. ახალგაზრდა ბესტუჟევი მოიხიბლა მემამულის მოახლე ქალის სილამაზით, რომელიც ახლო სოფლიდან იყო მოყვანილი. ქალიც გულგრილი არ იყო ახალგაზრდის მიმართ. ბესტუჟევს სტუმრობა გაუგრძელდა და მიზეზი დიასახლისს გაანდო, რომელიც აღშფოთდა: როგორ შეიძლებოდა უბრალო გლეხის ქალის შეყვარება, ვერ წარმოედგინა.

ბესტუჟევმა თავისი გაიტანა და მატრონა სავიშნა პეტერბურგში ჩაიყვანა. ოჯახს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბედს შეეგუენ და გადაწყვიტეს, რძალი საზოგადოებისთვის მისაღები გამხდარიყო. დაუქირავეს მასწავლებელი ელემენტარული განათლების მისაღებად, ასწავლიდნენ ეტიკეტს, ცეკვას. ქალს აღმოაჩნდა სასიამოვნო ხმა. მისი სილამაზე ყველას ატყვევებდა. გახშირდა სტუმრიანობა მათ სახლში. ივან კრამსკოისაც მოსწონდა ქალი და ამიტომ რამოდენიმეჯერ ესტუმრა მათ.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს კარი მასპინძელმა გაუღო. დიასახლისი სახლში არ იყო და ბესტუჟევმა ჩაიზე შეიპატიჟა. ამ დროს კარები გაიღო და სახლში ალანძული, აღელვებული მატრონა შემოვიდა. სანამ ქმარი ქურქს ხდიდა, მან რამდენიმეჯერ წამოიძახა: „ოჰ, რომ იცოდეთ, როგორი შეხვედრა მქონდა!“. მიუსხდნენ მაგიდას და ქალი მოჰყვა, რომ გზაში გადაჰყრია ყოფილ დიასახლისს, რომელმაც იცნო ყოფილი მოსამსახურე და ისეთი მზერით შეუხედავს, უგრძნობინებია - ბედს გწიე და ჩემი მადლიერი უნდა იყოო. მატრონა სავიშნას ბევრი მწარე დღე ახსოვდა ქალბატონისაგან და გადაწყვიტა დამოუკიდებელი და ამაყი სახით ევლო მისთვის გვერდი.

მონათხრობმა მხატვარზე შთაბეჭდილება მოახდინა და ვინაიდან ისედაც განზრახული ჰქონდა ქალის სურათი დაეხატა,შეეცადა ქალის სილამაზესთან ერთად მისი სულიც წარმოეჩინა. თუ როგორ გამოუვიდა ეს, ამაზე ხელოვნებათმცოდნეები დღემდე დაობენ.

მატრონას კი არ აეწყო ქმართან ცხოვრება. ქმარმა რამოდენიმე დუელში მიიღო მონაწილეობა, მართალია, საქმე ბოლოს შერიგებებით მთავრდებოდა, მაგრამ ამას ოჯახში მღელვარება და უსიამოვნება მოჰქონდა. ამას დაემატა შვილის სიკვდილიც. ნათესავებს არაქრ მოსწონდათ მატრონა და შუამდგომლობა შეიტანეს ეკლესიაში ჯვრისწერის გაუქმებაზე.ამას მიაღწიეს კიდეც.

კრამსკოიმ ეს რომ გაიგო, თავის მოვალეობად ჩათვალა, მოენახულებინა მატრონა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მშობლიურ სოფელში დასთან გამგზავრება და მხატვარს შეპირდა, წერილებს მოგწერო. წერილი არ გამოუგზავნია. კრამსკოიმ თვითონ მისწერა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და გადაწყვიტა ქალის მონახულება. ფეტეჟში მან გაიგო, რომ ქალი არც ჩასულა დასთან, გზაში დაავადდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი ახლომდებარე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.

არსებობს ამ პორტრეტთან დაკავშირებული კიდევ ერთი, საქართველოსთან დაკავშირებული, არანაკლებ საინტერესო და სარწმუნო ვერსია. ამ ვერსიის თანახმად, სურათზე გამოსახული ქალი ქართველი თავადის ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილია,რომლის მამაც გაჰყვა ვახტანგ მეექვსეს რუსეთში და იყო მის ამალაში, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ დარჩა იმპერატორის კარზე. ერთ-ერთი ვერსიით, არც მეტი, არც ნაკლები, მას თვითონ იმპერატორი, ნიკოლოზ პირველი ეტრფოდა და მან ქალს ძვირადღირებული კამეაც აჩუქა, სადაც თვითონ ვარია იყო გამოსახული და ეწერა: "ის, ვინც მე ავირჩიე". მოგვიანებით ვარია თურქესტანოვა, იგივე ბარბალე თურქესტანიშვილი, კრამსკოიმ სწორედ ამ კამეადან დახატა და, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი დეტალებიც მიამატა.

არ გეგონოთ, რომ ამას მხოლოდ ქართველები ამტკიცებენ, ასე სულაც არ არის. ასე მაგალითად, ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, იგორ ობოლენსკიმ ახლახან გამოსცა წიგნი, რომლის გარეკანზე სწორედ ეს პორტრეტია გამოსახული. წიგნს „სილამაზის ბედი - ქართველი ცოლების ისტორია“ ჰქვია. თვითონ ობოლენსკი წერს:

„ახლა, როცა მე ტრეტიაკოვის გალერეაში ვარ, სურვილი მიჩნდება, მომსახურე პერსონალს შევეხმიანო და შევთავაზო პორტრეტის სახელწოდება შეცვალონ. და დააწერონ, რომ დიდი ოსტატის ტილოზე გამოსახულია საკმაოდ ცნობილი ქართველი თავადის ქალი, ბარბარა თურქისტანიშვილი, ვისმა ბედისწერამაც ამ პორტრეტის შექმნისკენ უბიძგა ივან კრამსკოის...“

ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, სხვა დაინტერესებული პირები, ალბათ დიდხანს იდავებენ იმაზე, ვინ გამოსახა სინამდვილეში ტილოზე კრამსკოიმ. თვითონ მხატვარი ცოცხალი თავით არ ამხელდა, ვინ იყო ეს ქალი - მან ეს საიდუმლო საფლავში ჩაიტანა.

თქვენ კი შესაძლებლობა გაქვთ, ერთმანეთს შეადაროთ "ოცნობი ქალისა" და ბარბარა თურქესტანიშვილის სახეები და მსგავსება-განსხვავებაზე ყველასგან დამოუკიდებლად იმსჯელოთ...

კომენტარი